ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენები პრეზიდენტ ობამას აკრიტიკებენ


რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ბარაკ ობამას პოლიტიკის გამო ამერიკის ლიდერობა მსოფლიოს მასშტაბით შესუსტდა

ამერიკელი რესპუბლიკელები სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე, ირანის ბირთვულ ამბიციებსა და რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციაზე საუბრისას პრეზიდენტ ბარაკ ობამას მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის ლიდერობის შესუსტების გამო აკრიტიკებენ. რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ამბობს:

„პრეზიდენტი პუტინის აგრესიის მთავარი მიზეზი პრეზიდენტი ობამას სისუსტეა. ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენი მეგობრების გარიყვა და მიტოვებაა.“

კრუზის კრიტიკას წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსიც ეხმიანება:

„დღემდე, ვფიქრობდით, რომ სხვა საუკუნეში ვცხოვრობდით და ადმინისტრაციას ეგონა, რომ თუ ამერიკა კარგად მოიქცეოდა, ყველა ჩვენ მოგვბაძავდა. მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი სამყაროს ასე არ ხედავს.“

თეთრი სახლი კრიტიკას უპასუხოდ არ ტოვებს. ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჯეი კარნი ამბობს:

„არსებობს არგუმენტი, რომელიც არ არის ფაქტებზე დამყარებული და არის სრულიად უსაფუძვლო. ამ არგუმენტის თანახმად, რუსეთმა გარკვეული მოქმედებები ამერიკის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიიღო. ჩემი აზრით, ნებისმიერი ისტორიკოსი ან ყოფილი საბჭოთა კავშირის მცოდნე ადამიანი ამ დასკვნას არ დაეთანხმებოდა, ისევე როგორც მე.“

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ობამამ უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ვითარებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

„ჩემი აზრით, მან ყურადღება არა კრიტიკაზე უნდა გაამახვილოს, არამედ კრიტიკოსების მიერ წარმოყენებული არგუმენტები, ადმინისტრაციის სუსტ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებით უნდა გადაფაროს და მათი უსაფუძვლობა ამით დაამტკიცოს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია და ასევე ძალიან მაღალია დიდი შეცდომის დაშვების ალბათობაც.“

ოჰანლონი ობამას ადმინისტრაციის უკრაინაში გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ საჭიროა უფრო მკაცრი მოქმედებები.

„თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ღია სამხედრო იერიში დაიწყო, ჩემი აზრით, უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარების გაწევა სერიოზულად უნდა იქნას განხილული.“

რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმში ეთნიკური რუსების დაცვას ცდილობს და უკრაინის დროებით მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG