ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ლონდონს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს


ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე.
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე.

ლონდონში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა სცადა. დილომატიურმა მისიამ რუსეთის შიდა საქმეში ჩარევად ლონდონის მიერ იმ პირებისთვის სანქციების დაწესება მიიჩნია, რომლებიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ.

„რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების შესახებ, ბრიტანეთის ხელისუფლების ბოლო გადაწყეტილებას, რუსეთის საშინაო საქმეებში დაუშვებელი ჩარევის მცდელობად მივიჩნევთ“ - ნათქვამია რუსეთის საელჩოს მიერ, „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განხადებაში.

ბრიტანეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ექვს მოქალაქეს, მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა. მიიღო მათი აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც. მათ შორის სამი მოსამართლეა. მას შემდეგ, რაც კარა-მურზა რუსეთის სააპელაციო სასამართლომ 25-წლიან პატიმრობაში დატოვა, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო.

კარა-მურზა რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, ასევე ფლობს ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტსაც და ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ის რუსეთში დაბრუნდა. დაკავებამდე კარა-მურზამ ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენს“ ინტერვიუ მისცა და პუტინის მთავრობა „მკვლელ რეჟიმად“ მოიხსენია. ინტერვიუდან რამდენიმე საათში ის დააკავეს.

კარა-მურზა რუსულ პოლიტიკაში წლების წინ ბორის ნემცოვთან ერთად გამოჩნდა, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. კარა-მურზა ამტკიცებდა, რომ ის 2015 და 2017 წლებში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მოწამლა. კარა-მურზა მოწამვლაში ბრალს რუსეთის ხელისუფლებას სდებს. კრემლი კი ოპოზიციონერზე თავდასხმის და პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG