ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ პაისი: ნატოს ცნობით, პროგრესის მისაღწევად ძირითადი პირობა, უკრაინაში და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების უკან გაწვევაა


სააგენტო „როიტერი“ ესპანურ გაზეთ „ელ პაის“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონფიდენციალური დოკუმენტების თანახმად, რომლითაც ვაშინგტონმა და ნატომ რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნებს უპასუხეს, ვაშინგტონი მზად არის იმსჯელოს დაპირებაზე, რომ უკრაინაში სახმელეთო ბაზირების რაკეტებს და საბრძოლო შენაერთებს არ განალაგებს, თუ რუსეთიც იგივეს გაკეთებას დათანხმდება.

„ელ პაის“-მა არ თქვა, თუ დოკუმენტები როგორ მოიპოვა.

გაზეთის ვებ-გვერდის ასლის თანახმად: „შეერთებული შტატები მზად არის განიხილოს წინაპირობებზე დაფუძნებული, ორმხრივი გამჭვირვალე ზომები და შეერთებული შტატებისა და რუსეთის ორმხრივი ვალდებულებები, რათა უკრაინის ტერიტორიაზე სახმელეთო ბაზირების შემტევი რაკეტების და საბრძოლო დანიშნულების მუდმივი ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ“, ნათქვამია ამერიკულ დოკუმენტში.

გაზეთში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატები და ნატოელი მოკავშირეები მზად არიან ასევე განიხილონ ორმხრივი ზომები, რომელიც ჰაერში და ზღვაში საშიში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად იქნება გამიზნული და დაარწმუნონ მოსკოვი, რომ რუმინეთში და პოლონეთში „ტომაჰავკი“ ფრთოსანი რაკეტები არ არის განლაგებული.

რუსეთისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში, შეერთებულმა შტატებმა რუმინეთსა და პოლონეთში არსებულ სარაკეტო ობიექტებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა შესთავაზა იმ პირობით, თუ მოსკოვი რუსეთში არსებულ ორ ობიექტთან მიმართებაშიც იგივეს გააკეთებს.

ნატოს დოკუმენტში, 30 წევრიანმა ალიანსმა განაცხადა: „არსებითი პროგრესის მისაღწევად ძირითადი პირობა, უკრაინაში და მის გარშემო თავმოყრილი რუსული სამხედრო ძალების უკან გაწვევაა.“

XS
SM
MD
LG