ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული მუშტი


"რუისული მუშტი"
"რუისული მუშტი"

რუისი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელია. თბილისი-სენაკის მაგისტრალზე მგზავრობისას, მისი შემჩნევა იოლადაა შესაძლებელი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ აქ აგრარული ბაზარია მოწყობილი, სადაც ადგილობრივები შიდა ქართლში მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს ყიდიან. სწორედ ამ ადგილის სიახლოვეს რუისელები სპორტული კომპლექსის მშენებლობის იდეას უკვე რამდენიმე ათეული წელია ელოლიავებიან.

კომპლექსისთვის შესაფერისი და განკუთვნილი ტერიტორია რა ხანია მოზომილია, თუმცა სხვა და სხვა მიზეზის გამო, იდეა ამ დრომდე ხორცშეუსხმელია. რუისელების არაერთი თაობის ბავშვობის მოგონებები აქ, სპორტული კომპლექსისთვის განკუთვნილ ადგილას ფეხბურთის თამაშს უკავშირდება. ისინი წლობით კვებავდნენ ოცნებას იმის თაობაზე, რომ თავად თუ არა, მათ შვილებს მაინც გაუმართლებდა და სპორტული კომპლექსი ეღირსებოდა.

„ფრანგის ბავშვს თუ აქვს, ესპანელის ბავშვს თუ აქვს სახლთან ახლოს სპორტული მოედანი, ჩვენს ბავშვებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? - გვეკითხებიან რუისელები და ჩვენი მხრიდან რომ ვთქვათ, რთულია ამ კითხვაზე ორჭოფული პასუხის გაცემა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელსაც დასავლური კურსი აქვს არჩეული და ამ გზაზე დასავლური სიკეთეებისა და საუკეთსო გამოცდილების ათვისება განუზრახავს.

სწორედ აქ, რუისის სპორტულ კომპლექსზე დგას სასწორი, რომელიც წონის დემოკრატიულობის ხარისხს ქვეყანაში, იმ სასწორების მსგავსად, რითაც მაგალითისთვის, იწონება საზოგადო და ხელისუფლების ინტერესებს შორის სხვაობა - დაწყებული უკონტროლო მშენებლობებზე ნებართვებით თბილისის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე, თუ სხვა. რუისის სპორტული მოედნის თემაც იმ ამბის გაგრძელებაა, როგორ ცდილობს სახელმწიფო, თავისი სხვადასხვა სტრუქტურით ორკესტრირებულ მოქმედებას, რათა დათრგუნოს საზოგადო ინტერესი, მოქალაქეების პროტესტი.

აი, რუისული მუშტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:41 0:00

რუისის სპორტული კომპლექსის ტერიტორიისთვის ქარელის მერიას განსხვავებული განზრახვები აქვს. მას სურს, ტერიტორია კომპანია „ბიგ-სერვისს“ მიაკუთვნოს, რათა შემდეგ მათ აქ ავტომანქანების სერვის-ცენტრი მოაწყონ. რუისელებს კი ეს ადგილი გასასხვისებლად არ ემეტებათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ამგვარი სერვის-ცენტრის მოწყობა სხვაგანაცაა შესაძლებელი, სპორტული კომპლექსისთვის კი ეს ადგილი იდეალურია, თანაც... და აქ კიდევ ბევრი „თანაც“ არსებობს.

რუისელებმა იკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ბიგ-სერვისის მესაკუთრეთა შორის, რუსეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ კომპანიას „რუსულ კომპანიად“ მოიხსენიებენ. პროტესტისთვის განკუთვნილ პოსტერებზე ისინი მიუთითებენ, რომ ის ადგილი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში რუსული ჭურვებით ბომბავდნენ, რუსულ კომპანიაზე არ უნდა გასხვისდეს, მათთვის ეს პრინციპული საკითხია, ერთის მხრივ, ღირსების შენარჩუნებისთვის და მეორეს მხრივ - უსაფრთხოების გამო.

„კომპანია „ბიგ-სერვისი“ , მე მგონი, ბერლინშია დარეგისტრირებული. მეწილეებს შორისაა დიმიტრი აბდუშელაშვილი. მისი ძმა, ზურაბ აბდუშელაშვილი ელჩია უზბეკეთში და ორივე მოიაზრებიან, როგორც ივანიშვილთან დაახლოებული პირები. "ბიგ-სერვისის" კიდევ ორი მეწილე რუსია და ორიც უზბეკეთის მოქალაქე. ამ კომპანიას ქუთაისში 100 ჰექტარი გადასცეს, 70 მილიონი ლარის ღირებულების ფართი, უფასოდ. ცხინვალთან ახლოსაა ჩვენი სოფელი, ის ტერიტორია ოკუპირებულია. საშიშროება არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს რუსული კომპანიაა, შესაძლებელია, ყველაფერი სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ“ - გვეუბნება ბონდო ბალიაშვილი, პროტესტის მონაწილე რუისიდან.

პროტესტანტმა რუისელებმა 31 ივლისს სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და მათი პოზიციის სრულყოფილი დემონსტრაციისთვის, ამ ადგილას, 2008 წლის აგვისტოში ჩამოყრილი რუსული ჭურვები მოიტანეს. "ამერიკის ხმის" კითხვაზე, იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა მშვიდობიანი მცხოვრებლების ხელში ჭურვის ასეთი ნარჩენები, გვიპასუხეს, რომ ომის შემდგომ ამ მიდამოებში გამნაღმველებმა იმუშავეს. თავად სპორტული კომპლექსის ადგილას ჩამოყრილმა ჭურვებმა ორი მოქალაქე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა.

მართალია, ტერიტორია სპეციალისტებმა საბრძოლო ნარჩენებისგან გაასუფთავეს, თუმცა, როგორც ჩანს, შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა წერტილის დათვალიერება. 31 ივლისს მოქალაქეების მიერ მოტანილი ჭურვები, რუსული საბრძოლო ნარჩენებია, რაც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ხეხილის ბაღებში იპოვეს. რუსული ჭურვებით აქციის მონაწილეები აჩვენებენ, რომ სპორტული მოედნის რუსულ კომპანიაზე გასხვისებას არ დაუშვებენ.

აშშ-ს ელჩი გორში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00

განსაკუთრებით საინტერესო იყო რუისელების ტრანსპარანტი 31 ივლისს: „აი, თოხი, აი, ბარი, აი, რუისული მუშტი“ - მითითებულია მასზე. რუისელები ამბობენ, რომ რუსულ კომპანიაზე ნაკვეთის მიყიდვა არ შეიძლება და ეს იმდენად მარტივი ჭეშმარტირებაა, როგორც მათთვის, მიწის დამმუშავებელი ადამიანებისთვის თოხი და ბარი. ხოლო ვისთვისაც ეს მარტივი საკითხი რთული გასაგებია, მას რუისული მუშტი მოხვდება.

მუშტის საკითხი, ცხადია, ფიგურალურია, რუისელები მშვიდობიანი ხალხია და ამიტომაც ეძებენ მშვიდობიანი და კანონიერი ბძროლის სხვადასხვა ხერხს. მაგალითად, როცა გაიგეს, რომ ამერიკის ელჩი გორში უნდა ჩასულიყო, მისთვის სცადეს ხმის მიწვდენა და იმ ადგილას მივიდნენ ტრანსპარანტებით, სადაც ელჩი უნდა მისულიყო. შეძლეს და წერილიც კი გადასცეს თავისი პრობლემატიკის ასახვით. შემდგომ აქცია თბილისში, ეკონომიკის სამინისტროსთან გამართეს - სურდათ ეკონომიკის სამინისტროსთვის თავისი თავი და მოსაზრება ცხადად დაეფიქსირებინათ. ცალკე საბრძოლო ფრონტი სასამართლოში აქვთ გაშლილი...

მოქალაქეები ხმასა და პოზიციას ადგილობრივი მერი იგნორირებას უკეთებს. შეუთანხმებლობისა და დაპირისპირების თავდაპირველ ეტაპზე, ის მოქალაქეებს რამდენჯერმე შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა. მერისთვის ცხადია, რომ მოქალაქეები იმ „სიკეთეს“, რასაც მერია სთავაზობს, "ბიგ სერვისის" სახით, არ იღებენ და მათ სხვა სიკეთე სჭირდებათ. ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაცია მოერგოს მოქალაქეების ინტერესებს, პირიქით ხდება - მერის ინტერესებზე მორგების იძულების კამპანია იწყება.

ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი, რუისელებთან დაპირისპირების პროცესში არაერთ სკანდალში გაეხვა. მაგალითად, ადგილობრვმა ტელევიზიამ გადაიღო, როგორ აგინა მან რუისელებს. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა, რუისელების ადვოკატმა, სარჩელიც კი მოამზადა. რუისში ჩასულ "ამერიკის ხმას" მერი არ შეხვდა, თუმცა ბოლოდროინდელი ინტერვიუთი, რომელიც სხვა მედია-საშუალებამ გააჟღერა, ის ამბობს: „ქარელის მუნიციპალიტეტის მერია და პირადად მეც, მივესალმებით ყველა ინვესტიციას ქარელის მუნიციპალიტეტში, რადგან ამ ინვესტიციას მოსდევს შემოსავლის გაზრდა, როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის გაზრდის თვალსაზრისით.

„ბიგ სერვისი“ დაინტერესებულია ამ მიწის ფართობით და აქ იგეგმება ელექტრომობილების გასამართი სადგურის მშენებლობა“. ამ განცხადებით, ქარელის მერი ადასტურებს, რომ სადაო მიწა სწორედ იმ კომპანიისთვის მზადდება, რომლის წინააღმდეგაც მოქალაქეები გამოდიან. მისი რიტორიკა კი ისე აჩვენებს საკითხს, თითოს ის უკვე გადაწყვეტილია ბიგ-სერვისის სასარგებლოდ.

ალექსი მერებაშვილი, რუისელი პროტესტანტების ადვოკატი, "ამერიკის ხმასთან" არ მალავს, რომ მერის კორუფციული გარიგებების არსებობის თაობაზე ეჭვობენ, რადგან სხვა მოტივით რთულად აიხსნება მისი ასეთი დაჟინება და მოწადინება. ქარელის მერიას მიწის ნაკვეთის გასხვისების უფლება, რამდენიმე თვის წინ სასამართლომ არ მისცა.

მას შემდგომ, მერია ცდილობს მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მოხვდეს, რადგან ამ უკანასკნელს უკვე აუქციონის გამოცხადების გარეშე შეუძლია მიწის გასხვისება. მრავალი საპროტესტო აქციის ფონზე, მრავალი პროცედურის შემდგომ, ეს ეტაპი მიღწეულია. ახლა რუისელები ეკონომიკის სამინისტროს სთხოვენ, რომ სპორტული კომპლექსის ტერიტორია არ გაასხვისოს.

მოქალაქეები სახელმწიფოს წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:37 0:00

ანი ბალიაშვილი პროტესტის მონაწილეა. ის ერთადერთი გახლდათ, ვინც სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაში მუშაობდა. სამოქალაქო აქტივიზმში ჩაბმის შემდგომ, მას სამსახური დაატოვებინეს. ანი, რომელიც მანამდე სანიმუშო თანამშრომლად ითვლებოდა, ახლა უმუშევართა რიგებს შეუერთდა, თუმცა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. სტატუსის დაკარგვაში კი ქარელის მერსა და მის გავლენიან სანაცნობოს ადანაშაულებს.

"ამერიკის ხმა" პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრის დროს, დაინტერესდა, დაფიქსირდა თუ არა მუქარები სამსახურის დატოვების შინაარსით, სხვა მოქალაქეების მიმართ. აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო პროტესტში ჩაბმული მოქალაქეები დასაქმებულები არ არიან. „იმის გამო, რომ ვუერთდებოდი პროტესტს, მსხვერპლი აღმოვჩნდი, გამათავისუფლეს სამსახურიდან. ვიცოდი, რომ ამგვარი საფრთხე არსებობდა, რამდენიმეჯერ გამაფრთხილეს ამის თაობაზე კიდეც, მაგრამ ვერ შევძელი გულგრილად დარჩენა მაშინ, როდესაც საქმე ამ ადგილის გასხვისებას ეხებოდა. დრო რომ უკან დაბრუნდეს და ჩემი გადაწყვეტილების შეცვლა შემეძლოს, მაინც იგივენაირად მოვქცეოდი. არ დავუშვებთ მე და ჩემო თანამოაზრეები, რომ აქ, სადაც რუსული ჭურვები ცვიოდა, ფართი რუსულმა კომპანიამ შეიძინოს“ - გვეუბნება ანი ბალიაშვილი.

„ჩვენს შორის, ერთადერთი, ანი იყო დასაქმებული და ისიც გაათავისუფლეს, ეს ბერკეტი მის მიმართ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ რა უნდა გვიყონ? ჩვეულებრივი გლეხები ვართ, ჩვენს მიწის ნაკვეთებს ვამუშავებთ და ასე გაგვაქვს თავი. დასაქმებულები რომ ვყოფილიყავით, ჩვენც დაგვემუქრებოდნენ და გაგვაგდებდნენ,“ - გვეუბნება ლადო ბუზიაშვილი, პროტესტის მონაწილე.

ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა. ის გადაწყვეტს, აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა რუისელების პოზიციასა და დამოკიდებულებას. მანამდე კი პროტესტანტები პროტესტის ახალი გზების ძიებაში არიან ყველა იმ მექანიზმის გამოყენებით, რის უფლებასაც კანონი იძლევა. ხელთ 1500 ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ ხელმოწერილი ფურცლები აქვთ - ყველა რუსული კომპანიის წინააღმდეგაა, თუმცა თვითმმართველობის უფლება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, გზის გადაკეტვითა, თუ „რუისული მუშტით“ - ეს სამსჯელო საკითხია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG