ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: სამხრეთ ოსეთში მოსკოვის სამშვიდობო მისია წარმატებული მოდელია


რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკა საქართველოსკენ გადაადგილდება, არდონის ხეობა, 2008 წლის 9 აგვისტო.
რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკა საქართველოსკენ გადაადგილდება, არდონის ხეობა, 2008 წლის 9 აგვისტო.

14 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მისია „მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამშვიდობო ოპერაციად. ამ ოპერაციის წარმატებული გამოცდილება გამოყენებული იქნა სხვა კონფლიქტების დასარეგულირებლადაც."

სამინისტრომ ამ განცხადებით რუსეთის ჯარების საქართველოში, „სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ოპერაციაში“ მონაწილეობის 25 წლისთავი აღნიშნა.

"ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფლების" ერთობლივი ფაქტების დამდგენი და საგამოძიებო პროექტი Polygraph.info წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან პირველ რიგში, კრემლის სამშვიდო კონტინგენტის მისია განცხადებაში არასწორადაა წარმოდგენილი და ამასთან, სრულიად გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

„ერთობლივი სამშვიდობო ოპერაცია სამხრეთ ოსეთში სრულიად წარუმატებელი იყო,“ უთხრა Polygraph.info-ს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ. „ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მანდატი არასწორად იყო შედგენილი - კონფლიქტის მონაწილე მხარე (რუსეთი) წარმოდგენილი იყო როგორც შუამავალი.“

სამშვიდობო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში, მანამ სანამ კრემლის პოლიტიკური ნება იყო, წარუმატებლად არ შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტამდე, სანამ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი მხარედ არ იქცა.
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე

მოსკოვის ამ ორმაგმა როლმა, ქუთელიას თქმით,„სამშვიდობო ოპერაცია რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მანიპულირების მექანიზმად აქცია.“

ერთობლივი სამშვიდობო ძალები 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ის ასევე ცნობილია, როგორც სოჭის შეთანხმება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის და უსაფრთხოების დერეფნის საზღვრები დაადგინა. შეთანხმებამ ასევე დააარსა ერთობლივი კონტროლის კომისია.

სამხრეთ ოსეთის სეპარტარისტული შეიარაღებული დაჯგუფების ჯარისკაცი, 2004 წლის 1 აგვისტო
სამხრეთ ოსეთის სეპარტარისტული შეიარაღებული დაჯგუფების ჯარისკაცი, 2004 წლის 1 აგვისტო

ერთობლივი სამშვიდობო ძალა სამი მხარისგან შედგებოდა და რუსეთის სარდლობას ექვემდებარებოდა. მასში 1320 სამხედრო მოსამსახურე შედიოდა, საიდანაც 500 რუსეთიდან იყო, 320 საქართველოდან და 500 ჩრდილოეთ ოსეთიდან. იმ დროისთვის, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკების ოფიციალურ მხარედ არ იყვნენ აღიარებული, რის გამოც, სამხრეთ ოსეთის შემადგენლობა ჩრდილოეთ ოსეთის კონტიგენტში მსახურობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცება, რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული სამშვიდობო ოპერაციაა, სიმართლე არ არის, განუცხადეს ექსპერტებმა Polygraph.info-ს.

„სამშვიდობო ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის საჭირო გარემოს შექმნას,“ თქვა ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ. „სამშვიდობო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში, მანამ სანამ კრემლის პოლიტიკური ნება იყო, წარუმატებლად არ შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტამდე, სანამ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი მხარედ არ იქცა.“ მას შემდეგ, რაც რუსმა სამშვიდობოება „ცალმხრივად, ერთი მხარის სასარგებლოდ ‘დაარეგულირეს’ კონფლიქტი, გამოდევნეს ადგილობრივი მოსახლეობა და 1993 წელს შეუქმნეს ოს სეპარატისტებს ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების პირობები, ეს აღარ იყო სამშვიდობო პროცესი.“

ერთობლივმა სამშვიდობო ძალამ საკუთარი მისიის უმთავრესი ნაწილის შესრულება ვერ შეძლო. ეს ამოცანა ქართულ-ოსური კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევის მონიტორინგი და აღკვეთა იყო.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელსაც 2008 წლამდე, სხვადასხვა დროს, რვამდე დამკვირვებელი ჰყავდა კონფლიქტის ზონაში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე იყო. ამ მოლაპარაკებაში რუსეთიც მონაწილეობდა.

ეუთოს კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ინა პარვანოვამ, Polygraph.info-ს უთხრა, რომ „არცერთი კონფლიქტი ერთმანეთს არ ჰგავს, რაც ართულებს ერთი სამშვიდობო ოპერაციის მეორესთან შედარების საკითხს.“

პარვანოვამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიის მთავარი მიზანი მშვიდობის შეინარჩუნებაა. „მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ზოგჯერ მაინც ხდებოდა, სამშვიდობო ოპერაცია (ცხინვალის რეგიონში) რამდენიმე წლის მანძილზე წარმატებული იყო, რადგან არ მომხდარა ფართომასშტაბიანი შეტაკება. თუმცა, მიუხედავად ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნისა, იქ 2008 წელს კიდევ ერთი კონფლიქტი წარმოიქმნა, რასაც საბოლოო ჯამში, სამშვიდობო მისიის დასრულება მოჰყვა,“ თქვა ეუთოს წარმომადგენელმა.

ეუთოს მონიტორინგის მისია საქართველოში 2009 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც რუსეთმა 56 ქვეყანისგან შემდგარი ორგანიზაციის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო.

სალუქვაძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ოსურ არმიას იარაღით და სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფდა. „რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტმა, როგორც მინიმუმ ვერ უზრუნველყო კოკოითის ბანდების შეჩერება, როცა თვეების განმავლობაში ქართველ მოსახლეობას ცეცხლს უხსნიდნენ. თუ რუსული კონტიგენტი მხარე არ იყო, მაშინ მას ეს უნდა აღეკვეთა. ცელცხლის აღკვეთა ზუსტად სამშვიდობო კონტიგენტის ფუნქციებში შედიოდა,“ დასძინა ბრიგადის გენერალმა.

ოსი ჯარისკაცები რუსულ ტანკზე, ცხინვალი, 2008 წლის 11 აგვისტო
ოსი ჯარისკაცები რუსულ ტანკზე, ცხინვალი, 2008 წლის 11 აგვისტო

რუსეთი ამტკიცებს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ მოგვარებულია. ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნო. ამ აღიარებას მოგვიანებით სამი ქვეყანა - ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ შეუერთდა. საერთაშორისო საზოგადოება - ამ ოთხი სახელმწიფოს გამოკლებით - სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ და სუვერენულ ნაწილად მიიჩნევს. რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ოპერაციის მოდელი წარმატებით იქნა გამოყენებული სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლადაც.

რუსეთი წარსულში თუ ამჟამად გარკვეული ფორმით მრავალ ქვეყანაში/ტერიტორიაზე იყო და არის ჩართული სამშვიდობო ფუნქციით. კრემლის ინფორმაციით, ესენია: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მოლდოვას დნესტრისპირეთი, ტაჯიკეთი, ანგოლა, ჩადი, სიერა ლეონე, ახლო აღმოსავლეთი, დასავლეთ საჰარა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სპილოს ძვლის სანაპირო, ლიბერია, სუდანი, სამხრეთ სუდანი და სირია. სამინისტრო არ აკონკრეტებს იმას, თუ განცხადებაში ამ კონფლიქტებიდან რომლის „წარმატებული მოგვარება“ აქვს მხედველობაში.

ჩამოთვლილ სამშვიდობო ფუნქციებთან ერთად, რუსეთი პირდაპირ არის ჩართული სირიის ომში, 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია და დღემდე განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერას. რუსეთის ფედერაცია ასევე მედიატორის როლს ასრულებს აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც 25 წელია გრძელდება.

"2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთი საკუთარი არაკანონიერი მოქმედებების და ოკუპაციის ლეგიტიმაციას პროპაგანდისტული ნარატივების შექმნით ცდილობს,“ თქვა ქუთელიამ. „სიტყვა ‘მშვიდობის’ ბოროტად გამოყენება საბჭოთა პროპაგანდას მახსენებს, როცა ‘მშვიდობის’ სახელით საბჭოთა კავშირი უკიდურესად დაუნდობელ მოქმედებებს ჩადიოდა როგორც სხვა, დამოუკიდებელი ქვეყნების სამოქალაქო მოსახლეობის, ასევე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.“

ბრიგადის გენერალ სალუქვაძეს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სრულიად უსაფუძვლოა და მისი ერთადერთი მიზანი კრემლის ქმედებების გამართლებაა. „დღეს ნატოსთან ინტეგრაციას გვიყენებენ ბრალდებად. 1994-2009 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრი ვიყავით. შედეგი? ანალოგიური ‘წარმატებით’ სამშვიდობო ოპერაციის გარეშეც შეიძლება ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტა რეგულარული არმიის სამხედრო ჩარევით, რომელიმე მხარის სასარგებლოდ.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG