ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი, რიგით 82–ე შეხვედრა გაიმართა. სოციალური, ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტის მიზნით პოლიტიკურ დაპირისპირებაში მყოფი მხარეების ერთი მაგიდის ირგვლივ ორგანიზებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტვირთულობს. შეხვედრები თითქმის ყოველთვიურად ტარდება, თუმცა მთელი მისი ისტორიის მანძილზე, მხარეების მიერ გამოთქმული პროტესტისა და ბოიკოტის გამო ტაიმ–აუტებსაც ჰქონია ადგილი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც წესი, საქმეს სკურპულოზულად ეკიდება. თავდაპირველად ერთი კარავი იდგმებოდა ერგნეთში მომლაპარაკებელი მხარეებისთვის. შარშან წინ კი მეორე კარავიც გაჩნდა – ჟურნალისტებისთვის. ამით მისია შეეცადა ერთის მხრივ მედიის მუშაობა უფრო კომფორტული გაეხადა, ვიდრე ეს მანამდე იყო და მეორეს მხრივ შექმნა სივრცე ოს კოლეგებთან კომუნიკაციისთვის ქართველი ჟურნალისტებისთვის. თუმცა ევროკავშირის სტუმართმოყვარეობით, ჩაით და ყავით ოსი კოლეგები ნაკლებად სარგებლობენდნენ, როგორც წესი. ისინი კომენტარების ჩაწერისთანავე ტოვებდნენ ერგნეთს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აღნიშნული ინიციატივის მიმართ მადლიერების სიტყვებს ქართველი ჟურნალისტები არასდროს იშურებდნენ, თუმცა ამჯერად ვითარება შეიცვალა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ახალი რეგულაციები დააწესა მედიისთვის, რამაც ერგნეთში მუშაობა არც თუ კომფორტული გახადა. უკვე მეორე შეხვედრაა, რაც ერგნეთში ჟურნალისტებისთვის წითელი ლენტებია გაბმული და ტერიტორიაა შემოსაზღვრული იმისთვის, რომ მედია მისთვის განკუთვნილ სივრცეს არ გასცდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე მხოლოდ ასისტენტის როლით შემოიფარგლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის: „შეხვედრის ორგანიზებას აწყობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია და იმ მიზნით, რომ ის კარგად გაშუქდეს და ჟურნალისტებისთვის არ შეფერხდეს რამე, მოხდა გარკვეული რეგულაციების დაფიქსირება. თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტებს ექნებათ რაიმე ტიპის შეზღუდვები ან შეფერხებები.“

თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებიდან დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მომლაპარაკებელ მხარეებს დისკომფორტი ექმნებათ შეხვედრის დროს, რადგან მათ ახლო–მახლო მუდმივად ტრიალებს მედია, რომელსაც შეუძლია როგორც ხმის, ასევე გამოსახულების ჩაწერა, რის შედეგადაც პრივატული საუბარი საჯარო სივრცის ნაწილად ძალიან მარტივად იქცევა.

უცნობია, კონფიდენციალური კომუნიკაციის დაცვის მოთხოვნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინაშე საკითხი ქართულმა მხარემ დააყენა, ოსურმა თუ რუსულმა. უცნობია, ვის უქმნიდა დისკომფორტს მედია ერგნეთში. დიდი ალბათობით, მსგავსი პრეტენზიის არსებობის გარეშე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი ინიციატივით, მედიისთვის რეგულაციებსარ დააწესებდა.

რაც შეეხება ერგნეთის შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, მათ შესახებ კახა ქემოკლიძე აცხადებს: „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდება გიორგი გიუნაშვილის საქმეზე. მოგეხსენებათ, ეს ადამიანი კვლავ იმყოფება ცხინვალის ეგრეთ წოდებულ ციხეში. ასევე ვისაუბრებთ ბაშარულის შესახებ (19 წლის დავით ბაშარულის გარდაცვალების მიზეზი დღემდე დაუდგენელია. უკანასკნელად ის ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს 2014 წლის 4 ივნისს. მომდევნო 6 თვის განმავლობაში მას ეძებდნენ, 2015 წლის იანვრის დასაწყისში კი მისი ცხედარი ახალგორის მახლობლად ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ბაშაულის გარდაცვალების მიზეზი დღემდე ვერ დადგინდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაშ რუსული მხარე ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა, თუმცა პასუხების თაობაზე ინფორმაცია არ გაუჟღერებია, – ნ.დ.).

დე–ფაქტო ხელისუფლებამ წინა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბაშარულის საქმის გამოძიება შეწყდა. ჩვენთვის ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი გამომდინარე იქიდან, რომ კითხვის ნიშნები, რაც ამ საქმეზე არსებობდა,პასუხგაუცემელია. განსაკუთრებული ყურადღება დღეს ასევე გამახვილდება ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც გაგრძელდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ვისაუბრებთ იმ პრობლემაზე, რომელიც შექმნილია ამ პროცესის შედეგად. გასულ თვეში დაფიქსირდა ასევე უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენის ფაქტი ცენტრალური მთავრობის მიერ კონტრილირებად საჰაერო სივრცეში, რაც არის ცალსახად დიდი პრობლემა და გამოწვევა უსაფრთხოების თვალსაზრისით და განვიხილავთ მას დეტალურად, რადგან წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული მასალა. გენადი ბესტაევის საქმეც განიხილება დღეს. დე–ფაქტო ხელისუფლებამ მისი დაკავება დაადასტურა და ვიცით, რომ მიესაჯა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.“

ჟურნალისტები, ვინც დღეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის შეხვედრას აშუქებდა, წუხდნენ იმის შესახებაც, რომ მედიისთვის დაწესებული ახალი რეგულაციიდან გამომდინარე მინიმუმამდე დადის მათი ოს კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG