სამხედრო წვრთნა "ზაპად 2017", რომელიც კალინინგრადსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, ცივი ომის შემდეგ ნატოს საზღვართან გამართული ყველაზე მასშტაბური წვრთნაა. რუსეთი და ბელორუსი ამას თავდაცვით ქმედებებს უწოდებენ, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეს სხვა არაფერია თუ არა ნატო-სთვის ძალის დემონსტრირება. რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა ოთხი და რვა წლის წინაც, რის შემდეგაც მალევე ის უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა.
„17 სექტემბერს წვრთნების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპის ფარგლებში ჯარისკაცები გამოცდიან ოპერირების, სამხედრო მოქმედებების მეთოდებს, რომლებიც საჭიროა რუსეთის ერთიანი სახელმწიფოსა და ბელორუსის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მოსაგერიებლად", - განაცხადა ვლადიმირ მაკაროვმა, ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა.
მაგრამ სამხედრო პროცესებზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ წვრთნები მოიცავს მოდელირებულ შეჭრას ასევე მოდელირებულ ქვეყნებში, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლონეთი და ლიტვა იგულისხმება. ეს ამ ქვეყნებს დამატებითი შეშფოთების საფუძველს უქმნის.
ესტონელი ანალიტიკოსი კალევ სტოიჩეშკუ იხსენებს, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოსა და ყირიმში შეჭრამდე სულ ცოტა ხნით ადრეც ჩაატარა.
„ჩვენ ვნახეთ ასეთივე წვრთნები ოთხი და რვა წლის წინ და სავსებით ცხადია, რომ ეს რეალურად, რეპეტიციაა, მიუხედავად მათი საჯარო უარყოფისა. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეს თავდაცვითი წვრთნებიცაა, თუმცა არ ვიცი, ვის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სცენარები გულისხმობს აგრესიასაც, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის წინააღმდეგ", - განმარტავს "თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი კალევ სტოიჩეშკუ.
თუმცა ის ასევე დასძენს, რომ ბელორუსს მეტი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის შესაძლო შეჭრას ელოდოს, ვიდრე ნატო-ის წევრ ქვეყნებს. რადგან მოსკოვი არ არის დაინტერესებული იმით, რომ დასავლელი მოკავშირეების პროვოცირება მოახდინოს. თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია იპოვოს საბაბი ბელორუსში ჯარების შესაყვანად.
„მათ შეუძლიათ თქვან, რომ ხედავენ, რომ მოკავშირეები თავიანთ ჯარებს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში განალაგებენ და მათაც თავის მოკავშირე ბელორუსის ტერიტორიაზე შეჰყავთ ჯარები. ხომ ძალიან მარტივია. ასე რომ, ამას წარმოაჩენენ, როგორც უბრალოდ, რუსეთის პასუხს და არა ახალ აგრესიას“, - აღნიშნავს სტოიჩეშკუ.
„ჩვენ ვნახეთ ასეთივე წვრთნები ოთხი და რვა წლის წინ და სავსებით ცხადია, რომ ეს რეალურად, რეპეტიციაა. ეს სცენარები გულისხმობს აგრესიასაც, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის წინააღმდეგ"კალევ სტოიჩეშკუ
ბელორუსის თავდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერი კი ამბობს, რომ რუსი სამხედროების რიცხვი, რომლებიც ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ, ბევრად ნაკლებია, ვიდრე 7 000 ადგილობრივი სამხედრო.„წვრთნების დასაწყისში რუსული სამხედრო ძალის ყველა დანაყოფი-დაახლოებით 3 000 სამხედრო მოსამსახურე იყო შემოყვანილი ბელორუსის ტერიტორიაზე და სხვა სამხედრო შენაერთები აღარ შემოვა."
„ზაპად 2017“ ოფიციალურად 20 სექტემბერს მთავრდება. მანამდე კი, რუსეთმა საზღვაო წვრთნები ჩაატარა ჩინელ სამხედროებთან ერთადაც. მსგავსი წვრთნები ამ ორი ქვეყნის მონაწილეობით წლს, ივლისშიც ჩატარდა. მათი გაცხადებული მიზანი მსოფლიო ოკეანეში უსაფრთხოების გაუმჯობესებაა, თუმცა ბევრისთვის ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ნატოს წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებას.
Facebook Forum