ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს ბელარუსში მომგებიანი სვლა ჯერჯერობით არ აქვს


ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ალექსანდრე ლუკაშენკო (მარჯვნივ)

უქმეებზე ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.

პარალელურად, 16 აგვისტოს, რუსეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებმა თავის ბლოგში საგანგაშო ცნობა გამოაქვეყნეს. მათ ტვიტერზე დაწერეს: "დიდ ამბავს ნუ ატეხთ (ჯერ)... თუმცა, რუსეთის სადამსჯელო პოლიციის/ეროვნული გვარდიის მსგავსი, არაიდენტიფიცირებული საბარგოების ორი კოლონა გადაიღეს ბელარუსის საზღვრიდან 400 კილომეტრში, რომლებიც პეტერბურგიდან მოემართებიან".

მოგვიანებით, განცხადება ბლოგერებმა უკან წაიღეს. აღმოჩნდა, რომ კოლონა ეკუთვნოდა ბელარუსების ნახევრადმილიტარიზებულ ჯგუფს. თუმცა, ონლაინ გამოხმაურება ვითომ რუსეთის სამხედრო გადაადგილებაზე ძალიან დიდი იყო. სწრაფად გაივლო პარალელები წინა კრიზისებთან და იმასთან, თუ როგორ ეხმარება რუსეთი პრორუსულად განწყობილ ძალებს მეზობელ ქვეყნებში.

2014 წელს მსგავსი სიტუაცია უკრაინისთვის რუსეთის ინტერვენციით და ყირიმის ანექსიით დასრულდა. თუმცა, ანალიტიკოსები რუსეთისთვის ბელარუსში მოვლენების მსგავს განვითარებას ვერ ხედავენ. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მშვიდობიან დემონსტრაციებს ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ემატება.

"ინვესტირება ძალის გამოყენებაში, მეგობრულად განწყობილი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც ეს არ სურს, ძალიან რისკიანი იქნებოდა პუტინისთვისაც კი" - უთხრა ალექსანდრე ბაუნოვმა, კარნეგის მოსკოვის ცენტრის მკვლევარმა, "რადიო თავისუფლებას".

მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციები, თავისი ხასიათით, არ არის ანტირუსული. მოსკოვი კი ძალის გამოყენების შემთხვევაში, ანტირუსული განწყობების ზრდით რისკავს და "ეს მოსახლეობას განწყობებს შეუცვლის".

მაგრამ, მოსკოვი მხოლოდ დამკვირვებლის როლში, სრულიად ურეაქციოდაც ვერ იქნება. 15 აგვისტოს ლუკაშენკომ თქვა, რომ ის პუტინთან დარეკვას აპირებდა. პასუხად პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები უცხოეთის ძალების მიერ არის ორკესტრირებული და მათი სამიზნე არამარტო ბელარუსი, არამედ რუსეთიცაა.

რუსეთის და ბელარუსის ლიდერებმა უქმეებზე ორჯერ ისაუბრეს. მეორე საუბრის შემდეგ კი კრემლმა უკვე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება (CSTO) ახსენა. ოღონდ, ეს ისე გააკეთა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის სახელი და გვარი განცხადებაში არსად მიუთითებია.

"გრძელდება განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში შექმნილ სიტუაციაზე, გარედან ზეწოლის გათვალისწინებითაც. რუსეთის მხრიდან, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს ბელარუსს აუცილებელი დახმარება პრობლემების გადასაჭრელად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საფუძველზე" - აცხადებს კრემლი საკუთარ ვებგვერდზე.

მინსკელი პოლიტოლოგის არტიომ შრაუბმანის თქმით, რუსეთმა გარკვევით თქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საფუძველზე ჩაერევა, თუ საქმე "უცხოეთის აგრესიასთან" ექნება. ეს წინააღმდეგობაში მოდის ლუკაშენკოს განცხადებასთან, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი ბელარუსს "პირველივე დაძახებაზე" დაეხმარება. ანალიტიკოსის აზრით, კრემლის 16 აგვისტოს განცხადებაში ლუკაშენკოს გვარის არმოხსენიება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ლუკაშენკოს პოპულარობის მკვეთრ ვარდნას ანგარიშს უწევს.

"მოსკოვისთვის წამგებიანი პოზიციის მხარდაჭერა, ძალიან დიდ ძალისხმევას ნიშნავს" - უთხრა შრაუბმანმა "დოჟდს", რუსეთის დამოუკიდებელ მაუწყებელს. "ამას დიდი საოკუპაციო არმია დასჭირდება, რომელსაც საქმე ადგილობრივ პარტიზანულ ომებთან ექნება. არ მგონია, რომ კრემლი ამისთვის მზად იყოს".

საბოლოო ჯამში, ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ კრემლს ჯერ გადაწყვეტილება ბელარუსთან დაკავშირებით არ მიუღია. მოსკოვი აშკარად თავს იკავებს ლუკაშენკოს მთავრობისთვის კონკრეტული სამხედრო ხასიათის დაპირებების მიცემისგან.

- - -

მასალა მომზადდა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, მეთიუ ლუქსმურის სტატიის საფუძველზე.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG