ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამილტონი: ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს


რობერტ ჰამილტონი, აშშ-ის არმიის ლეიტენანტ პოლკოვნიკი

რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის ნატოს სამიტიდან და აშშ-ში რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა არმიის ლეიტენანტ პოლკოვნიკი თბილისში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტიდან? მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ სამხედრო ჩინოსანთან რობერტ ჰამილტონთან:

ამერიკის ხმა: გმადლობთ მობრძანებისთვის და ინტერვიუსთვის. თუ შეიძლება, მოგვიყევით თბილისში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი აქცენტების შესახებ?

რობერტ ჰამილტონი: ნატოს მომავალი სამიტი ვარშავაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული კონფერენციის მთავარი თემა იყო, უმთავრესი ყურადღება, ამ კონტექსტში, გამახვილდა საქართველოს ურთიერთობებზე ალიანსთან და თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ალიანსში.

ამერიკის ხმა: თქვენი შეფასებით, როგორია საქართველო-ნატოს ურთიერთობები, რამდენად მზად არის საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს?

რობერტ ჰამილტონი: ჩემი შეფასებით, რომელსაც დამსწრე ამერიკელი მონაწილეები ეთანხმებოდნენ, ფაქტია, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც დამსწრე მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შენიშნა, საქართველომ აღარაფერი უნდა დაუმტკიცოს ნატოს. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში, ნატოს მისიაში, ასევე კოსოვოში, სადაც ნატოს მისია იდგა და წარსულში, ერაყშიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მისია არ იბრძოდა, იქ ნატოს ბევრმა პარტნიორმა გაგზავნა ჯარები. კონფერენციის პირველ დღეს, დაიხურა "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლება, რაც ამერიკულ-ბრიტანულ-ქართული ერთობლივი სამხედრო წვრთნის პროგრამა იყო. ამის შემდეგ, ქართულ შენაერთს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა, რაც მას ნატოს ყველა მისიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

საქართველომ ყველა პირობა შეასრულა პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით ალიანსში გასაწევრიანებლად.
რობერტ ჰამილტონი

ამერიკის ხმა: რა იყო ამ სწავლების ყელაზე დიდი ღირებულება და მონაპოვარი? ასევე, რა განვითარებებს უნდა ველოდოთ მომავალში ამ კუთხით?

რობერტ ჰამილტონი: ამ სწავლებების მთავარი ღირებულება ის სერტიფიცირების პროცესი გახლდათ, რომელიც მისი დასრულების შემდეგ შედგა. საქართველოს ნატოს არაერთ საბრძოლო მისიაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ბრძოლის ველზე პარტნიორის საბრძოლო უნარების შეფასება რთულია. ამ წვრთნებისას, კი ძალიან ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა ქართული შენაერთის სამოქმედო თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, და ის, საბოლოო ჯამში, დამაკმაყოფილებლად, და ნატოსთან თავსებად დონედ შეფასდა. მომავალში, ვვარაუდობ, რომ ნატო-საქართველოს და აშშ-საქართველოს საწვრთნელი პროგრამები გაიზრდება და უფრო მეტი ქართული შენაერთის გადამზადებას და ალიანსის სტანდარტებთან სრულ თავსებადობას ვიხილავთ.

ამერიკის ხმა: თქვენი ვარაუდით, რას მიიღებს საქართველო ნატოს მომავალი სამიტიდან?

რობერტ ჰამილტონი: რთულია განსაზღვრო რა მოხდება ვარშავის სამიტზე, თუმცა, მჯერა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდნენ ახალი წევრის მიღებაზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს გაწევრიანების გეგმა ნატოს ალიანსში 2008 წელს გამოცხადდა და ეს დღემდე ნატოს პოლიტიკად რჩება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. თუმცა ვფიქრობ, ახლა საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვაშია, და თუ როგორ აღასრულებს ალიანსი საკუთარ განცხადებას ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში.

ამერიკის ხმა: რა ბარიერია საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები ნატოში გაწევრიანებისთვის?

რობერტ ჰამილტონი: ამ თემაზეც იყო კონფერენციაზე საუბარი. თუმცა, თუ ჩვენ გადავხედავთ ნატოს ალიანსის გაფართოების სტრატეგიას, აქ ნათქვამი არსადაა, რომ არსებული ტერიტორიული კონფლიქტები ერთადერთი ფაქტორია ნატოში ახალი წევრების მისაღებად. პირიქით, აქ ნათქვამია, რომ თუ კონფლიქტები არსებობს, ისინი ეუთოს სტანდარტებით უნდა მოგვარდეს. მითუმეტეს, რომ პრეცედენტიც არსებობს, როცა 1955 წელს გერმანია ალიანსის წევრი გახდა მაშინ, როცა მისი ერთი მესამედი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არასდროს უთქვამს უარი გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე. ამდენად, არსებული კონფლიქტები არ წარმოადგენს ნატოში გაწევრიანების ერთადერთ კრიტერიუმს.

ამერიკის ხმა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?

რობერტ ჰამილტონი: საქართველო შეეცადა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, უფრო მეტიც: გააკეთა ყველაფერი ურთიერთობების დასალაგებლად, და მცირედი წარმატებაც ჰქონდა. თუმცა, ახლა საქმე არა იმდენად ორმხრივი კავშირების აღდგენასა და წარმატებაშია, რამდენადაც იმაში, თუ რამდენად არის მზად ნატოს ალიანსი რუსეთის რეაქციას გაუმკლავდეს, რომელიც აუცილებლად მოჰყვება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

XS
SM
MD
LG