ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიბლიური "არმაგედონის" რისკი უმაღლესია 1962 წლის შემდეგ - ბაიდენი


უკრაინელი ჯარისკაცი სოფელ ოსკილთან. 6 ოქტომბერი, 2022 წ.
უკრაინელი ჯარისკაცი სოფელ ოსკილთან. 6 ოქტომბერი, 2022 წ.

რუსეთის ბირთვული მუქარით კაცობრიობისთვის შექმნილი საშიშროება ამერიკის პრეზიდენტმა ბიბლიურ განკითხვის დღეს შეადარა. ჯო ბაიდენის თქმით, "არმაგედონის" რისკი უმაღლესია გასულ საუკუნეში მომხდარი კუბის (კარიბის) სარაკეტო კრიზისიდან მოყოლებული, დღემდე.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ფრონტებზე რუსეთმა ზედიზედ რამდენიმე მარცხი იწვნია, მოსკოვიდან გახშირდა მინიშნებები ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე. "მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს განადგურების სხვადასხვა საშუალება... და როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ დგება, რუსეთის და ჩვენი ხალხის დასაცავად, ჩვენ დანამდვილებით გამოვიყენებთ ნებისმიერ ხელთარსებულ საშუალებას" - თქვა 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. შემდეგ კი, ვიდეოკამერაში პირდაპირი მზერით დასძინა: "ეს ფანდი არ არის".

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შექმნილი სიტუაცია შეადარა 1962 წლის ოქტომბერში შექმნილ 35-დღიან მწვავე საერთაშორისო დაპირისპირებას, როცა ამერიკა და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის კატასტროფის ზღვარზე იყვნენ. მაშინ საბჭოთა კავშირმა, რომლის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები კუბაში განალაგა. ჯონ კენედის პრეზიდენტობით, შეერთებულმა შტატებმა კი ანალოგიური რაკეტები თურქეთში და იტალიაში გაამზადა.

"არმაგედონის რეალობის წინაშე კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვყოფილვართ" - თქვა ბაიდენმა 6 ოქტომბერს, დემოკრატ დონორებთან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლის დროს. ბაიდენის თქმით, ის საკმაოდ კარგად იცნობს პუტინს და ხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ხუმრობს, როცა მასობრივი განადგურების შეიარაღებაზე, "ბირთვულ, ან ბიოლოგიურ, ან ქიმიურ იარაღზე" საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, არ არსებობს "ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების იოლი გზა ისე, რომ ის არმაგედონით არ დასრულდეს".

შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და მისი თავდაცვის საშუალებების გაძლიერებას - განაცხადა ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, საკითხავია ის, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი პუტინისთვის ისე, რომ მან "არამარტო სახე არ დაკარგოს, არამედ მნიშვნელოვანი ძალაუფლებაც რუსეთში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG