ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინ 2020-ია, არჩევნებისა და დიდი ბატალიების წელი


2019 წელი ორ „ეტაპად“ იყოფა: ამბებად 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდგომ. ამ თარიღმა გავლენა იქონია და შეცვალა არა მხოლოდ 2019 წლის დინამიკა, არამედ საზოგადოების განწყობები და შეხედულებები, მათ შორის პოლიტიკური გემოვნებაც. 2019 წელს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი პროტესტი მიიღო, რაც არასდროს მანამდე და სწორედ ეს პროტესტი იქცა მის უმთავრეს პოლიტიკურ გამოცდად, რომელშიც რა ნიშანს დაუწერს საქართველოს მოსახლეობა, უკვე 2020 წელს შევიტყობთ.

20 ივნისი ერთგვარი წყალგამყოფია, ამ დღემ აჩვენა რამდენად მრავალმხრივი და საყოველთაო შეიძლება იყოს პროტესტი ეროვნული ღირსების შელახვის გამო. 20 ივნისს მოჰყვა ასევე უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი, რაც მრავლისმნახველ ქართველ საზოგადოებას მანამდე არ ენახა: სამოქალაქო და ეროვნული ღირსებისთვის ბრძოლა პოლიტიკური ლიდერების გარეშე.

რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსებას, „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ თავმჯდომარის რანგში, საზოგადოებისგან სპონტანური რეაქცია მოჰყვა. პროტესტი იმდენად მყისიერი იყო, რომ მან საზოგადოების ყველა ფენა ერთად შეკრიბა. თავად გავრილოვი და მისი კოლეგები მმართველმა გუნდმა გაძლიერებული დაცვის თანხლებით „გააპარა“ საქართველოდან. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. მისი ქართველი „ორგანიზატორი“, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დღემდე პოლიტიკურ განდეგილობაშია. მას შემდგომ ის ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამავე ამბის გაგრძელება გახლავთ ის, რომ მოგვიანებით, რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროტესტანტების დასჯა მოითხოვეს და მიიღეს კიდეც...

აღშფოთებული და შეურაცხყოფილი მოქალაქეები მმართველი პარტიისგან სამი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას. პროტესტის ლიდერებად მანამდე საზოგადოებისთვის უცნობი ახალგაზრდები მოგვევლინენ. მათ დაიკავეს ტრიბუნა რუსთაველზე, პარლამენტის წინ და განაცხადეს, რომ ისინი გამოხატავენ მხოლოდ საკუთარ თავს და არ არიან აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. უფრო მეტიც, პირველ ეტაპზე, ახალგაზრდები ტრიბუნასთან პოლიტიკოსებს არ უშვებდნენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ესაა საზოგადოების განწყობა და არა რომელიმე პარტიის მხარდამჭერების.

პარტიული ლიდერების გარეშე, ახალგაზრდებში დაბადებული პროტესტის ტალღა იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება მალევე შეელია პარლამენტის თავმჯდომარეს (კობახიძე თალაკვაძემ ჩაანაცვლა) და ოთხ დღეში გასცა მესამე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა: 24 ივნისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.

რაც შეეხება, ახალგაზრდების პირველ მოთხოვნას, „ქართულმა ოცნებამ“ ეს „ტექნიკურად“ გაითვალისწინა: გახარია შს მინისტრის პოსტიდან დაითხოვა და ის პრემიერ მინისტრად გადაიყვანა.

ხელისუფლებამ ახაგაზრდების პროტესტს ხისტი ძალა დაუპირისპირა და მშვიდობიანი გამოსვლები დაარბია, რამაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მიუხედავად სისხლისა და ტკივილისა, ახალგაზრდების ყოველდღიური პროტესტი რუსთაველზე სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა შემდგომ მან ფორმა იცვალა: ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი პროტესტის განსხვავებულ რეჟიმზე გადადიან და იწყებენ მზადებას არჩევნებზე ხელისუფლების შესაცვლელად.

ხელახალი და გაცილებით მასობრივი საპროტესტო ტალღა საქართველოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვის გატეხვას მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირების იგნორირება გადაწყვიტა და 15 ნოემბერს პარლამენტში კენჭისყრისას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩააგდო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის ახსნა შიდა პარტიული დემოკრატიით სცადეს და თქვეს, რომ პარტიის ლიდერი ზოგიერთ დეპუტატს ვერ უმტკიცებს პროპორციული სისტემის უპირატესობას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020-სთვის გადასვლის შეფერხება იმდენად დიდი შოკი იყო საზოგადოებისთვის, რომ მას უპრეცენდენტოდ მძლავრი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. თავად „ქართულ ოცნებას“ კი შიგნიდან მნიშვნელოვანი ბზარი გაუჩნდა. პარტიის, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვი, ასევე შეურაცხყოფილი პარტიის ბოსის გადაწყვეტილებით, ოცნებას გაემიჯნა. თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, გიორგი მოსიძე, ზაზა ხუციშვილი, გიორგი ბეგაძე, გუგა ბუკია და ზვიად ძიძიგური 15 ნოემბრის კენჭისყრის შემდგომ ოცნებას ჩამოცილდნენ.

რუსთაველი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ნოემბერ-დეკემბერში კვლავ მასობრივი პროტესტის ადგილად იქცა. რამდენიმეგზის პიკეტირებისა, დარბევების ტალღისა და პროტესტანტების დაკავებების შემდგომ, ხელისუფლება პოლიტიკურ დიალოგს დათანხმდა ოპოზიციასთან, სამოქალაქო აქტივისტების გარეშე. „მოლაპარაკებების“ მეოთხე ეტაპი ამ დროისთვის ჩავლილია და მას შედეგი ჯერ არ მოუტანია, თუმცა პროცესი, როგორც ამბობენ, გრძელდება.

რუსთაველის გამზირი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აღშფოთებული და სამართლის მძებნელი ადამიანების თავშეყრის უმთავრესი ადგილია, თითქმის სამი წელია ტრანსფარანტებითაა სავსე. პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქ უკვე მესამე წელია შვილის სიკვდილის გამოძიებას ითხოვს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მან პროტესტის რამდენიმე ტალღას „უმასპინძლა“. მალხაზ მაჩალიკაშვილი, იმის მიუხედავად, ვინ და რას აპროტესტებდა რუსთაველზე, პარლამენტის წინ დადგმულ კარავში რჩებოდა, თუმცა დამდეგ ახალ წელს სიახლეა. 2020-ის შეხვედრისთვის ხელისუფლებას გადაუდებლად „დასჭირდა“ სწორედ ეს ტერიტორია და მაჩალიკაშვილების კარავი ძალადობრივად, გამოხატვის თავისუფლების უფლების შელახვის ხარჯზე დაშალა. ამ ადგილას ხელისუფლებამ ბავშვებისთვის უნდა იზრუნოს და ატრაქციონებს ამონტაჟებს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, არ წამოეგონ მმართველი გუნდის პროვოკაციას და უარი თქვან „გართობის“ ამგვარ შეთავაზებაზე.

წინ 2020-ია, არჩევნებისა და დიდი ბატალიების წელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG