ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება


ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გასაპროტესტებლად, რომელიც თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მისი დაკავების დროს გარდაიცვალა, შეერთებულ შტატებში საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.

აქციების დროს ძალადობის შემთხვევები კლებულობს. წინა ღამეებთან შედარებით, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში საპროტესტო აქციები შედარებით მშვიდობიანი იყო.

ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუსერმა ქალაქში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ზოგ შემთხვევაში საღამოს 7 საათზე იწყებოდა. მერის განცხადებიდან ნათელი არ იყოს ის, თუ რამდენი ხნით გაუქმდა შეზღუდვები.

სამხედრო პოლიცია, ფედერალური სამართალდამცავი დანაყოფები და ადგილობრივი პოლიცია ვაშინგტონის ქუჩებშია განლაგებული. თეთრი სახლის მიერ ზოგიერთი ამ უწყების ვაშინგტონში დისლოცირების გამო ფედერალურ მთავრობასა და ქალაქის ოფიციალურ პირებს შორის დაძაბულობა შეიქმნა.


მომიტინგეები ფლოიდის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებისთვის ბრალის წაყენებას ითხოვდნენ. ცოტა ხნის წინ, პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მკვლელობაში ხელშეწყობისთვის ბრალი წაუყენეს. დერეკ შოვინს კი, პოლიციელს, რომელიც დაკავებისას ფლოიდს კისერზე 8 წუთზე მეტხანს აჭერდა მუხლს, დანაშაული დაუმძიმდა.

შოვინს ახლა მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ახალი ბრალდება 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 15 წლით მეტს, ვიდრე თავდაპირველი, მესამე ხარისხის მკვლელობა.


მინესოტის შტატში მცხოვრები 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ოთხმა პოლიციელმა დააკავა. დაკავების მომენტი შემთხვევით გამვლელმა ტელეფონით გადაიღო.

ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG