ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კილტი - ამერიკული კულტურის ნაწილი


ამერიკელი ქალები პოლიტიკურ შეხედულებებს კილტის დიზაინის საშუალებით გამოხატავდნენ

ამერიკული კილტის ისტორია 1830 წლიდან იღებს სათავეს. დღემდე დალიანდაგებული საბნის შესაკერად ურთულესი ტექნოლოგია გამოიყენება. ხასხასა ფერების ჰაეროვანი აბრეშუმით და ფაფუკი ხავერდით შეკერილი ამერიკული კილტი პოპულარობით მეცხრამეტე საუკუნიდან სარგებლობს.

ვაშინგტონში ქალთა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში 35 დალიანდაგებული საბანია გამოფენილი. გამოფენის კურატორი - ვირჯინია ტრეინერი ამბობს, რომ ყველა ექსპონატი ამერიკული კილტის ტრადიციის 150-წლიან მემკვიდრეობას წარმოადგენს.

„დალიანდაგებული საბნის ტრადიცია მთელს მსოფლიოში არსებობს. თუმცა აქ გამოფენილი ნიმუშები ამერიკის ისტორიული მემკვიდრეობაა და ისინი ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენენ.“

ტრეინერის თქმით, ამერიკელმა ქალებმა კილტის კერვა რამდენიმე მიზეზის გამო დაიწყეს:

„კერვა ქალის აუცილებელი ხელსაქმე იყო. ნემსი და ძაფი იმდროინდელი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ქალი იძულებული იყო ტანსაცმელი ოჯახის წევრებისთვის თავად შეეკერა.“

აქედან გამომდინარე ამერიკელ ქალებში კერვის ტრადიციამ შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარებას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ დალიანდაგებული საბნის შექმნა ჯგუფური პრინციპით ხდებოდა, ძალზე ბევრი ამერიკული კილტი შემორჩა ისტორიას, რომელსაც მხოლოდ ერთი ავტორი ჰყავს.

ვაშინგტონის ქალთა ხელოვნების მუზეუმში გამოფენილ კილტებს შორის არის ისეთიც, რომელზეც შემქმნელებმა თავის დროზე საკუთარი ინიციალები ამოქარგეს.

ვიდრე ამერიკელი ქალები 1920 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებდნენ, საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს კილტის დიზაინის შექმნის დროს იყენებდნენ:

„როგორც ჩანს, ამ საბნის მკერავი ენდრიუ ჯექსონის მხარდამჭერი იყო.“

ვაშინგტონის მუზეუმში გამოფენილმა ექსპოზიციამ კილტის შესახებ შექმნილი ზოგიერთი მითი დაანგრია:

„ყველაზე გავრცელებული მითის მიხედვით, ადრინდელი კოლონიზატორი ქალები დალიანდაგებულ საბნებს, საკუთარი ტანსაცმლის და ნაჭრებისგან კერავდნენ, რათა ზამთარში გამთბარიყვნენ. თუმცა ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.“

ტრეინერის თქმით, კილტს მდიდარ ამერიკულ ოჯახებში გაზრდილი ქალები კერავდნენ. ღარიბებს არ შეეძლოთ კილტისთვის საჭირო ნაჭრები და ძაფები შეეძინათ.

1970 წელს ამერიკული კილტის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - დალიანდაგებული საბანი ხელოვნების ნიმუშის სახით მუზეუმებსა და ოჯახებში გამოფინეს:

„ამ ფაქტმა ძალზე ბევრი ადამიანი გაახარა. კილტს ჰქონდა იმის უფლება, რომ ხელოვნების რანგში ასულიყო.“

ამერიკული დალიანდაგებული საბნის ტრადიცია 1970 წლიდან დღემდე გრძელდება. შერთებულ შტატებში ხელოვნების ეს დარგი მულტიმილონიან ინდუსტრიად იქცა და კილტი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG