ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კუბელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს


კუბაში ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ანტი-სამთავრობო პროტესტის მონაწილეებს პრეზიდენტი ბაიდენი მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, კარიბის ზღვის კუნძულის მცხოვრებთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ.

"კუბელი ხალხი ავტორიტარული რეჟიმისგან თავისუფლებას ითხოვს. ვფიქრობ, ამგვარი პროტესტი ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება არასდროსაც არ გვინახავს", - თქვა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში საუბრისას. "ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს კუბელ ხალხს, მათ უნივერსალურ უფლებებსა და თავისუფლებებს და მოუწოდებს კუბის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალადობისგან კუბელი ხალხის დადუმების მცდელობისას".

ბაიდენმა ეს განცხადება იარაღის კონტროლის საკითხებზე ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრის დასაწყისში გააკეთა.

მან ასევე უარყო კუბის ხელისუფლების მტკიცება, თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატები კუბაში არეულობას ხელს უწყობდეს. ამას "სამწუხარო შეცდომა" უწოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და თქვა, რომ ათობით ქალაქის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის პოლიტიკასთან თუ ქმედებებთან საერთო არაფერი აქვს.

კუბის პრეზიდენტმა საკუთარ მინისტრებთან შეხვედრისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თქვა, რომ ქვეყანაში არეულობა "ამერიკის მხრიდან ეკონომიკური შევიწროვების პოლიტიკის" შედეგია.

ქვეყნის დედაქალაქში კვირას გამართული მასშტაბური ანტი-სამთავრობო პროტესტის შემდეგ პოლიციაა მობილიზებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG