ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში "აფხაზურ" სასაქონლო ნიშნებს არეგისტრირებენ


აფხაზური აჯიკა რუსეთის ბაზარზე
აფხაზური აჯიკა რუსეთის ბაზარზე

ოკუპირებული სოხუმის „საპატენტო უწყება“ ახლო მომავალში აპირებს ოფიციალურად მიმართოს რუსეთის ანალოგიურ სამსახურს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „აფხაზური აჯიკას“, როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკის გეოგრაფიული აღნიშვნის“, “აფხაზური ბრენდის” რეგისტრაცია მოხდეს.

დღეისათვის, რუსეთის და სომხეთის ბაზრებზე, აფხაზური აჯიკა - „ამცა“ იყიდება, რომლის ექსპორტს სოხუმში რეგისტრირებულ კომპანია „აბხაზპროდუქტი“ ახდენს.

სეპარატისტები იმედოვნებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაშინ ბრენდი „აჯიკა“ რუსეთში აფხაზების საკუთრებად გამოცხადდება და ამ პროდუქტის სხვა, მათ შორის, ქართველ მწარმოებლებს, ბრენდის გამოყენება ან აეკრძალებათ ანაც როიალტის გადახდა მოუწევთ.

ამგვარად სეპარატისტებმა საქართველოს საპატენტო უწყების გადაწყვეტილებას უპასუხეს, რომელმაც ახლახანს კიდევ 16 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია მოახდინა და სია რეაგირებისთვის რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს და ევროკავშირს გადაუგზავნა.

ყოფილ საბჭოთა სირცეში ყველაზე დიდი ხმაური იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საქპატენტის ჩამონათვალში - „სულგუნი“, „ჭაჭა“, „მაწონი“ და „ჩურჩხელა“ მოხვდა. ირაკლი ღვალაძე, საქპატენტის ხელმძღვანელი ამბობს

ხშირად არის უცხოეთში შემთხვევები, რომ ხდება ჩვენი ბრენდების მითვისება, ამის ძალიან კონკრეტული ფაქტები გვაქვს. ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ხდება, განსაკუთრებით კი - რუსეთში.

აქ არ არის მარტო ღვინოზე საუბარი, იგივე ხდება სულგუნთან და ხაჭაპურთან დაკავშირებით, იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ამ ბრენდების დარეგისტრირება მომხდარიყო. ამ ტერიტორიაზე, ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს ცნობილი სახელებია, ცნობილი ბრენდებია და შესაბამისად მისი დასაკუთრებით, ისინი ცდილობენ, რომ მომავალში პრობლემები შეექმნას უკვე ჩვენს ბრენდს.

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებენ სახელმწიფო თანამეგობრობის სივრცეში ჩვენ ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის პროდუქტი, ანუ ნაციონალური ბრენდი გვაქვს დარეგისტრირებული. ეს თავისთავად ხელს უწყობს ეროვნული პროდუქციის გაბრენდებას , მისი ღირებულების გაზრდას და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული ეკონომიკური ეფექტი.“

ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვებში საქპატენტმა ასევე მოაქცია - „თუშური გუდა“, იმერული და ქართული „ყველი“, „გუდა“, „ჩოგი“, „კობი“, „ტენილი“, მესხური და აჭარული „ჩეჩილი“, სვანური და მეგრული „სულგუნი“ და „დამბალხაჭო“. ხოლო ადგილწარმოშობის დასახელებებში - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და „საირმე“.

თბილისის გადაწყვეტილება პირველებმა სოხუმში გააპროტესტეს. აფხზთა „საპატენტო უწყებამ“ განაცხადა, რომ „სულგუნი“, „ჭაჭა“ და „ჩურჩხელა“ აფხაზური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და იქაურ ხელისუფლებას მოუწოდა თბილისის გეგმებს ხელი სასწრაფოდ შეუშალოს. „აბაზა ტვ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სოხუმის „საპატენტო უწყების“ წარმომადგენელმა ნატალია კვარაცხელიამ კერძოდ თქვა

„არ შეიძლება ამ სასაქონლო ნიშნების დარეგისტრირება იქედან გამომდინარე, რომ ისინი არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური ეროვნული სამზარეულოს ელემენტებიც არის. ამის შემდეგ გამოვა, რომ ჩვენ, აფხაზი მწარმოებლებს, იგივე რუს მწარმოებლებს, რომლებიც ამ კონკრეტულ პროდუქტებს უშვებენ, თითოეულ პროდუქტზე მოუწევთ გარკვეული საფასურის გადახდა, რომელსაც ბრენდის მფლობელი დააწესებს.

იგივე „ხაჭაპური“, რომელიც ასე უყვართ რუსეთში, ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლება პროდუქტს ეს სახელი დავარქვათ.აფხაზურად „ხაჩაფ“-ის დარქმევა. კი, იქნებოდა უფრო საინტერესო, მაგრამ ახალი ბრენდის გაცნობა გაცილებით ძვირი იქნება და ძალიან დიდხანს მოგვიწევს, მისი რეკლამირება რუსეთის ბაზარზე.

ჩვენ უნდა დავასწროთ ქართველებს. აფხაზეთისა და რუსეთის დღევანდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით ჩვენ შეგვიძლია ამ დავაში გამარჯვება.“

საქპატენტს, რომელმაც ამერიკის ბაზარზე „ხვანჭკარისა“ და „ქინძმარაულის“ ბრენდების დაცვის საკითხი წარმატებით გადაჭრა, ყველაზე რთული ურთიერთობა სწორედ რუსეთის საპატენტო უწყებასთან აქვს.

ქართული მხარის არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, როსპატენტი კვლავაც განიხილავს ყიზლიარის (დაღესტანი) ღვინის ქარხნის მოთხოვნას ღვინის 12 ქართული ბრენდის საკუთარ სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირების შესახებ.

ურთიერთობის სიმძიმიდან გამომდინარე რუსი ექსპერტი ოლგა ჩერნიკოვა ვარაუდობს, რომ როსპატენტი საქპატენტის მოთხოვნას, ქართული ბრენდების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შესახებ, არ დააკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს თბილისსა და მოსკოვს შორის უკვე გაფორმებულია სამთავრობო შეთანხმება - „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ“.

„აუცილებელია გარკვევა, თუ რომელ ქვეყნებშია კიდე ეს სახელები სასაქონლო ნიშნებად დარეგისტრირებული. ქართველებს შეიძლება უარი უთხრან, იქედან გამომდინარე, რომ ამ ბრენდებმა, როგორებიც არის „ხაჭაპური“ და „სულგუნი“ უკვე საერთო სამომხმარებლო დანიშნულება შეიძინეს. მე ვფიქრობ, რომ ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს სახელები, როგორც სასაქონლო ნიშნები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაარეგისტრირონ.“

სულ სხვა ურთიერთობა აქვს როსპატენტს სოხუმის „საპატენტო უწყებასთან“, რომელმაც ბოლო ერთი წლის მანძილზე, რუსეთის ტერიტორიაზე, ცხრა აფხაზური სასაქონლო ნიშნის რეგისტრირება შეძლო. მათ შორის არის, აფხაზური ღვინოები „ლიხნი“, „ფსოუ“, „ეშერა“, „ანაკოპია“, „ამრა“, „დიოსკურია“, „რადედა“ და კონიაკი „აინარი“. რუსეთის ბაზარზე ეს პროდუქცია სოხუმში მდებარე კომპანია „აფხაზეთის ღვინოებსა და წლებს“ შეაქვს.

ბოლოს, რუსეთში სასაქონლო ნიშანი ასევე მიენიჭა მინერალურ წყალ „კოდორს“, რომელსაც ოკუპირებულ კოდორის ხეობაში აფხაზურ-ჩუვაშური ერთობლივი საწარმო „აკვა ჩეგემი“ ასხმას.

XS
SM
MD
LG