ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბაში ანტი-სამთავრობო აქციებზე ერთი ადამიანი დაიღუპა


კუბაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მხოლოდ ერთ დღეში პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. უკვე ვრცელდება პირველი ცნობები დაღუპულის შესახებ. ოფიციალური ცნობით გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

36 წლის მამაკაცი, ჰავანაში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს გარდაიცვალა.

დედაქალაქის მსგავსად საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს, მიმომხილველები ამბობენ, რომ ქვეყანაში ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრო აქციებია.

ანტისამთავრობო აქციებზე კუბელები რამდენიმე პრობლემურმა საკითხმა გაიყვანა. მათ შორისაა საკვების დეფიციტი, მაღალ ფასები, ელეტროენერგიის მიწოდების საკითხი და პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის ნაბიჯები.

კუბის სახელმწიფო მედიის ცნობით, ანტისამთავრობო აქციების პარალელურად ჰავანაში კუბის ყოფილი ლიდერი რაულ კასტრო პრეზიდენტ მიგელ დიაზ-კანელს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი პირებიც. შეხვედრაზე განხილული იყო კუბაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები.

კუბის მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ ანტისამთავრობო აქციებს ქვეყანაში ხელს ამერიკის შეერთებული შტატები უწყობს. პირდაპირ ეთერში საუბრის დროს მან თქვა, რომ პროტესტი კუბაში „ამერიკის მხრიდან ეკონომიკური სანქციების პოლიტიკის შედეგია“

კუბის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდი უწოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი კი ამბობს, რომ კუბის პრეზიდენტის განცხადება „სამწუხარო შეცდომაა“. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს კუბელ ხალხს.

კუბაში სამთავრობო შენობებთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, პარალელურად აქციები გრძელდება. კუბის მოქმედი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ანტისამთავრობო აქციები სოციალური მედიის საშუალებით ორგანიზდება.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა. მათ შორის შეზღუდულია წვდომა მობილურ შეტყობინებებზე, სოციალურ მედიებზე, როგორიცაა „ფეისბუქი“ და „ვოთსეფი“. ინფორმაცია ინტერნეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინტერნეტის მონიტორინგის კომპანიამ „ნეთბლოქსმა“ გამოაქვეყნა.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა არ შეზღუდულა. აქვე ის განმარტავს, რომ პრობლემები ამ კუთხით არის, თუმცა ეს ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდებას უკავშირდება.

„ჩვენ რთულ ვითარებაში ვართ, ქვეყანაში ელექტროენერგიის ნაკლებობაა, რაც ასევე აისახება ტელეკომუნიკაციური სერვისების მუშაობაზე,“- ამბობს კუბის საგარეო საქმეთა მინისტრო.

კუბაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ბევრი ქვეყნიდან ამერიკაში გაქცევას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა განცხადება გააკეთა და კუბელ ხალხს მოუწოდა ნუ შეეცდებიან, ზღვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას.

„ეს ამ რისკად არ ღირს,“- ამბობს ალეხანდრო მაიორკასი.

კუბაში დემონსტრაციები უკვე მესამე დღეა გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG