ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავია დაბომბვები სირიაში და სამოქალაქო მსხვერპლი


რუსეთის და დასავლეთის კოალიციის ავია დარტყმებს სამოქალაქო პირებიც ეწირებიან

მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ, რუსეთმა სირიაში ავია დარტყმების პირველი რაუნდი დაიწყო, გამოჩნდა ცნობები, რომ დაღუპულთა შორის სამოქალაქო მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო.

სირიის აქტივისტთა ჯგუფის ანგარიში ამ ბრალდებას მეტ წონას მატებს.

ადამიანის უფლებათა სირიული ცენტრი აცხადებს, რომ კამპანიის დაწყების შემდეგ, ამ კვირისთვის, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ მოკლული 370 ადამიანიდან, ერთი მესამედი სამოქალაქო პირი იყო.

ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებათა სირიული ცენტრის დირექტორმა რამი აბდელ რაჰმანმა „ამერიკის ხმა“-ს უთხრა, რომ რუსულმა ავია თავდასხმებმა 127 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 36 ბავშვი.

სირიული ცენტრის თანახმად, ერთ-ერთი ბოლო თავდასხმის დროს , სამშაბათს, ჩრდილო დასავლეთ იდლიბის პროვინციაში, რუსულმა თვითმფრინავებმა იერიში საველე ჰოსპიტალზე მიიტანეს და შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამედიცინო პერსონალი.

ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რაც რუსული ბომბები, როგორც ჩანს, გამორჩეულად სამოქალაქო სამიზნეებს, მათ შორის სკოლებს და ფოსტებს მოხვდა.

რუსეთი საკუთარ ავია იერიშებს ამართლებს და ამბობს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად უკიდურეს სიფრთხილეს იჩენს, თუმცა ამ განცხადებამ უფლებადამცველი ჯგუფებისგან და ოპოზიციის აქტივისტებისგან საჩივრები ვერ შეაჩერა.

ამჟამად, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა სირიელმა პრო-დემოკრატიულმა აქტივისტმა ამარ აბდულჰამიდმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ სირიაში მისი კონტაქტები, რუსული იერიშების შედეგად სამოქალაქო მსხვერპლს ადასტურებენ.

აბდულჰამიდმა თქვა, რომ რუსები „თანმდევ ზიანს“ ბევრად ადვილად ეგუებიან, ვიდრე ამერიკელები. ის გულისხმობდა შეერთებული შტატების ლიდერობით განხორციელებულ ავია იერიშებს, რომელთა სამიზნეც სირიაში და ერაყში ძირითადად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ა.

რუსეთს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ბომბების უმეტესობას, არა „ისლამური სახელმწიფო“-ს ამბოხებულ ჯგუფებს უმიზნებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადებით, ძირითადი ყურადღება ამ ექსტრემისტულ ჯგუფზე გამახვილდებოდა, არამედ რუსეთმა სავარაუდოდ უფრო მეტი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.

მისი განმარტებით: „ამბოხებულები, „ისლამური სახელმწიფო“-სგან განსხვავებით, ხშირად ადგილობრივი თემების წევრები არიან და ამ ადგილების ადმინისტრირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ამის გამო ისინი სამოქალაქო მოსახლეობაში არიან შერეული.“

სამოქალაქო მოსახლეობას კოალიციის კამპანიაც კლავს. სამოქალაქო მსხვერპლის გამო, რომელიც კოალიციის ავია დარტყმებმა გამოიწვია, შეერთებული შტატებიც იქნა გაკრიტიკებული.

ადამიანის უფლებათა სირიულმა ცენტრმა თავის ბოლო შეფასებაში თქვა, რომ ივნისში, ამერიკის ლიდერობით განხორციელებული ავია დარტყმების შედეგად მოკლულ 3 ათას ადამიანს შორის, სულ 162 სამოქალაქო პირი იყო.

სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ეარვორს“, რომელიც კოალიციის ავია იერიშებს აკვირდება და იძიებს, ბევრად მაღალ ციფრს დებს. ჯგუფის შეფასებით, სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი 608-დან 1817-მდეა.

კოალიციამ სამოქალაქო მოსახლეობიდან, სავარაუდოდ ორი ადამიანის დაღუპვა აღიარა, რაც 2014 წლის ნოემბერში, სირიაში ამერიკული იერიშის დროს მოხდა. კოალიცია ასევე ამბობს, რომ სხვა რამდენიმე ინციდენტსაც იძიებს, სადაც შესაძლოა სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

„ჰუმან რაითს ვოჩ“-ის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების დირექტორმა ნადიმ ჰაურიმ, რუსეთისა და კოალიციის დაბომბვების შედეგად სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი აღნუსხა.

ის ამბობს, რომ დაბომბვების ორი კამპანიის მსხვერპლთა რიცხვის შედარება ძნელია არა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული იერიშები ახლა დაიწყო, არამედ იმის გამოც, რომ ავია თავდასხმები სხვადასხვა ადგილებში ხდება.

მისი განცხადებით: „კოალიციის ავია დარტყმების გამოძიებისთვის გამოწვევა ის არის, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“-ს კონტროლირებად ადგილებში ხდება. ჩვენ იქ შესვლა არ შეგვიძლია, იქ მყოფთა უმრავლესობას კი, ჩვენს მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო, ინტერნეტთან შეერთება უჭირს.

რუსული ავია დარტყმების შემთხვევაში, ერთის მხრივ, მონაცემების მოპოვება იოლია, რადგან ისეთ ადგილებში ხდება, სადაც ადამიანებს ინტერნეტთან წვდომა აქვთ და იქ არიან აქტივისტები, რომლებსაც წლებია ვიცნობთ და ინფორმაციას გვაწვდიან. სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ რუსული ავია დარტყმები სირიის არმიის წინ წაწევის მცდელობასთან ერთად ხდება. დაბომბვა კი ყველა მხრიდან ხორციელდება“.

ჰაური შეერთებულ შტატებსაც და რუსეთსაც უკეთესი ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ.

მისი თქმით, დღევანდელი საუბრების თემიდან სწორედ ეს არის გამქრალი - სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისკენ მიმართული ყურადღება.

XS
SM
MD
LG