ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: ტყუილების მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას არ იმსახურებენ


წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ მისი პარტია არ იმსახურებს მომავალი წლის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას, თუ ისინი ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას განაგძრობენ. ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" (CNN) საუბრისას კინზინგერმა თქვა, რომ რესპუბლიკელებს "უკიდურესად სჭირდებათ სიმართლის თქმა".

"თუკი ჩვენ ვიქნებით შეთქმულებების გავრცელების სათავეში, თუ გამოვიწვევთ დაპირისპირებას და გავავრცელებთ ტყუილებს, მაშინ რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა არ უნდა მიიღოს",- უთხრა CNN-ის ჟურნალისტებს კონგრესმენმა კინზინგერმა.

მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა თავისი პარტიის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში, კევინ მაკკართი. კინზინგერმა კოლეგა იმის გამო გააკრიტიკა, რომ პოლიტიკოსი კერძო კომპანიებს მოუწოდებდა, არ ეთანამშრომლათ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტთან, რომელიც 6 იანვრის თავდასხმას იძიებს.

მაკკართი ერთ-ერთია იმ მრავალი რესპუბლიკელიდან, რომელიც დონალდ ტრამპს მხარს უჭერდა და ემხრობოდა იმ მცდარ განცხადებებში, თითქოს შეერთებულ შტატებში 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა.

საუბარია 6 იანვარს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კონგრესში, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის და იქაურობის დარბევის ფაქტის გამოძიებას. დემონსტრანტებს სურდათ არჩევნების დასკვნითი პროცედურა, კანონმდებლების მიერ შედეგების სერტიფიცირება ჩაეშალათ და სჯეროდათ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, კვლავ დონალდ ტრამპმა მოიგო.

კინზინგერი წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტის წევრია. მან 6 იანვარსვე დაგმო რესპუბლიკელების მხარდამჭერთა ასეთი ქმედება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქმედებისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG