ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საპროტესტო დემონსტრაციის დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა


ამერიკის დედაქალაქში საპროტესტო დემონსტრაციის დროს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც პოლიციის მიერ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა.

ვაშინგტონში, თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასობით ადამიანია შეკრებილი. მომიტინგეების ნაწილმა შაბათ საღამოს ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების შუშების მტვრევა დაიწყო. ისინი პოლიციას ქვებს და წყლის ბოთლებს ესროდნენ. პასუხად პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენა.

ვაშინგტონთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, დენვერში, ჩიკაგოსა და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვაშინგტონის მსგავსად, ძალადობრივ ტალღაში გადაიზარდა.


რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მინეაპოლისში და სენტ პოლში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

შაბათს, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა წესრიგის აღსადგენად და “გარედან მართული” დემონსტრანტების ჯგუფის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად.

ამ ფონზე, პენტაგონმა უკიდურესად იშვიათი გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე სამხედრო დანაყოფს მზადყოფნის ბრძანება მისცა. ეს სავარაუდოდ, მინესოტაში წესრიგის აღსადგენად ჯარის ჩართვისთვის მოხდა. ჯარის გაგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფედერალურ მთავრობას ამას მინესოტის გუბერნატორი სთხოვს.

ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე მინეაპოლისში პროკურორმა პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.


ორივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შოვინს შესაძლოა სულ 35 (25 პირველი და 10 მეორე ბრალდებისთვის) წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

დანარჩენ სამ ოფიცერს, რომლებიც დაკავების ინციდენტში მონაწილეობდნენ, ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG