ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: უკრაინა უფსკრულისკენ მიექანება


„პუტინისთვის ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო. ამით ხელმძღვანელობდა ის უკრაინაშიც" - ბორის ნემცოვი.

მას შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ შეტაკებებში სამი პრორუსული ორიენტაციის მომიტინგის დაღუპვის ცნობები გავრცელდა, ვლადიმირ პუტინი რუსული ტელეარხების ეთერში გამოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის რეჟმში ისაუბრა. მან უკრაინის ახალი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ისინი „უფკრულისკენ მიექანებიან“ და ქვეყნის ლიდერებს დიალოგისკენ მოუწოდა.

მიმართვაში, პუტინმა პირველად აღიარა რუსეთის არმიის ყირიმის ნახევარკუნძულზე გააქტიურება. გასულ თვეში მომხდარ ანექსიას ის აქამდე შენიღბულ შეიარაღებულ ადამიანებს აბრალებდა, რომლებიც ყირიმში „თავდაცვით“ ძალებს წარმოადგენდნენ. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ისევ არაფერი თქვა რუსეთის მონაწილეობაზე ყირიმის მიღმა, აღმოსავლეთ უკრაინაში და იმ ძალებზე, რომლებიც იქ აქტიურობენ.

რუსული შენაერთების აღმოსავლეთ უკრაინაში ყოფნას მან სისულელე უწოდა, უკრაინის ხელისუფლების მიერ რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანა კი დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა. პუტინმა უკრაინის თანადგომისთვის დასავლეთიც მკაცრად გააკრიტიკა და უკრაინის მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ხალხის ჩაგვრაში და მათი კანონიერი უფლებების უგულვებელყოფაში დასდო ბრალი. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ სცნობს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც 25 მაისს უნდა გაიმართოს.

პუტინის თქმით, არჩევნები უკრაინის კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან ვიქტორ იანუკოვიჩი ჯერ კიდევ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტია. რუსეთის პრეზიდენტმა იანუკოვიჩის განდევნის შემდეგ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის 80 პროცენტით გაძვირების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკანდახევას არ აპირებს. პუტინი აფრთხილებს უკრაინას იმის თაობაზე, რომ თუკი ის არსებულ დავალიანებას ერთი თვის განმავლობაში არ დაფარავს, მოსკოვი გაზის საფასურს წინასწარ გადახდით მოითხოვს. მან ევროპას მოუწოდა, უკრაინას ამ საქმეში ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინის ტვირთის ერთპიროვნულად გაზიარებას. მან ევროპელ პარტნიორებს და მეგობრებს უკრაინის დახმარების საკითხზე რაც შეიძლება სწრაფად შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა. „ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ სინამდვილეში უკრაინის კეთილდღეობა გაწუხებთ და უკრაინელი ხალხი გიყვართ“ - განაცხადა პუტინმა.

ისაუბრა რა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ოთხმხრივი შეხვედრა წარმატებით დასრულდებოდა და რომ ხალხებს შორის „ნამდვილი დიალოგი“ დაიწყება. ჟენევაში უკრაინას და რუსეთს შორის შექმნილ კრიზისულ სიტუაციას შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუსეთის და უკრაინის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები განიხილავენ.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი თავიდანვე არ გამოუხატავს. შეერთებული შტატები ოთხმხრივ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის კრიზისში ისეთ გარდატეხას არ ელის, რომ რუსეთზე ახალი სანქციების დაწესება საჭირო აღარ გახდეს. ახალ სანქციებს მოსკოვის მიმართ ობამას ადმინისტრაციასთან ერთად, ევროკავშირიც აწესებს. ამერიკა უკრაინის სამხედრო ძლიერების განსამტკიცებლად დახმარებას ქვეყანას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

პუტინს რომ უკრაინაში მცხოვრები რუსების ბედი მართლა ადარდებდეს, პირველ რიგში თავისივე ქვეყანაში მცხოვრებ რუსებს მიხედავდა - აცხადებს „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბორის ნემცოვი, რუსეთის ეროვნული თავისუფლების პარტიის თანათავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს მოძრაობა „სოლიდარობას“ ხელმძღვანელობს.

ნემცოვის თქმით, „პუტინისთვის ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო. ამით ხელმძღვანელობდა ის უკრაინაშიც. აშკარაა, რომ მთელი ეს ლაპარაკი რუსებზე ზრუნვის შესახებ ჯერ ერთი, ტყუილია. რუსებს არავინ ავიწროებს არც ყირიმში, არც უკრაინის აღმოსავლეთში. მას რომ მართლა რუსებზე ზრუნვა აწუხებდეს, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში რუსების სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნვა უნდა ერჩიოს. თორემ ჩვენთან სიცოცხლის ხანგრძლივობა, აფრიკის ქვეყნებს უტოლდება. მას რომ მართლა რუსების ბედი აწუხებდეს, ქვეყანაში განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარებას და სხვა ამგვარ საქმეებს შეუწყობდა ხელს. ის კი თავხედურად საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას უწევს ექსპლუატაციას და თვლის, რომ უკრაინის მიმართ აგრესია მის ირგვლივ იმპერიული განწყობის მქონე ხალხს გააერთიანებს, მათ ვინც ისტორიით შეურაცხყოფილია და „ცივ ომში“ თავს წაგებულად გრძნობს“ აღნიშნავს ბორის ნემცოვი.
XS
SM
MD
LG