ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა:


უცხოური პრესის მიმოხილვა:

რუსეთის ქალაქი სოჭი, რომელშიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რუსეთის მიერ სამხედრო ძალის დახმარებით 2008 წელს საქართველოსთვის წართმეული აფხაზეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მართალია ამ ოლიმპიადის ბოიკოტირებას იმდენი მომხრე არ ყავს, როგორც 1980 წელს, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაციის არსებობის ფონზე 2014 წლის ოლიმპიადაში დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა, რუსეთს დაარწმუნებს იმაში, რომ დღეს ძალის გამოყენებით ევროპის ქვეყნების საზღვრების შეცვლა შესაძლებელია.

დღეს უცხოური პრესის მიმოხილვას გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კურტ ვოკერის ავტორობით დაბეჭდილი, სოჭის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი სტატიით ვიწყებთ.

რუსეთის ქალაქი სოჭი, რომელშიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რუსეთის მიერ სამხედრო ძალის დახმარებით 2008 წელს საქართველოსთვის წართმეული აფხაზეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მართალია ამ ოლიმპიადის ბოიკოტირებას იმდენი მომხრე არ ყავს, როგორც 1980 წელს, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაციის არსებობის ფონზე 2014 წლის ოლიმპიადაში დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა რუსეთს დაარწმუნებს იმაში, რომ დღეს ძალის გამოყენებით ევროპის ქვეყნების საზღვრების შეცვლა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ რა მოხდება ზემოთქმული ოლიმპიადის მსვლელობისას. აფხაზეთში, რომელსაც რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ნაურუს გარდა მსოფლიოს ყველა დანარჩენი ქვეყანა საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, ოლიმპიური კომპლექსის მშენებლებისთვის საერთო საცხოვრებლებია გამართული. 2014 წელს აქ ოლიმპიადაზე ჩასული ტურისტების განთავსებაც იგეგმება.

ამას კი ოლიმპიადის მსვლელობისას საქართველოს სუვერენიტეტის გაუთვალისწინებლად, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის რეგულარულად გადაკვეთა მოჰყვება. ყველგან წარმოჩინებული იქნება აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ დამადასტურებელი დროშა და სასაზღვრო დოკუმენტები. თანაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების გვერდით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეთწოდებული „პრეზიდენტები“ იდგებიან. ნათქვამია სტატიაში.

იმისათვის, რომ ოლიმპიადის სრული ბოიკოტი თავიდან ავიცილოთ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სოჭის ოლიმპიადა კავკასიის რეგიონის კონფლიქტების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს. რუსეთი ოლიპიადის წარმატებულად ჩატარებაშია დაინტერესებული. ეს ის ინტერესია, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. ამიტომაც მოსკოვზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ კავკასიის მიმართ რუსეთის „დაყოფისა და ბატონობის“ ტრადიციული მიდგომა შეიცვალოს. ამბობს ბატონი კურტ ვოკერი.

პირველ რიგში უნდა განვაცხადოთ, რომ ძალისმიერი მეთოდებით ევროპის საზღვრების ცვლილებებს არ ვაღიარებთ და საქართველოს პროვინციების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ არ აღიარების შესახებ შეთანხმება ნატოსა და ამერიკა-ევროკავშირის სამიტებზე მივიღოთ.

მეორე ისაა, რომ ამერიკამ და ევროპამ ჟენევის მოლაპარაკებების განახლებას უნდა მისცენ ბიძგი. ამერიკამ გადატვირთვა დაიწყო, ახლა კი რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მზადაა ამისთვის. მესამე კი ისაა, რომ რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების, მაგალითად „მთიანი ყარაბაღის“ მოგვარების პროცესიც უნდა განახლდეს. თუ ევროპა და შეერთებული შტატები არაფერს გააკეთებენ 2014 წელს დიდი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით. ასრულებს სტატიას კურტ ვოკერი.

მეორე სტატია, რომელიც ასევე „ვაშინგტონ პოსტშია“ დაბეჭდილი კარნეგის ცენტრის მკვლევარის რობერტ კაგანის მიერაა დაწერილი.

რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობა დასჭირდა იმას, რომ რუსეთის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამკაცრების აუცილებლობაში დაერწმუნებინათ. ეს ნამდვილი წარმატება იყო, მაგრამ ზემოთქმული ობამას დროს კი არა, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, 2006 წელს მიღწეული წარმატება იყო. ობამას ადმინისტრაციას „გადატვირთვის“ დამსახურებით ამაზე მეტი არ გაუკეთებია, მაგრამ მცირე მიღწევებსაც დიდ რეკლამირებას უწევს. ობამას ადმინისტრაციას ალბათ ჰგონია, რომ წარსულს არავინ გადაამოწმებს და ნაწილობრივ ეს მართალიცაა, ვინაიდან ჟურნალისტების უმრავლესობა ასეც იქცევა. ნათქვამია წერილში.

ობამას ადმინისტრაციას „გადატვირთვა“ ძალზე ძვირი უჯდება. რუსეთთან თანამშრომლობის მისაღწევად ობამამ პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსების გეგმა უარყო. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია, რუსეთთან ურთიერთობის ხელისშემშლელად აღარ მოიაზრება. ომბამას პოლიტიკამ უკრაინის მიერ რუსეთისთვის სამხედრო საზღვაო ფლოტის განსათავსებლად ყირიმის 2042 წლამდე დათმობაც განაპირობა. ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკა ჯერ-ჯერობით ეფექტური მხოლოდ ერთ რამეში აღმოჩნდა. ამ პოლიტიკამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაუცველობისა და შიშის გრძნობა დაბადა. ამ რეგიონის სახელმწიფოებს აღარ აქვთ ამერიკის იმედი და რუსეთისგან მომდინარე აგრესიის შიში გაუღვივდათ. ამბობს წერილში ბატონი კაგანი.

რობერტ ჰედიკის სტატია ჟურნალ „ფორეინ პოლისიში“ დაიბეჭდა. აქ ნატოს პრობლემებია განხილული.

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ნატოს კონცეფციის განმხილველ კომისიას ხელმძრვანელობდა. ეს კონცეფცია უკანასკნელად 1999 წელს დაამტკიცეს. 17 მაისს ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ალიანსის სტრატეგიას 2020 წლამდე განსაზღვრას ისახავს მიზნად. ოლბრაიტის კომისიამ ნატოს თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოსვლა ურჩია, რაც ალიანსის ბიუროკრატიული აპარატისა და ბიუჯეტის შემცირებასაც მოიაზრებს. ჯგუფმა აგრეთვე ევროპიდან კავკასიამდე და შუა აზიიდან აფრიკამდე ნატოს პარტნიორობის პროგრამების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. აქ აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად გათვლილი კბილებამდე შეიარაღებული ფალანგების დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა მთავარ ძალას მოდერნიზებული სამხედრო შენაერთები წარმოადგენს. ნათქვამია რობერტ ჰადიკის სტატიაში.

XS
SM
MD
LG