ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტების მოსაზრება განვლილ დებატებზე


ოპონენტებს შორის მწვავე დებატები გაიმართა

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის ძლიერი გამოსვლა დებატებში ამ წინასაარჩევნო კამპანიას პრეზიდენტ ბარაკ ობამას დასამარცხებლად ახალ ელფერს სძენს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, მაიკლ ბომანის თქმით, გამოკითხვების მონაცემებზე ეს ყოველივე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აისახება.

კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გამართული 90-წუთიანი დებატებისას, კარგად მომზადებულმა მიტ რომნიმ პრეზიდენტის საქმიანობა არაერთხელ გააკრიტიკა.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი დეფიციტს გაანახევრებდა. სამწუხაროდ, მან ის გააორმაგა - ოთხი წლის მანძილზე დეფიციტმა ტრილიონი დოლარი შეადგინა,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

ბატონი ობამა ხშირად თავის მართლების პოზიციაში იყო.

„როდესაც ოვალურ ოფისში პირველად შევედი, ტრილიონ დოლარზე მეტი დეფიციტი დამხვდა,” - განმარტა პრეზიდენტმა.

დებატების მსვლელობისას ოპონენტები ფედერალური გადასახადების, სამუშაო ადგილების შექმნისა და პენსიონერთა ჯანდაცვის დაფინანსების თემებზე კამათობდნენ.

„არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა, რომ როდესაც პრეზიდენტს ხელისუფლებაში მოსვლისას 23 მილიონი დაუსაქმებელი ადამიანი, უმუშევრობის მზარდი მაჩვენებელი, და ეკონომიკური კრიზისი დახვდა, ორი წლის განმავლობაში მისი ენერგია და ძალისხმევა, ამერიკელი ხალხისათვის სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, „ობამაქეარ”-ისკენ ყოფილიყო მიმართული,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

პრეზიდენტმა სცადა ამ მოსაზრების გაქარწყლება, მაგრამ როგორც ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, არა რომნისეული გულმოდგინებით.

„უკანასკნელი 30 თვის მანძილზე, კერძო სექტორში ხუთი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა,” - განმარტა პრეზიდენტმა ობამამ.

პოლიტიკური ანალიტიკოსი, ჩარლი კუკი მიიჩნევს, რომ ამ დებატებმა აშკარად შეცვალა წინასაარჩევნო პროცესი. მისი აზრით, პრეზიდენტმა ობამამ საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა მაშინ, როდესაც მიტ რომნიმ, პირიქით, გადააჭარბა.

„ნებისმიერი სტანდარტით რომ შევაფასოთ, რომნიმ ძალიან კარგად წარმართა პროცესი. ობამა კი ზედმეტად თვითდაჯერებული ჩანდა,” - აღნიშნავს ჩარლი კუკი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ პრეზიდენტთან შედარებით მიტ რომნი ამომრჩევლებს შორის არასასურველი კანდიდატის უფრო მაღალი რეიტინგით სარგებლობს. საზოგადოებრივი აზრის რესპუბლიკელი მკვლევარის, გლენ ბოლგერის თქმით, შესაძლოა, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალოს.

„რომნიმ წარმოაჩინა, რომ ის გაცილებით გულწრფელია, ვიდრე ხალხს ეგონა, და რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც, შესაძლოა, ოვალურ ოფისში შეაბიჯოს,” - ამბობს გლენ გოლგერი.

კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა მხოლოდ პატარა ნაწილმა არ იცის, თუ ვის მისცემს ხმას ნოემბრის არჩევნებში. ასე რომ, დებატების ზეგავლენის განსაზღვრა ძალიან რთულია, - მიიჩნევს ჩარლი კუკი.

„ეჭვგარეშეა, დებატები რომნიმ მოიგო. თუმცა, შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ცვლის ეს საერთო სურათს. ვფიქრობ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში, ამ დებატების შემდეგ რომნი უდაოდ მიიღებს დამატებით ქულას. თუმცა, იმოქმედებს კი ეს უფრო მნიშვნელოვან ქულებზე - ვგულისხმობ, შეცვლის კი მისი გამოსვლა მონაცემებს ოჰაიოში და მერყევი ამომრჩევლების მოსაზრებას სადავო შტატებში?” - ამბობს ჩარლი კუკი.

პრეზიდენტი ობამა და ყოფილი გუბერნატორი რომნი კიდევ ორ დებატებში შეხვდებიან ერთმანეთს. ორივე შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG