ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინეაპოლისში მიმდინარე სამოქალაქო არეულობის ფონზე, ინციდენტში მონაწილე პოლიციელს ბრალი წაუყენეს


დერეკ შოვინი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელი

მინეაპოლისში პროკურორმა პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. შოვინი თეთრკანიანი ოფიცერია, რომელმაც შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ფლოიდი გარდაიცვალა.




ორივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შოვინს შესაძლოა სულ 35 (25 პირველი და 10 მეორე ბრალდებისთვის) წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

დანარჩენ სამ ოფიცერს, რომლებიც დაკავების ინციდენტში მონაწილეობდნენ, ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

ფლოიდის გარდაცვალებიდან მალევე მინეაპოლისში საპროტესტო დემონსტრაციები დაწყო, რომლებიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში გადაიზარდა. მინეაპოლისის მერმა პარასკევს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გადაადგილება შეზღუდა. მოსახლეობას ქალაქში გადაადგილება საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლია. ამასთან, ქალაქში მინესოტის ეროვნული გვარდიის 500 ჯარისკაცი იმყოფება ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის წესრიგის აღდგენაში დახმარების აღმოსაჩენად.

ინციდენტი, რომელსაც ქალაქის მოსახლეობის აღშფოთება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ორშაბათ საღამოს მოხდა. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როცა ბორკილდადებული ფლოიდი ასფალტზე პირქვე წევს და რამდენიმე წუთის მანძილზე შველას ითხოვს. თეთრკანიან პოლიციელს მუხლი მის კისერზე უდევს და არ უშვებს.

შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა. ფლოიდი რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ „ვერ სუნთქავდა.“ ბოლო 2 წუთის და 53 წამის განმავლობაში, ფლოიდმა, სავარაუდოდ, გონი დაკარგა და ხმას აღარ იღებდა. ინციდენტიდან მალევე მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG