ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკის გადაწყვეტილებას “მტრული” უწოდა


მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი

მოსკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სირიაში მებრძოლ ამბოხებულთა შეიარაღებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, გზას გაუხსნის მათთვის მხარზე დასადები პერსონალური ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების მიწოდებას, რაც სირიაში მებრძოლ რუსეთის ძალებს უშუალო საფრთხეს შეუქმნის. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

რუსეთმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების ჰაერიდან დაბომბვის კამპანია გასულ წელს დაიწყო. კრემლი მიზნად ისახავს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი მთავრობის დახმარებას ოპოზიციასთან მიმდინარე ბრძოლაში, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება. ოპოზიციის ნაწილს მხარს უჭერს შეერთებული შტატები.

ცვლილება პენტაგონის ბიუჯეტში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ამბოხებულთა შეიარაღებაზე ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც მოსკოვი “მტრულ” ნაბიჯად განიხილავს. პენტაგონის ბიუჯეტი კონგრესში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დამტკიცდა, მაგრამ მას კანონის ძალა მხოლოდ გასულ კვირას მიენიჭა, როცა დოკუმენტს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა. 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 619 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილ მოთხოვნას 9 მილიარდით აღემატება.

“ობამას ადმინისტრაციამ უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მათ გადასცემენ, სწრაფად მოხვდება ჯიჰადისტების ხელში, რომელთან ერთადაც ყალბი “ზომიერი” ოპოზიცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს” - თქვა მარია ზახაროვამ. “ამგვარი გადაწყვეტილება უშუალო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის საჰაერო ძალებისთვის, დანარჩენი სამხედრო პერსონალის და სირიაში მოქმედი ჩვენი საელჩოს მიმართ, რომელიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. შესაბამისად, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მტრულ აქტს” - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

ზახაროვა თეთრ სახლს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის “ნაღმის დადების” მცდელობაში ადანაშაულებს, რათა, მისივე სიტყვებით, გაგრძელდეს ვაშინგტონის “ანტირუსული ხაზი”. ცნობილია, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ტრამპი ამომრჩევლებს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დაპირდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მართვის უნარიც არაერთხელ შეაქო.

ტრამპს და პუტინს შორის გასულ კვირაში ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა ურთიერთობის გაუმჯობესების დაპირებათა ერთგვარ გამოცდად შეიძლება ჩაითვალოს. მანამდე, ობამას ადმინისტრაციამ და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა, დემოკრატიული პარტიის ანგარიშების გატეხვის გზით, რუსეთს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დასდეს ბრალი.

მდგომარეობა სირიაში

დღეს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა” გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სირის მთავრობა ოპოზიციასთან მოსამზადებელ მოლაპარაკებას მართავს. მისი თქმით, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ საბოლოო შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.

ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ლავროვს მეტი არაფერი უთქვამს. უცნობია ის, თუ სად იმართება შეხვედრა და ისიც, თუ ოპოზიციის რომელი ჯგუფი იღებს მასში მონაწილეობას. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაში მყოფთა ე.წ. “უმაღლესი დონის მოლაპარაკებათა კომიტეტი”, ორგანიზაცია, რომელიც ამ მოლაპარაკებებს კურირებს, აცხადებს, რომ მან მიმდინარე შეხვედრის შესახებ არაფერი იცის.

“ჩვენ, უმაღლესი დონის მოლაპარაკებათა კომიტეტში, ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გაგვაჩნია” - უთხრა სააგენტო “როიტერს” კომიტეტის წევრმა ჯორჯ საბრამ. მათ ორგანიზაციაში ერთიანდება მეამბოხეების ჯგუფი სახელწოდებით თავისუფალი სირიის არმია, რომელიც მონაწილეობას წლის განმავლობაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში იღებდა.

გასულ კვირას მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკებას უშუამდგომლონ. მოსკოვის შეხვედრაზე მათ საგანგებო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც ის მთავარი პრინციპები შეიმუშავა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მხარეებს შორის მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, როგორც ბაშარ ალ-ასადი, ასევე სამივე შუამავალი ქვეყანა თანახმაა, რომ ახალი მოლაპარაკება ასტანაში გაიმართოს.

დღეს, ლავროვი ტელეფონით თურქ კოლეგას დაუკავშირდა და მას ყაზახეთის დედაქალაქში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეუთანხმდა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”, ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ რუსეთის და თურქეთის არმიის წარმომადგენლები ანკარაში კონსულტაციებს სირიის ოპოზიციასთან აწარმოებენ. ისინი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და გზებს განიხილავენ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG