ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის რესპუბლიკელთა ლიდერი 6 იანვრის მოვლენების ახალი გამოძიების წინააღმდეგია


წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერი წინააღმდეგია, 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

კევინ მაკკარტი ამბობს, რომ წინააღმდეგია ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის ახალი გამოძიება დაიწყოს. 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალდა და ათობით დაშავდა. მაკკარტი მიიჩნევს, რომ ახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაში კომისიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი სხვა პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებიც უნდა გამოიძიოს.


გასულ კვირას, დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები შეთანმხდნენ იმ საგამოძიებო კომისიის ფორმასა და მასშტაბებზე, რომელმაც უნდა გამოიძიოს, როგორ და რა მიზნებით მოხდა ძალადობრივი თავდასხმა საკანონმდებლო ხელისუფლებაზე.

როგორც ჩანს, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერ ნენსი პელოსის აქვს რესურსი კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების რაოდენობის მოსაგროვებლად. თუმცა, კანონპროექტის ბედი პოლიტიკურად დაყოფილ სენატში ნაკლებად ნათელია.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი აცხადებს, რომ კონგრესის კომიტეტები უკვე იძიებს 6 იანვრის მოვლენებს, როცა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, თეთრი სახლის მახლობლად გამართულ პოლიტიკურ აქციაზე მხარდამჭერებს მოუწოდა კაპიტოლიუმისკნენ მსვლელობით წასულიყვნენ.

„დამატებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დემოკრატების ფოკუსი უგულვებელყოფს ამერიკის სხვა ქალაქებში მომხდარ პოლიტიკურ ძალადობას. მათ შორის, უკანასკნელზე, როცა 2 აპრილს, კაპიტოლიუმის პოლიციაზე სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. ყოვლად მიუღებელია ამერიკულ საზოგადოებაში ამ პოლიტიკური ძალადობის არსებობა და დაუშვებელია მისი უგულვებელყოფა“ - აცხადებს კევინ მაკკარტი.

იმ ფონზე, როცა მედიაში 6 იანვრის მოვლენები აქტუალობას კარგავს, ზოგიერთი რესპუბლიკელი ცდილობს, განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა და სერიოზულობა შეამციროს. გასულ კვირას, ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილი პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შესულ ტურისტებს შეადარა.

ტრამპის ოპონენტები კვლავ აცხადებენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას, დემოკრატიაზე თავდასხმად განიხილავენ და იმედოვნებენ, რომ საგამოძიებო კომისია ხაზს გაუსვამს მომხდარ ძალადობაში პრეზიდენტ ტრამპის როლს.

2021 წლის ექვს იანვარს, როცა სენატში საპრეზიდენტო არჩევენების შედეგების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტ ტრამპის 800-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა. თავდასხმაში მონაწილეთა ნაწილმა, ჩაამსხვრია ფანჯრები, შეტეხა კარებები და შენობაში შეაღწია. მათ დაიკავეს კონგრესის ორივე პალატა და ოფისები. 400-ზე მეტ თავდამსხმელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით უკვე წაყენებული აქვს, პროკურორები საქმის გამოძიებას განაგრძობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG