ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი სენატორები რუსეთის მიმართ ტრამპის პოზიციებს არ იზიარებენ


ამერიკის სენატის შეარაღებული ძალების კომიტეტის სხდომა

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სადაზვერვო სამსახურების დასკვნას ნოემბრის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე ეჭვქვეშ აყენებს. გასულ კვირას ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მოსკოვს ჰაკერული თავდასხმების საპასუხოდ სანქციები დაუწესა და 35 დიპლომატი გაუძევა. დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებში შეღწევასა და მოპარული ინფორმაციის შერჩევით გამოყენებას შეეცადა, რათა არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. 5 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა და შეირაღებული ძალების კომიტეტები „ამერიკულ დემოკრატიაზე [რუსეთის] უსირცხვილო თავდასხმის“ განსახილველად შეიკრიბნენ.

შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინია. 4 იანვარს მაკკეინმა განაცხადა, რომ ჰაკერული შეტევების შემოქმედი რუსეთია და საჭიროა, პასუხი აგოს. მან რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას „ომის აქტი“ უწოდა.

ამასობაში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი რუსეთის ლიდერის ქებას განაგრძობს. ტრამპმა პუტინს ამერიკის სანქციების უპასუხოდ დატოვების გამო "გამჭრიახი" უწოდა. 4 იანვარს , ტრამპმა ტვიტერზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კიბერ-შეტევების უკან, შესაძლოა, ნებისმიერი აქტიორი იდგეს და რომ კლინტონის საარჩევნო შტაბი უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო.

"ამერიკის პროგრესის ცენტრის" ექსპერტის, ბრაიან კატულისის თქმით, ტრამპის მიერ რუსეთის და პუტინის მტკიცედ დაცვა მომავალ პრეზიდენტს სხვა ამერიკელი პოლიტიკოსებისაგან მკვეთრად გამოარჩევს.

„რესპუბლიკელი კონგრესმენები რუსეთის ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ის, რისი გამოძიებაც ობამამ სადაზვერვო სამსახურებს დაავალა. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთის როლისა და ჩარევის გამო შეშფოთება დიდია. არჩეულ პრეზიდენტს კი ქვეყნაში გავრცელებული აზრისაგან თავი შორს უჭირავს“, - ამბობს კატულისი.

ჯონ მაკკეინი, რომელიც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, რუსეთის დაგმობას არ ერიდება.

„კონგრესი იმუშავებს, რათა სანქციები გავამკაცროთ და მომავალში აშშ-ზე მსგავსი შეტევები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მაკკეინმა, რომელიც აღმოსავლეთი პარტნიორობისა და ბალტიისპირა ქვეყნებში სტუმრობის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.

მაკკეინმა და სენატორმა ლინდსი გრემმა მსგავსი განცხადება ევროპაში ყოფნის დროსაც გააკეთეს. მაკკეინმა იმაზეც მიანიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გასატანად კონგრესი ტრამპთან ბრძოლას აპირებს.

„გვსურს, ვიმუშაოთ მომავალ პრეზიდენტთან, თუმცა ამავე დროს, ჩვენი, როგორც კანონმდებლების პასუხისმგებლობაა, ვუპასუხოთ შეერთებულ შტატებზე თავდასხმას“ , - განაცხადა მაკკეინმა.

ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტეხასელი მენავთობე რექს ტილერსონი წარადგინა. მას პუტინთან ახლო კავშირები აქვს. უცნობია, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, დაუჭერენ თუ არა სენატორები ტილერსონის კანდიდატურას მხარს.

XS
SM
MD
LG