ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი უკანდახევას არ აპირებს


რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის კრიტიკას უარყოფს და დეპუტატებს ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად სამხედრო დიდების აღდგენას პირდება

ყოველწლიური მიმართვა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და დეპუტატებს მომავლის გეგმებს აცნობს, პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის პირველი გამოსვლა იყო. ვლადიმირ პუტინის მესამე ვადის დაწყება რუსეთში საგაზაფხულო მასობრივი დემონსტრაციებით აღინიშნა. მსგავსი მასშტაბის საპროტესტო აქცია რუსეთს საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ არ ახსოვს. პრეზიდენტს კრიტიკოსები კორუფციული მართვის სტილში და მკაცრად კონტროლირებადი პოლიტიკური სისტემის შექმნაში დებენ ბრალს.

ვლადიმირ პუტინმა კრემლის წმიდა გიორგის დარბაზში შეკრებილ კანონმდებლებს, ოფიციალურ პირებს და მთავრობის სხვა წევრებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა. გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას უცხოეთის არცერთ მთავრობას მისცემს.

პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დაუშვებელია“ - აღნიშნა პუტინმა. მქუხარე ტაშის შემდეგ მან განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობისთვის, ამ შემთხვევაში კი - პოლიტიკური მოღვაწეობისთვის - ხელფასს უცხოეთიდან იღებს, ის სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და ამიტომ რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკოსი ვერ იქნება.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პუტინმა დასავლეთს, კერძოდ კი შეერთებულ შტატებს იმ მასობრივი პროტესტის ინსპირირებაში და სუბსიდირებაში დასდო ბრალი, რომელიც დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ამ ბრალდებას ოფიციალური ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფს.

პუტინის ხელშეწყობით რუსეთში ბევრი უცხოური ორგანიზაცია დაიხურა. მათ შორის აღმოჩნდა USAID, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც 20 წელიწადზე მეტია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ცდილობს. მათი პროგრამები რუსეთში დიდი წარმატებით და სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. თუმცა, კრემლმა ჩათვალა, რომ ორგანიზაცია სახსრებს ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით იყენებდა, რასაც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ასევე უარყოფს.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ძალაში 20 ნოემბრიდან შევიდა, ყველა არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სუბსიდირებას საზღვარგარეთიდან იღებს, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც „უცხოეთის აგენტი“. კანონის თანახმად, ასეთ სტატუსზე უარის შემთხვევაში ორგანიზაციებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქრებათ და სულ ცოტა 500 ათასია რუბლის ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან. ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყველა მასალაზე, მათ შორის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და ინტერნეტში გავრცელებულზე, მითითებული უნდა იყოს განმარტება „უცხოეთის აგენტი“. ტერმინი სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს და შპიონაჟთან ასოცირდება.

პუტინის გამოსვლა წინ უძღვის მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ახალ ტალღას. რუსეთის ოპოზიცია მისი პოლიტიკის წინააღმდეგ ქუჩებში მიტინგების ახალ რაუნდს გეგმავს. მოსკოვის მერიას აქციების გამართვის თაობაზე ნებართვა ჯერ არ გაუცია, მაგრამ ოპოზიცია მაინც ცდილობს თავისი გაიტანოს და ხალხს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს. თუკი ისინი მიტინგს აუცილებელი ნებართვის გარეშე გამართავენ, მათ წინააღმდეგაც კანონის ახალი შესწორება ამოქმედდება, რომელიც უწინდელზე 150-ჯერ დიდ ჯარიმას ითვალისწინებს. ჯარიმა ქვეყნის მოქალაქეთა საშუალო წლიურ შემოსავალს აღემატება.

ეს მხოლოდ რამდენიმე საკანონმდებლო ზომაა მთელ სერიაში, რომლითაც კრემლი საკუთარი მოსახლეობის სამოქალაქო თავისუფლებების ლიმიტირებას და უცხოეთის გავლენის შეზღუდვას ცდილობს. დასავლეთის არაორაზროვან კრიტიკაზე რუსეთის დუმა აცხადებს, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებს და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მიღებული გადაწყვეტილებები დემოკრატიის განვითარების შეფერხებად არ უნდა იყოს აღქმული.
რუსეთის პოლიტიკურ სისტემას ცვლილებები და მოდერნიზაცია სჭირდება, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა დუმის წინაშე გაკეთებულ გამოსვლაში. მაგრამ ცვლილება, მისი თქმით, ცივილიზებული დიალოგის სურვილით უნდა იყოს ნაკარნახევი და არა ქვეყნის დანგრევის მიზნით.

„ცივილიზებული დიალოგი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან არის შესაძლებელი, რომლებიც ასევე ცივილურად წარმოადგენენ, აყალიბებენ და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს, თუ მოთხოვნებს. მათი დასაბუთება ლეგიტიმურად, კანონთან შესაბამისობაში უნდა მოხდეს“- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო არენაზე პუტინის განცხადებით, რუსეთი საკუთარი ეროვნული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებას და განმტკიცებას შეეცდება. ამასთან პრეზიდენტი კანონმდებლებს არმიის გაძლიერებას დაპირდა, რაც ქვეყნის უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის მტკიცე გარანტს წარმოადგენს. პუტინი რუსეთის მოქალაქეებს უცხოურ ენერგორესურსების ექსპორტირებაზე დამოკიდებულების მაქსიმალურ შეზღუდვას, მაღალი ტექნოლოგიების სტიმულირებას, სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის შემცირებას და 25 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს აღუთქვამს.
XS
SM
MD
LG