ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი იზოლაციაში: მედიის თქმით ის სოჭის იდენტური ოფისიდან მუშაობს


რუსული გამოცემა აცხადებს, რომ კრემლმა პრეზიდენტ პუტინისთვის სოჭში, მოსკოვთან მდებარე მისი ოფისის იდენტური სივრცე შექმნა და პრეზიდენტი ხშირად და ფარულად შავი ზღვის ამ ქალაქიდან მუშაობს.

„პროექტ მედიის“ ინფორმაციის დამოუკიდებელი გადამოწმება ვერ ხერხდება. მათი თქმით, კრემლის პრესსპიკერმა გამოცემას არ უპასუხა.

კიდევ ერთმა რუსულმა ონლაინ გამოცემამ “დეილი სტორმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პესკოვი აღნიშნულს უარყოფს. ის აცხადებს, რომ პუტინი „მოსკოვში მუშაობს“ და ზოგჯერ სამსახურებრივ მოგზაურობაში მიდის.

ეს ინფორმაცია, თუკი ის სიმართლეს შეესაბამება, ამყარებს ეჭვებს, რომ კრემლი კოვიდ-19-ის პირობებში პუტინის იზოლაციას ცდილობს. ამას მოსკოვი ფარულად აკეთებს და ისე წარმოაჩენს, თითქოს პუტინი შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.

გამოცემამ „პროექტ მედია“ ინფორმაცია ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მათ ასევე შეისწავლეს საპრეზიდენტო თვითმფრინავის საჰაერო მიმოსვლის მონაცემები, რომელსაც პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით და გარეთ სამოგზაუროდ იყენებს და შეადარეს პუტინის ნოვო-ოგარიოვოს ოფისის ფოტოებს, მის მეორე ოფისს.

რუსეთმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები მიიღო და ქვეყანა ჩაკეტა. მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვაც.

პუტინი პანდემიის განმავლობაში, ძირითადად მოსკოვთან მდებარე, ნოვო-ოგარიოვოს ოფისიდან ატარებს ვიდეო კონფერენციებს, მთავრობის მინისტრებთან და გუბერნატორებთან. ის სწორედ აქედან მართავს სატელევიზიო მიმართვებსაც. მან რამდენიმე პირისპირი შეხვედრა გამართა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების და სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელებთან.

საკუთარ გამოძიებაში, გამოცემამ „პროექტი მედია“ მტკიცებულებად პუტინის მიერ 2 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული ვიდეო-კონფერენცია მოიყვანა. კრემლმა შეხვედრის ფოტო გაავრცელა და თქვა, რომ პუტინს კონფერენცია მოსკოვიდან მიჰყავდა. თუმცა, პუბლიკაცია ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამშრომლები იმ დღეს სოჭში იმყოფებოდნენ და 3 ნოემბრის საჰარო მიმოსვლის მონაცემები აჩვენებს, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი სოჭიდან სანქტ-პეტერბურგში გადაფრინდა.

პუტინის ინფექციისგან დასაცავად, კრემლის მიერ მიღებული ზომები მოიცავს ასევე „დეზინფექციურ გვირაბებს“ კრემლში და ნოვო-ოგარიოვოში. კრემლში დეზინფექციური სკანერებია განთავსებული, აეროპორტის უსაფრთხოების მსგავსად, რომელიც გამვლელებს ანტისეპტიკურ ხსნარს აპკურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG