ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფასო სამედიცინო განათლება კანზასში


უფასო სამედიცინო განათლება კანზასში

ექიმობა ამერიკაში ერთ-ერთ უძვირეს პროფესიად ითვლება. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თუმცა, ამის მიუხედავად სხვადასხვა წყაროების მიხედვით საფასური სულ ცოტა 100 ათასი დოლარით იწყება და 200 ათასამდე და კიდევ უფრო ზევით ადის. ინფლაციის თანამედროვე ტემპების გათვალისწინებით სამომავლოდ დიპლომის ღირებულების პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

ამ ფონზე კანზასში გახსნილი სამედიცინო ინსტიტუტი, რომელიც სტუდენტებს უფასოდ სწავლას სთავაზობს, ძალზე არაბუნებრივად და ამავე დროს მაცდურად გამოიყურება. საქმე იმაშია, რომ შტატში უამრავი პატარა სოფელი და დასახლებაა, სადაც ექიმები საერთოდ არ ჰყავთ.

მეტი ექიმი გვესაჭიროება. კანზასელ ექიმთა მეოთხედი 60 წელს გადაცილებულია. ასე რომ მათი შემცვლელებიც გვჭირდება. აქვე უნდა ავღზარდოთ და დავასახლოთ, ჩვენთან, პროვინციებში “ - ამბობს პროფესორი უილიამ ქატკარტ რეიქი.

მისი თქმით ახალგაზრდები , რომლებიც განათლების მისაღებად დიდ ქალაქებში გადადიან, როგორც წესი, უკან აღარ ბრუნდებიან. რეგიონი კი პრაქტიკულად სპეციალისტების გარეშეა დარჩენილი. სწორედ ამიტომ შტატში ასეთი რამ მოიფიქრეს: კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფილიალი პატარა ქალაქ სალინაში გახსნა, რომელშიც სულ 50 ათასი მოსახლეა. სტუდენტებს სწავლის საფასურს მეზობლად მდებარე რომელიმე მუნიციპალიტეტი უხდის, სადაც ის დიპლომის დაცვის შემდეგ სამუშაოდ წავა. და იქ ზუსტად იმდენი წლის განმავლობაში იმუშავებს, რამდენი წლის სწავლის საფასურსაც ქალაქის მესვეურები გადაუხდიან.

ქალაქი სალინა კანზას-სითიდან სამი საათის გზაზე მდებარეობს. იქ მისვლამდე გზად უამრავი სოფელი, მეცხოველეობის ფერმა, სიმინდის და სოიოს ყანა უნდა გაიაროთ. ინსტიტუტი სამსართულიან აგურის შენობაშია მოთავსებული. საკლასო ოთახების ნაწილი ჩვეულებრივი, ტრადიციული აუდიტორებია. ნაწილი კი დისტანციური სწავლებისთვის სპეციალური ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.

მაგალითად ამ აუდიტორიაში პროფესორი არ არის. მას ლექცია დიდი ზომის ტელეეკრანიდან მიჰყავს. სტუდენტები ხელის აწევით აგებინებენ, როდესაც კითხვის დასმა სჭირდებათ. ამისათვის მერხებზე სპეციალური მიკროფონებია დამონტაჟებული.

კლერ ჰინრიჩსენი, სალინას ფილიალის სტუდენტი ამბობს, რომ დისტანციური სწავლების დროს ლექტორები ძირითადად კანზას-სითიდან ან ვიჩიტადან არიან.

„სალინას ფილიალი მხოლოდ იმიტომ არ ამირჩევია, რომ ის უფასოა. ძალიან მომწონს კლასის ზომაც. ამ კლასში მაგალითად, სულ 8 სტუდენტი ვართ. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ლექტორიც ყველას სახელით მოგვმართავს. ეს არ ჯობია 300-სტუდენტიან კლასებს, სადაც ერთმანეთთან წესიერად კონტაქტსაც კი ვერ ამყარებენ?“ - კითხულობს ის.

კლერი პატარა სოფელშია გაზრდილი. ჩვენთან სულ 600 მოსახლე იყო, გვიყვება ის.

თავიდან კანზას-სითიში დაიწყო სწავლა და შემდეგ სალინაში გადმოვიდა. „საკმაოდ გამიჭირდა დიდ უნივერსიტეტში სწავლა. ზოგადი ქიმიის კლასში უფრო მეტი სტუდენტი იყო, ვიდრე ჩემს სოფელში“ - ამბობს კლერი.

კურსდამთავრებულების ნაწილი პრაქტიკას სალინას ფილიალიდან 100 კილომეტრში მდებარე კლეის ცენტრის კლინიკაში გაივლის. ქერი მერფი ოჯახის ექიმია და ამბობს, რომ თითქმის ყოველი მე-8 სტუდენტი რეზიდენტურას მათთან გადის.

კლინიკაში სულ 8 ექიმი ვართ და 4 პრაქტიკანტი. ჩვენ მთელ ქალაქს და მის მიმდებარე რეგიონებს ვემსახურებით. ჩვენს კლინიკას ხუმრობით „აკვნიდან საფლავამდე“ ეძახიან, რადგან სპეციალიზირებული მომსახურება არ გვაქვს და ყველა განხრით , ნებისმიერი ასაკის პაციენტთან ვმუშაობთ“ -აღნიშნავს ის.

ისე გამოდის, რომ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებმა პროვინციულ კლინიკებში საშუალოდ 6 წელი უნდა იმუშაონ. სამაგიეროდ წლების მანძილზე აღარ დასჭირდებათ განათლების მისაღებად აღებული კრედიტების და მათი საპროცენტო განაკვეთის დაფარვა. თუკი მოხდა ისე, რომ კურსდამთავრებულმა გადაიფიქრა და სამუშაოდ სხვაგან წასვლა არჩია, ის ფული, რომელიც მას ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაუხადა, კრედიტად ჩაითვლება და მათ, ისევე როგორც ამერიკელ სტუდენტთა უმრავლესობას, პროცენტით აღებული ვალის გადახდა მოუწევთ.

XS
SM
MD
LG