ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია


რუსეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით გარდაცვალების 1158 შემთხვევა დაფიქსირდა, მხოლოდ სამი შემთხვევით ნაკლები, ვიდრე წინა დღით დაფიქსირებული, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 40,402 ახალი კოვიდ-19-ის შემთხვევა აღირიცხა. ამ დროისთვის, კოვიდ-19-ზე მკურნალობას 932,000 პაციენტი გადის.

რუსეთის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 8.5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 240,000 ადამიანი. ეს რიცხვი მხოლოდ საკუთრივ კოვიდ-19-ით გამოწვეულ გარდაცვალებას მოიცავს. თუმცა, ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის „როსსტატის“ მიხედვით, რომელიც კოვიდ-19-ით გარდაცვალებას უფრო ფართო კრიტერიუმებით ითვლის, ეს მონაცემი ორჯერ მეტი, 462,000-ია.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურებადი „არასამუშაო“ პერიოდი გამოაცხადა. მოსკოვში კი ხელახალი შეზღუდვები შემოიღეს, დაიკეტა ბაღები, სკოლები, გასართობი ცენტრები და მაღაზიათა უმეტესობა. რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობენ.

რუსეთში თეატრებში, კონცერტებსა თუ მუზეუმებში, მხოლოდ კოვიდ-19-ზე ვაქცინირებულნი ან ისინი დაიშვებიან, ვინც უკვე გადაიტანა ვირუსი. 60 წელზე მაღლა კი არავაქცინირებულ ადამიანებს სახლში დარჩენის მოთხოვნა დაუწესდათ.

კოვიდ-19-ის ფართო გავრცელებას, ხელისუფლება ვაქცინაციის ნელ ტემპს უკავშირებს. ამ დროისთვის კოდივ-19-ის წინააღმდეგ 51 მილიონი რუსია აცრილი, მოსახლეობის მხოლოდ მესამედი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG