დღეს ომით დაზარალებულ სოფლებში ადგილობრივ მცხოვრებლებს თუ გაესაუბრებით, მათ, ვისაც რუსულმა ჭურვებმა სახლები დაუწვეს ან დაუზიანეს, მათ ვისაც 2008 წლის შემდგომ სასმელ და სარწყავ წყალზე კი შეეზღუდათ ხელმისაწვდომობა, ვეღარ მოჰყავთ მოსავალი, შესაბამისად ვერ იღებენ შემოსავალს და მათი ცხოვრების თანამგზავრი, რუსული აგრესიის შემდეგ უკიდურესი სიღარიბე იქცა, პარადოქსულ სურათს დაინახავთ. ისინი გეტყვიან, რომ დიახ, სურთ რუსეთთან ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის დასავლეთზე. ეს გახლავთ 180 გრადუსით შემობრუნებული რეალობა სულ ცოტა ხნის წინ არსებულ სიტუაციასთან შედარებით. რა იწვევს სურათის ასეთ რადიკალურ ცვლილებას: ის, რომ რუსული პროპაგანდისთვის შეუზღუდავი არეალი და შესაძლებლობები არსებობს, თუ ის, რომ დასავლური ღირებულებების წარმოჩენისთვის, მათი პოპულარიზებისთვის გასაწევ სამუშაოებს ხელისუფლების მხრიდან ნაკლებად ექცევა ყურადღება.
პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა ქართლში და განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში სოფელ-სოფელ დადიან არა მხოლოდ რუსული პროპაგანდით არიან დაკავებულები, არამედ ერთის მხრივ ეწევიან დასავლეთის დისკრედიტაციას და მეორეს მხრივ საზოგადოებაში ნერგავენ შიშს, ხელს უწყობენ გაძლიერდეს საფრთხის განცდა, თუ საქართველო უფრო დაუახლოვდება ნატოს ან ევროკავშირს. ასეთ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება მორიგი ომი რუსეთთან, რომელიც არასდროს შეურიდგება დასავლეთის ნაწილად ქცეულ საქართველოს - ამგვარია პრორუსული ორგანიზაციების რიტორიკა.
თეონა ფანქველაშვილი ორი დღის განმავლობაში უცხოელ ჟურნალისტთან ერთად დადიოდა კონფლიქტის ზონაში, ასევე შიდა ქართლში დევნილების ჩასახლებებში და საზოგადოების განწყობებს აფიქსირებდა. აი, რას ამბობს ის ამერიკის ხმასთან: “კონფლიქტის ზონაში მუშაობენ სხვადასხვა ჯგუფები, ევრაზიული კავშირის წარმომადგენლები, ერეკლე მეორის საზოგადოება... რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას ევროკავშირზე და ნატოზე. აქედან გამომდინარე, ადგილობრივები ამბობენ, რომ ურჩევნიათ ცხოვრობდნენ მშვიდად, სურთ მიიღონ ფინანსური სარგებელი. მათ ახსოვთ საბჭოთა კავშირი, ამბობენ, რომ ცხოვრობდნენ კარგად, რუსეთში გაჰქონდათ ხილი, ბოსტნეული, ჰქონდათ შემოსავალი, იყო სიმშვიდე და არ არსებობდა ომის საფრთხე.“
რატომ იზრდება რუსული პროპაგანდის არეალი და შესაძლებლობები დასავლური ღირებულებების პოპულარიზების შემცირების პარალელურად, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან თამარ გურჩიანმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ისაუბრა, რომელიც ამ ტენდენციას აფასებს, როგორც მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელშიც სერიოზულ კომპონენტს ქმნის პოლიტიკური გულგრილობაც, ეკონომიკური ფაქტორიც და რუსული გაზპრომის დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯებიც. „სრულიად თავისუფლად მაუწყებლობს ობიექტივი, მაგალითად, სადაც რუსულ სენტიმენტებს მოისმენთ. უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ყველას თავისუფალი აზრის ქონის უფლება და გამოხატვის თავისუფლებაც. ამ უფლების წართმევა კი არ იქნებოდა გამოსავალი, არამედ ის, რომ პროაქტიულად ალტერნატიული ინფორმაცია მიაწოდო ადამიანებს და დაუმტკიცო, რატომ იქნებოდა კატასტროფა ქვეყნისთვის ის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ისევ დათბეს. ამგვარი პოლიტიკის წარმოება არაა დაბნეულობა და უვიცობა, ესაა სრულიად გააზრებული პოლიტიკა, ისევე როგორც ის, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებაა გააზრებული. რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გაძლიერება, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება ასევე, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებაა. ამ ყველაფერს ვერ დაარქმევგაუაზრებელ და ირაციონალურ ნაბიჯს,“– აცხადებს თამარ გურჩიანი.
პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი არაა რუსული პროპაგანდის ქსელში, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული ქვეყნები გაცილებით მეტი ადექვატური ნაბიჯით, სიფრთხილითა დაყურადღებითეკიდებიან რუსული პროპაგანდის თემას, ვიდრე ამას ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში.