ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

 ბრაიზა: რუსეთი ტერორიზმს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს


თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის თემას და შედეგად წარმოქმნილ ახალ რეალობას ორმხრივ თუ რეგიონულ ურთიერთობებში სტამბოლიდან "ამერიკის ხმასთან" სკაიპით ჩაწერილ ინტერვიუში აანალიზებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ელჩი მეთიუ ბრაიზა.

ამერიკის ხმა: ანაკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. მსგავს ქმედებებს, ისტორიულად, ომები გამოუწვევია. როგორ შეცვლის ანდრეი კარლოვის მკვლელობა რეგიონის ორი დიდი ძალის - რუსეთის და თურქეთის ურთიერთობას?

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის უფრთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება. ამ მკვლელობამ ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, პიროვნულად შემარყია. ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ელჩები და ყოფილი ელჩები თავდასხმების სამიზნეები ხდებიან, ამავდროულად, ეს მკვლელობა გვაჩვენებს, რომ თურქულ სისტემაში ისევ არიან ბოროტმოქმედები, რომლებსაც მსგავსი საშინელების ჩადენა შეუძლიათ.

აქ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის კავშირები გამყარდება. მკვლელობაზე ორივე ლიდერის, პრეზიდენტ ედროღანის და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურება გვაჩვენებს, რომ ისინი თანხმდებიან და ისინი ცდილობენ ამ ტრაგედიიდან ახალი სამშვიდობო პროცესი დაიწყონ, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და ირანი იქნებიან ჩართულები.

საბოლოო ჯამში, რუსეთს და თურქეთს შორის კავშირების გაძლიერებას ველი.

ამერიკის ხმა: კარლოვის მკვლელობიდან მალევე, სირიის კონფლიქტზე სასაუბროდ რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლები მოსკოვში შეიკრიბნენ. პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მონაწილეობდნენ. უნდა ველოდეთ თუ არა რეგიონში რუსეთის უფრო მეტ ჩართულობას?

მეთიუ ბრაიზა: რატომაც არა, თუ რუსეთის ჩართულობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ნაცვლად კონფლიქტის მოგვარებას გულისხმობს. გაეროს შეფასებით, რუსეთი სირიაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა. რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავდა სკოლებს და საავადმყოფოებს.

ტრაგედიაა, რომ ამ პროცესში შეერთებული შტატები, გაერო და ჩვენი მოკავშირეები არ მონაწილეობდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო მდივან ჯონ კერისგან მუდმივად გვესმოდა, რომ სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. როგორც ალეპოში ვნახეთ, სამხედრო გამოსავალი ყოფილა, ის რუსეთის და ბაშარ ალ-ასადის გამარჯვებით დასრულდა. თავის დროზე მოსკოვისთვის, ალეპოში ომის დანაშაულების ჩადენისთვის, პასუხი უნდა მოგვეთხოვა. მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია.

არ მჯერა, რომ რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლა აღელვებს. რუსეთი ტერორიზმის ცნებას თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს.

ამერიკის ხმა: ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. რა აზრის ხართ თანამშრომლობის ამ ფორმაზე?

მეთიუ ბრაიზა: თეორიულად ეს კარგად ჟღერს, კარგი იქნებოდა შეერთებული შტატები და რუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” გასანადგურებლად გაერთიანებულიყვნენ. მაგრამ, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. შეერთებულ შტატებს და რუსეთს ტერორიზმზე განსხვავებული ხედვები აქვთ.

განსხვავებულია შეერთებული შტატების და რუსეთის ტერორიზმთან ბრძოლის ტაქტიკაც. ბევრისთვის ეს, შეიძლება, დაუჯერებელიც იყო, მაგრამ ანტი-ტერორისტული კამპანიების დროს შეერთებული შტატების მიზანია უდანაშაულო მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება. რუსეთი კი ყველას განურჩევლად ბომბავს, როგორც ეს ალეპოსა და გროზნოში გააკეთა. მე ვერ ვხედავ რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად. “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შემთხვევაშიც კი, მათ მიმდევრები გამოუჩნდებათ, და თუ ქვეყნის სათავეში ისევ ბაშარ ალ-ასადი იქნება, სირიაში სტაბილურობა ვერ მიიღწევა.

მაშინაც კი, თუ რუსეთი და შეერთებული შტატები პარტნიორობას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპს იმედები მალევე გაუცრუვდება, როგორც ეს თავის დროზე პრეზიდენტ ობამას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შემდეგ მოუვიდა.

ამერიკის ხმა: პრეზიდენტ ობამას კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისმა არასათანადო ყურადღებამ და სირიის ოპოზიციისადმი მხარდაჭერისგან თავის შეკავებამ შეერთებულ შტატებს ამ გეო-პოლიტიკურ კრიზისში ბერკეტები არ დაუტოვა. ახლა ამერიკაში გარდამავალი პერიოდია. რა როლი ექნება შეერთებულ შტატებს სირიის კონფლიქტის მოგვარებაში?

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ შეერთებული შტატები ახლა პროცესიდან გარიყულია.

ჩემი აზრით, პრეზიდენტ ობამას დიპლომატიური მარცხი იყო, როცა მან თავისივე “წითელი ხაზის” გადაკვეთაზე, ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რეაგირება არ მოახდინა. მაშინ, სერგეი ლავროვმა როგორღაც მოახერხა და ჯონ კერი დაარწმუნა, რომ ქიმიური იარაღის თავიდან მოშორება სირიისთვის კარგი არ იქნებოდა.

შეერთებულმა შტატებმა თავისი პოზციებით ვითარებიდან თავი თვითონვე გაირიყა.

ამერიკის ხმა: რა გავლენას იქონიებს სირის კონფლიქტი რუსეთ-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე, რომელზეც ისედაც ბევრი კითხვა არსებობს?

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი შეეცდება დონალდ ტრამპის გამოუცდილება გამოიყენოს. თუ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მანამდე სახიფათოდ არ დაიბაძა, ვფიქრობ, დონალდ ტრამპი გონს მოეგება და რუსეთის წინააღმდეგ ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც მაშინ უნდა გატარებულიყო, როცა რუსეთი ალეპოში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა.

ამერიკის ხმა: თურქეთი და რუსეთი რეგიონის მსხვილი მოთამაშეები არიან. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლამ საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე?

მეთიუ ბრაიზა: საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ველოდები. მე ენერგო წყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. თურქეთის დინების ნავთობსადენის მიზანია რუსული გაზის ევროპის კავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგო სფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.

არსებობს რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის-კავშირთან მათი კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს. მოსკოვი ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი დარჩება თავისი მისწრაფებების ერთგული და გააგრძელებს ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება მცდელობები ეს ეროვნული კონსენსუსი შეარყიოს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG