ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში შიმშილის დაძლევის სფეროში პროგრესი შეინიშნება


მსოფლიოში შიმშილის დაძლევის სფეროში პროგრესი შეინიშნება
მსოფლიოში შიმშილის დაძლევის სფეროში პროგრესი შეინიშნება

მსოფლიო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ათასწლეულის განვითარების ამოცანას, რომლის თანახმადაც 2015 წლისათვის მსოფლიოში მოშიმშილე მოსახლეობა უნდა განახევრდეს

როცა 2008 წელს მსოფლიოში სურსათის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რასაც ზოგ ქვეყანაში არეულობაც მოჰყვა, განვითარებულმა და განვითარებადმა სახელმწიფოებმა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. დღეს გაეროს სააგენტოებმა მსოფლიოში შიმშილის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნეს.

2008 წელს სასურსათო საქონელზე ფასების მომატების ფონზე მსოფლიო უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ათასწლეულის განვითარების ამოცანას 2015 წლისათვის მსოფლიოში მოშიმშილე მოსახლეობის განახევრებასთან დაკავშირებით. სასურსათო კრიზისმა მდგომარეობა გაართულა, აღნიშნავს გერი სმითი, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კრიზისთან დაკავშირებულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს.

„თავზარდამცემი იყო თვით ის ფაქტი, რომ შედეგად მსოფლიოს გაღატაკებულ მოსახლეობას 150 მილიონი ადამიანი დაემატა,“ აღნიშნა სმითმა.

2009 წელს მსოფლიოს გაღატაკებული მოსახლეობა 1 მილიარდზე მეტს შეადგენდა.

სურსათზე ფასების მომატება სურსათის უჩვეულოდ დაბალი მარაგის რაოდენობით, ბიოსაწვავის გამოყენებითა, და სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე სპეკულანტების მოქმედებით იყო განპირობებული. მაგრამ ხელისშემწყობ ფაქტორებს შორის გრძელვადიანი ფაქტორიც შეინიშნება, აღნიშნავს არასამთავრობო ჯგუფის „ოქსფამ ამერიკის“ დირექტორი გავაინ კრიპკი. მისი თქმით:

„ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე საერთაშორისო დონორებმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განკუთვნილი დახმარება მნიშვნელოვნად შეამცირეს.“

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო დახმარება 1970-იან წლებში 17 პროცენტს შეადგენდა, ხოლო გლობალურ კრიზისამდე ეს მაჩვენებლი 5 პროცენტამდე შემცირდა. მაგრამ ამას შემდგომში სურსათის დეფიციტით გამოწვეული არეულობა მოჰყვა, აღნიშნა კრიპკიმ.

„როცა 2007 და 2008 წლებში სურსათზე ფასი მნიშნველოვნად გაიზარდა, მთავრობებმა, როგორც იქნა, ამ საკითხს ყურადღება დაუთმეს. დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრაზე იტალიაში გადაწყდა, რომ დამატებითი დაფინანსების გამოყოფა საჭირო იყო,“ აღნიშნა კრიპკიმ.

ობამას ადმინისტრაციის თაოსნობით იტალიაში 2009 წელს გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება 22 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. რამდენიმე დონორმა სახელმწიფომ მსოფლიო ბანკის ეგიდით საგანგებო ფონდი შექმნა, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს იმ ქვეყნებს, ვისაც შიმშილის დასაძლევად საუკეთესო გეგმები აქვთ შემუშავებული.

2008 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აგრეთვე იმის გამო, რომ განვითარებადი ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ადრე საკუთარ ფერმერებს უგულვებელყოფდნენ, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საბიუჯეტო დანახარჯები გაზარდეს.

დონორების გაორმაგებული ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართ განვითარებადი ქვეყნების ბევრ ლიდერს აიმედებს. ისინი სურსათის მარაგის გაზრდის მიზნით ყოვლისმომცველ გეგმებს ადგენენ. ხუთმა ქვეყანამ უკვე დააკმაყოფილა მსოფლიო ბანკის კრიტერიუმი საგანგებო ფონდიდან 230 მილიონ დოლარად შეფასებული დახმარების პაკეტის მისაღებად. განვითარებადი სამყაროს ბევრმა სხვა სახელმწიფომ მსოფლიო ბანკში განაცხადები შეიტანა მსგავსი დახმარების მისაღებად. მაგრამ მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობისა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის მრჩეველს კრისტოფერ დელგადოს მიაჩნია, რომ ამას შეიძლება პოტენციური პრობლემა მოჰყვეს.

„ქვეყნები ამგვარი ყოვლისმომცველი და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას დიდ ძალისხმევას უთმობენ. ჩემი და ჩემი კოლეგების შიში ის გახლავთ, რომ ჩვენ ბევრ ძალიან კარგ სამოქმედო გეგმას მივიღებთ, რომლებსაც უბრალოდ ვერ დავაფინანსებთ,“ განაცხადა დელგადომ.

ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამჟამად საგანგებო ფონდის მოცულობა ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ხოლო დიდი რვიანის დაპირება დამატებითი 22 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე სინამდვილეში ძირითადად ახლებურად შეფუთულ ძველ დაპირებეს შეადგენდა. ანუ 22 მილიარდი დოლარიდან ახალ დაფინანსებას მხოლოდ 4-6 მილიარდი წარმოადგენს.

მომავალ კვირას მსოფლიოს ლიდერები ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულებაში პროგრესის შეფასების მიზნით ნიუ იორკში შეიკრიბებიან. მსოფლიოში მოშიმშილე მოსახლეობის რიცხვი კვლავინდებურად ერთ მილიარდზე ოდნავ ნაკლებია და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2015 წლის ამოცანის შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციების დაბანდება იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG