ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მსოფლიო თანამეგობრობას ავღანეთში ჰეროინის წარმოების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს


რუსეთი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას გლობალური ბრძოლა გააჩაღოს ავღანეთში ჰეროინის წარმოების წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები ავღანეთში ნარკოტიკების წარმოების წინააღნდეგ. მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ავღანური წარმოების ჰეროინს ბოლო რვა წლის მანძილზე მსოფლიოში 35 წლამდე ასაკის კატეგორიაში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოსკოვში საერთაშორისო ანტი-ნარკოტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მედვედევმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააქტიუროს გლობალური ბრძოლა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ რადგან ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყნები მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.

მან აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავრობა ვერ უმკლავდება ამ პრობლემას სათანადო რესურსების უქონლობის გამო. მედვედევის თქმით, გაეროს, ნატოსა და შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა ამ სფეროში საკმარისი როდია.

ბატონმა მედვედევმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სასურველ შედეგს დღემდე ვერ მიაღწიეს. მას მიაჩნია, რომ გლობალურმა თანამეგობრობამ სრული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ავღანეთში ნარკოტიკების პრობლემის მიმართ ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის.

ბატონმა მედვედევმა აგრეთვე განაცხადა, რომ გლობალურ ასპარეზზე ნარკოტიკების პრობლემის აღმოფხვა ნიშნავს არა მხოლოდ ნარკოტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას არამედ იმ სოციალური პრობლემების მოგვარებას, რომელსაც ეს სენი ბადებს.

რუსეთის ლიდერის თქმით ამ სოციალური პრობლემების სიაში შედის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია. მას მიაჩნია, რომ როცა დაბალი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში არსებობს სუსტი სახელმწიფო დაწესებულებები იქმნება ნოყიერი ნიადაგი იმ ფენომენისა, რომელსაც იგი ნარკო-სახელმწიფოს უწოდებს.

რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ყოველწლიურად რუსეთში ჰეროინის მოხმარებისგან 30,000 ადამიანი იღუპება.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის ცნობით კი ჰეროინი მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნარკოტიკს წარმოადგენს. გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ჰეროინის გლობალური ბაზარი 65 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვი კი 15 მილიონ მომხმარებელს შეიცავს. გაეროს ცნობით, შიდსის გავრცელება ისევე როგორც კრიმინალური ჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება სწორედ ჰერონის გავრცელებასა და მოხმარებას უკავშირდება.

გაეროს ცნობით ავღანეთში აწარმოებენ მსოფლიოს ოპიუმის 92 პროცენტს. როგორც ცნობილია, ჰეროინს ოპიუმიდან ქიმიური გადამუშევების შედეგად აწარმოებენ. ავღანური ჰეროინის ყოველწლიური ექსპორტი დაახლოებით 375 ტონას აღწევს.

XS
SM
MD
LG