ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 იანვრის მოვლენები და პასუხგაუცემელი კითხვები


მაისის ბოლო პარასკევს, შეერთებული შტატების სენატში ჩატარებულ კენჭისყრაზე, ექვსი ხმა დააკლდა და არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება შექმნილიყო ორპარტიული კომისია, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებდა.

სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და სხვა რესპუბლიკელები ამ თავდასხმის კიდევ ერთ გამოძიებას მტკიცედ ეწინააღმდეგებიან და ამიტომ, სავარაუდოდ, ასეთი კომისიის შექმნის ძალიან ცოტა შანსი ჩანს. თავდაპირველად, მაკკონელმა არეულობის წაქეზებაში ბრალი ტრამპს დასდო, მაგრამ შემდეგ რესპუბლიკელებს მოუწოდა ორპარტიული კომისიის შექმნისთვის მხარი არ დაეჭირათ, რადგან, როგორც მან აღნიშნა, სხვა გამოძიებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

“არ არსებობს იმ დღის შესახებ ახალი ფაქტი, რომლის გამოსავლენადაც დემოკრატების ზედმეტი “კომისია” გვჭირდება... გავაგრძელებ ნამდვილი, სერიოზული მუშაობის მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი კრიმინალური მართლმსაჯულების და ჩვენი საკუთარი სენატის კომიტეტები ატარებენ”, თქვა მაკკონელმა პროცედურული კენჭისყრის წინ.

თუმცა ამ საკითხზე კითხვები ბევრს აქვს. ნიუ-იორკში ბაზირებული გლობალური დაზვერვის ფირმის, “სუფან გრუპის” პოლიტიკის და კვლევის დირექტორი კოლინ კლარკი ამბობს, რომ მას, როგორც ამერიკელს ეს აწუხებს. კლარკი ამბობს, რომ სენატის უარი, კონგრესის საგამოძიებო კომისია დაემტკიცებინა, “ისე გამოიყურება, რომ ადამიანებს რაღაც დასამალი აქვთ.”

სენატის და წარმომადგენელთა პალატის სხვადასხვა კომიტეტები - შიდა უსაფრთხოების, ზედამხედველობის, იურიდიული - ამ საკითხზე მოსმენებს ატარებენ, მაგრამ კომიტეტების გამოძიების დიაპაზონი, მათი კონკრეტული იურისდიქციით და კომპეტენციის ფარგლებით განისაზღვრება.

კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს იუსტიციის დეპარტამენტიც. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამოიცნო, იპოვა და ბრალი წაუყენა ამ თავდასხმის ჩამდენებს და მონაწილეებს. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენის მთავარი მიზეზები და ვაშინგტონის საკვანძო მოთამაშეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონის და მართლწესრიგის კომპეტენციის საზღვრებს სცდება.

პრეზიდენტ ბაიდენს შეეძლებოდა აღმასრულებელი ბრძანებით საპრეზიდენტო კომისია დაენიშნა, რომელიც 6 იანვრის ამბებს გამოიძიებდა. ასეთ მიდგომას წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეეწინააღმდეგა. ეროვნული კონტრ-ტერორისტული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის სიმუს ჰიუზის აზრით, ასეთ მიდგომას უარყოფითი მხარებიც აქვს. მან აღნიშნა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო არ გაუზიარებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას, თუ კომისიის წევრებს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება არ ექნებოდათ. დაშვების მიღების განხილვას კი მთელი თვის განმავლობაში მუშაობა სჭირდება.

კითხვები აშშ-ის სამართალდამცავ სუბიექტებს შორის 6 იანვრის წინ მიმდინარე კომუნიკაციაზეც არსებობს.

ჰიუზი მიანიშნებს, რომ ბიუროს მემორანდუმი, რომელიც არეულობამდე ერთი დღით ადრე, ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკიდან წამოვიდა, აფრთხილებდა ინტერნეტზე არსებულ კომუნიკაციაზე, რომელიც კაპიტოლიუმთან ძალადობას და “ომს” ეხებოდა.

“6 იანვრის წინ ყველაფერი წითლად ციმციმებდა [გამაფრთხილებელი ნიშნები არსებობდა]”, უთხრა ჰიუზმა “ამერიკის ხმას”. იყო ბევრი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც სამართალდამცავები უნდა გაეფრთხილებინა, რომ სერიოზული პრობლემა მზადდებოდა. მას სურს იცოდეს, კიდევ თუ არსებობდა რაიმე მემორანდუმი, რომელიც 6 იანვრის ძალადობის შესახებ წინასწარ იტყობინებოდა.

დემოკრატ კონგრესმენს კალიფორნიიდან ტედ ლიუს, რომელიც ტრამპის მეორე იმპიჩმენტის მცდელობის დროს, წარმომადგენელთა პალატის ცხრა მენეჯერს შორის იყო, აინტერესებს თუ არეულობის დაწყების შემდეგ ტრამპს ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია და საუბარი რას შეეხებოდა. მან “ამერიკის ხმასთან “ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ კაპიტოლიუმის პოლიცია უკეთ ინფორმირებული და აღჭურვილი უნდა ყოფილიყო, რომ მასიურ ბრბოს გამკლავებოდა.

ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ 6 იანვრის მოვლენების სრულად გაგების გარეშე, შემდეგი არჩევნებისკენ წინსვლა რთული იქნება. მათ ასევე აინტერესებთ იყო, თუ არა რაიმე ფინანსური ნაკადები, რომლითაც უცხოელი სუბიექტები ექსტრემისტულ ჯგუფებს აფინანსებდნენ.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კონგრესის და დამოუკიდებელი წყაროების ანარიშების “მოზაიკა” მომხდარის შეჯერებულ სურათს წარმოადგენს. მაგრამ, ყოვლისმომცველი გამოკვლევის გარეშე, 6 იანვრის მოვლენები ამერიკელებისთვის მთლიანად გასაგები ვერ იქნება. პოლიტიკური მოტივებით გამოძიებაზე უარის თქმა კი, მათი სიტყვებით, “ის არ არის, რასაც კარგი დემოკრატიები აკეთებენ”.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG