ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავკასიაში ისლამისტები სამართალდამცავებს ებრძვიან


კავკასიაში ისლამისტები სამართალდამცავებს ებრძვიან
კავკასიაში ისლამისტები სამართალდამცავებს ებრძვიან

ჩრდილოეთ კავკასიაში დღე არ გავა, რომ ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა პოლიციელებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იერიში არ მიიტანონ.

აბუზლით შაუხალოვი კავკასიაში ყველაზე უფრო სახიფათო სამუშაოს ასრულებდა, ის პოლიციელი იყო. სამი წლის წინ, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ყარაბულახში შაუხალოვი თავის პოსტზე იდგა, როდესაც ის ზურგში დაჭრეს.

ახლა 31 წლის აბუზლითი ყავარჯნების საშუალებით გადაადგილდება და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ღონემიხდილი და გაოფლიანებული ტახტზე ისვენებს. მისი თქმით: “როგორც კი დავეცი ეგრევე მივხვდი, რომ ფეხებს ვერ ვამოძრავებდი.“

შაუხალოვი და მისი კოლეგები მუსლიმი მოთარეშეების მსხვერპლნი გახდნენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში 400-ზე მეტი პოლიციელი მოკლეს. ორი კვირის წინ მოსკოვის აეროპორტში მომხდარ ტერაქტშიც კავკასიელებს ადანაშაულებენ. ამ ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

ინგუშეთში ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის თავმჯდომარის მაგომედ მუცალგოვის განცხადებით:“ ჩემი ბიძაშვილი, რომელიც პოლიციაში მუშაობდა პირდაპირ მანქანაში დახრიტეს, როდესაც მისი მეუღლე წამლის საყიდლად გადავიდა და ის თავის 6 თვის შვილთან ერთად მანქანაში დარჩა.“

აბუზლითის უფროსი ძმაც პოლიციელია. მისი თქმით: “საჭიროების გარეშე ადამიანები არ უნდა გავიდნენ სახლიდან, თავი უნდა შეიკავონ ბაზარში და მაღაზიებში სიარულისგან. მე იარაღით მძინავს ცალკე ოთახში, რადგან თუ რამე მოხდება ჩემი ოჯახი გადარჩეს.“

შაუხალოვი ხერხემლის დაზიანების გამო ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული მიუხედავად ამისა ის არ ნანობს რომ პოლიციელი იყო: “ჩვენ თუ არ შევასრულებთ ჩვენს საქმეს მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი?“

შაუხალოვი და მისი ძმები ამ სახიფათო საქმისთვის თვეში 230 დოლარს იღებენ. ინგუშეთი ერთ-ერთი უღარიბესი რესპუბლიკაა, სადაც უმუშევრობა 50%-ს აღწევს. ბევრისთვის პოლიციაში მუშაობა და იარაღის ტარება ერთადერთი გამოსავალია ცხოვრებაში.

რუსეთის სპეცსამსახურები ამას კავკასიის ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სპეცოპერაციებით პასუხობენ, რაც ხშირად დაუნდობლობით და განურჩეველი სროლით ხასიათდება.

ძალადობის მიუხედავად ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უკეთესობიკენ იცვლება, თუმცა ის პოლიციაში დამატებით 2000 ადამიანის მიღებას აპირებს.

შარშან აგვისტოში კავკასიის ემირატის ინგუშეთის დაჯგუფებამ პოლიციელთა მკვლელობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ისლამისტების განმარტებით ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ მათ შესაბამისი ძალა არ გააჩნიათ პოლიციელთა გასანადგურებლად, არამედ იმიტომ რომ ჯერ კიდევ რჩება იმედი, რომ პოლიციელები მიხვდებიან ბრძოლის გაგრძელების უაზრობას და დროზე მოეგებიან გონს.

თუმცა შაუხალოვის და მისი მეგობარი პოლიციელებისთვის ეს უკვე დაგვიანებულია. მათი ცხოვრება ჩრდილეოთ კავკასიაში გამეფებულმა განუკითხაობამ და ომმა დაანგრია.

XS
SM
MD
LG