14 ივლისს, რუსეთის ურალის რეგიონში მდებარე ურანის გასამდიდრებელ საწარმოში ბირთვული საწვავის შემცველი კონტეინერი გასკდა და იქვე მყოფი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია „როსატომი“ იტყობინება.
ინციდენტი პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 9:13 საათზე მოხდა. "როსატომი" აცხადებს, რომ რადიაციის დონე ქარხანაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებშია, ინციდენტი ლოკალიზებულია და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ტრაგიკული ინციდენტის შესახებ ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში, რის შედეგადაც მუშა დაიღუპა“, - ნათქვამია „როსატომის“ განცხადებაში. კომპანია ასევე დასძენს, რომ მუშა “მექანიკური დაზიანების შედეგად“ გარდაიცვალა.
განცხადების მიხედვით, დაიწყო ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს შეისწავლის.