ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის 2 დღიანი ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა


გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს თანამშრომლობისკენ მოუწოდა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში, 14 ნოემბერს, „ნატო"-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრით დასრულდა.

შეხვედრას, პრემიერის გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროინტეგრაციის სივრცეში, ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დაესწრენ. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია გაიმართა.

რასმუსენის თქმით, შეხვედრა დადებითი და კონსტრუქციული იყო, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო „ნატო"-ს ერთგული პარტნიორია. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველომ „აისაფი"-ს (ISAF) მისიაში ჯარი გააორმაგა და 2014 წლის შემდეგ წვრთნის მხარდაჭერის და დახმარების მისიაში მონაწილეობის მიღებაში მზადყოფნა გამოთქვა. შესაბამისად, ალიანსიც თავის დაპირებების ერთგული რჩება.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი იყო, რაც დემოკრატიულ სტანდარტს შეესაბამებოდა. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატიის ჭეშმარიტი ტესტი არის ორი სხვადასხვა მხარის უნარი - ერთად თანამშრომლობა შეძლოს.

გენერალურმა მდივანმა პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რაც, მისი თქმით, საქართველოს მომავლისთვის და ხალხისთვის სასარგებლო იქნება.

თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ იგი და განერალური მდივანი ყველა მნიშვნელოვან საკითხში თანხმდებიან. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ რასმუსენის მსგავსად, მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო კომისიის გადადებისა და საქართველოში განხორციელებული დაპატიმრებების გამო.

ივანიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ის კრიტიკული სიტუაცია, რომელიც ბოლო დროს განვითარდა, წინა მთავრობის მხრიდან ფასადური გამონათქვამებით დაკმაყოფილების ბრალი იყო. მისი თქმით, მკვეთრად აღინიშნებოდა გამჭვირვალეობის ნაკლებობა საზოგადოებასა თუ ჯარის შენაერთებში.

„ამერიკის ხმა"-სთან ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მომავალ მინისტერიალზე და მოსამზადებელ ეტაპებზე. მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან ავღანეთის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე 2014 წლის შემდეგ.

ჯეიმს აპატურაიმ დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა. მისი გადმოცემით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ძირეულ საკითხებზე ორივე მხრიდან სრული კონსენსუსია.

რასმუსენის წარმომადგენელი, ასევე, შეეხო უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ დაკავებებს საქართველოში და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ორივე მხარე - პრემიერ მინისტრიც და გენერალური მდივანიც - შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ გამოძიება უმაღლესი სტანდარტის დაცვით უნდა განხორციელდეს.

შეხვედრის ბოლოს, რასმუსენმა ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება „ნატო"-ს წევრი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG