ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტები რეგიონის მომავალზე მსჯელობენ


A Naga sadhu, or naked Hindu holy man, pauses inside a tent during Kumbh Mela, or Pitcher festival, at Trimbakeshwar, India.
A Naga sadhu, or naked Hindu holy man, pauses inside a tent during Kumbh Mela, or Pitcher festival, at Trimbakeshwar, India.
რამსფელდის ფონდის პროგრამის მონაწილე, შუა აზიის, კავკასიის და მონღოლეთის ახალგაზრდა სპეციალისტებმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში კონფერენცია ჩაატარეს.

კონფერენციის მონაწილენი, სხვადასხვა დარგში მომუშავე, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პროფესიონალები იყვნენ, თუმცა ყველას აერთიანებდა ახალგაზრდა ასაკი და საერთო მსოფლმხედველობა.

ძირითადი ყურადღება რეგიონის ეკონომიკის საკითხებს და ცალკეულ ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი ეკონომიკური ძალები უნდა გააერთიანონ და უფრო აქტიურად ჩაებან რეგიონის ინტეგრაციის პროცესში რათა რუსეთის ჰეგემონიას თავი დააღწიონ.

/ყირგიზი მონაწილე:/

“…ამას ვხედავთ, როგორც ძალების ბალანსს. არ იქნება ერთი ძალის ჰეგემონია. ყველა მეზობელ ძირითად მოთამაშესთან სამუშაო ურთიერთობას დავამყარებთ. ჩვენ ამ რეგიონის დამაკავშირებელი ხიდი ვიქნებით.”

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ეკონომიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მის ეკონომიკურ ორბიტაზე ყოფნა, განსაკუთრებით კი საერთო საზღვრის არსებობის პირობებში, მისგან თავის დაღწევას ძალიან ართულებს. შუა აზიის ქვეყნები ამ მიზნის მისაღწევად, ჩინეთის აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის გამოყენებას ცდილობენ, რაც ძალების დაბალანსების კარგ საშუალებად განიხილება.

/უზბეკი მონაწილე:/
“არ შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკის საკითხებში რუსეთი არ დომინირებს, თუმცა მისი როლი მცირდება. უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შუქზე კი, მთავრობები ხვდებიან, რომ მათთვის უკეთესი იქნება, თუ რეგიონში დარჩებიან.”

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ქვეყნებს შორის მატერიალური და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, დიდი განსხვავებები არსებობს და ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიგრაციის საკითხების მოგვარება, რაც თავის მხრივ, ამ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არსებული, მოუგვარებელი სადავო საკითხების გადაჭრას მოითხოვს.

ამ ამოცანის შესრულებაში, ერთ-ერთ ამოსავალ წერტილად, ქვეყანათა ხალხების მიერ ერთმანეთის უკეთესად გაცნობა დასახელდა, რასაც სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გამოყენება შეუწყობს ხელს.

ამერიკა-ყაზახეთის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა, ავტორიტარული მმართველობის სტილს მიჩვეული
საკუთარი ქვეყნების მთავრობები დაარწმუნონ იმაში, რომ ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მიცემა, მათთვისვე უფრო მომგებიანი იქნება.

"ეს, კონტროლზე ორიენტირებული მთავრობებია. ეკონომიკის დერეგულაცია კი კონტროლზე უარის თქმაა. ამ ქვეყნების მმართველმა ელიტებმა ამის გაკეთებისას თავი მშვიდად უნდა იგრძნონ. როგორც მე ამას ვხედავ, ეკონომიკური პირამიდის ქვედა დონეზე არსებული ინფრასტრუქტურიდან ბიზნეს საზოგადოება უნდა წარმოიშვას და ის აუცილებლად გაჩნდება. ზოგიერთ ეკონომიკაში ამჟამად ისინი ჩრდილში იმყოფებიან. მათ პოლიტიკური ელიტების იმაში დარწმუნება უნდა დაიწყონ, რომ ეკონომიკაზე კონტროლის შემცირების პირობებში, ბიზნეს საზოგადოება საერთო სიმდიდრის გაზრდას შეუწყობს ხელს, გააქტიურებული საქმიანობის და მეზობლებთან ეკონომიკური გაცვლის შედეგად კი, შემოსავლებიც მოიმატებს."

მონაწილემ სომხეთიდან თქვა:
“უნდა გავიგოთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ჩაკეტილი საზღვრის ქონა, ჩვენთვის სირცხვილია. მე მჯერა, რომ ხვალ, თურქეთთან და აზარბაიჯანთან ერთად ამ პრობლემას გადავჭრით და რეგიონი ამით უფრო გაძლიერდება. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ და ვითანამშრომლოთ.”

კონფერენციაზე უკრაინის პრობლემის შესახებ აუდიტორიიდან დასმულ კითხვაზე საქართველოს წარმომადგენელმა უპასუხა:

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოდან როგორ უნდა ვხედავდეთ? ვერ ვიტყვით, რომ ეს სიურპრიზი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა სხვებს არ სჯეროდათ. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის კრიზისი სხვა ქვეყნებსაც აუხელს თვალს და მიხვდებიან, რომ თუ ისინი არ შეაჩერეს, თვითონ არ გაჩერდებიან. ჩვენს ჯგუფში ამის თაობაზე ბევრი ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ ეს მოვლენები როგორ იმოქმედებს ჩვენს ქვეყნებზე. რეგიონში გვაქვს გაყინული კონფლიქტები, განსხვავებული რეალობები და განსხვავებული განწყობები, ყველაფერი ძალიან რთულადაა. ამიტომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნების წარმომადგენელმა ახალგაზრდა ლიდერებმა, აქ გატარებული 1.5 თვის მაქსიმალურად შედეგიანად გამოყენების მიზნით, ისეთი მიდგომა ავირჩიეთ, რომ ერთმანეთი და მსოფლიო უკეთ გაგვეცნო და ურთიერთგანსხვავებების მოგვარების საშუალება მოგვცემოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საკითხისთვის თავი აგვერიდებინა.”

მოდერატორმა მონაწილეებს სტრატეგიის არჩევანი მოუწონა:
“თქვენ სწორი სტრატეგია შეარჩიეთ იმით, რომ აქცენტი იმ საკითხებზე გააკეთეთ, რაც თქვენ გაერთიანებთ. ეს სტრატეგია მომავლისკენ არის მიმართული და თქვენს მთავრობებს თქვენი რჩევების მოსმენა მართებთ. იმედია, ადრე თუ გვიან ეს მოხდება და თქვენს ქვეყნებში გამოჩნდებიან ამომრჩევლები, რომლებიც მთავრობას დადებითი ნაბიჯების გადადგმას აიძულებენ.”
XS
SM
MD
LG