ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები აშშ-ში


ობამასა და რომნის პირველი დებატები ამერიკის ეკონომიკას შეეხო

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, მიტ რომნი, ოთხშაბათს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში გამართულ პირველ დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, კენტ კლეინი მოგვითხრობს ვაშინგტონიდან, დებატები საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვან თემას - ამერიკის ეკონომიკას შეეხო.

90 წუთის განმავლობაში, ქვეყნის პრეზიდენტი და მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი ამერიკის მძიმე ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების გზებზე კამათობდნენ.

ბატონმა რომნიმ შემტევი, აგრესიული შეფასებები გააკეთა დემოკრატი პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. კანდიდატებს შორის მძაფრი დავა გაიმართა, ასევე, გადასახადების შეკვეცის თემაზეც.

„რეალურად, ყველაფერი, რაც [პრეზიდენტმა] თქვა ჩემს საგადასახადო გეგმასთან დაკავშირებით, არასწორია. ჩემთვის რომ ისეთი საგადასახადო გეგმის მხარდაჭერა შემოეთავაზებინათ, როგორიც მან აღწერა, მე ვიტყოდი - ‘არავითარ შემთხვევაში’. მე არ ვგეგმავ 5 ტრილიონიან საგადასახადო შემცირებას,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ მისი ოპონენტის ხედვა საგადასახადო სისტემის შეცვლის თაობაზე ვერ იმუშავებს.

„ფაქტია, რომ თუ თქვენ განაკვეთების შემცირებას იმ სახით აპირებთ, როგორც აღწერეთ, მაშინ შეუძლებელია საკმარისი საგადასახადო დაქვითვებისა და ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც ზეგავლენას ახდენს მხოლოდ მაღალშემოსავლიან ინდივიდებზე და განაპირობებს დეფიციტის ზრდას ან საშუალო ფენის მდგომარეობის დამძიმებას,” - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

ოპონენტებს შორის მწვავე დებატები გაიმართა, ასევე, პრეზიდენტის ჯანდაცვის პროგრამის ირგვლივ, რომელსაც ხშირად „ობამაქეარ”-საც უწოდებენ. კამათი შეეხებოდა იმას, თუ რამდენად მოუტანდა სარგებელს ან, პირიქით, აზარალებდა ამერიკის ეკონომიკას აღნიშნული გეგმა. რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, ამის ნაცვლად, ბატონ ობამას სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა ეზრუნა.

„არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა, რომ როდესაც პრეზიდენტს ხელისუფლებაში მოსვლისას 23 მილიონი დაუსაქმებელი ადამიანი, უმუშევრობის მზარდი მაჩვენებელი, და ეკონომიკური კრიზისი დახვდა, ორი წლის განმავლობაში მისი ენერგია და ძალისხმევა, ამერიკელი ხალხისათვის სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, „ობამაქეარ”-ისკენ ყოფილიყო მიმართული,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როდესაც ის ქვეყნის სათავეში მოვიდა, ჯანდაცვის სისტემა ისეთივე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებდა, როგორც დასაქმება.

„ეს პრობლემა ეხებოდა არა მხოლოდ მცირე ბიზნესებს, რომლებიც ხედავდნენ, თუ როგორი სწრაფი ტემპით იზრდებოდა ფასები, რის გამოც, სურვილის მიუხედავადაც კი, ვეღარ ახერხებდნენ ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფას საკუთარი თანამშრომლებისთვის; არც იმაში იყო სირთულე მხოლოდ, რომ ამ ყოველივეს ფედერალური დეფიციტის კუთხით ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის; არამედ საქმე ეხებოდა იმ ოჯახებს, რომლებიც შიშობდნენ, რომ ავად გახდომის შემთხვევაში გაკონტრდებოდნენ,” - განმარტა პრეზიდენტმა ობამამ.

დებატები, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდა, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 34 დღით ადრე გაიმართა.

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევების მიხედვით, ბატონი ობამა უმნიშვნელოდ უსწრებს თავის მეტოქეს როგორც მთელი ქვეყნის, ისე „სადავო შტატების” მასშტაბითაც. ეს უკანასკნელი, ანალიტიკოსების აზრით, განსაზღვრავს კიდეც არჩევნების ბედს.

ორეგონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, ჯოზეფ ლონდესი ამბობს, რომ პირველი დებატები, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოპონენტისთვის. ლონდესს მიაჩნია, რომ ორივე კანდიდატმა კარგად გაართვა დებატებს თავი, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბატონ რომნის გადამწყვეტი გამარჯვება არ მოუპოვებია.

„არცერთ ოპონენტს არასოდეს არ მოუგია დებატები, რომელიც დებატებამდე იმ გზით მივიდა, როგორითაც რომნი. ასე რომ, ვფიქრობ, მოსალოდნელი არ არის, რომ ეს დებატები ბიძგი იყო იმისა, რომ თამაში მნიშვნელოვნად შეიცვალოს,” - აღნიშნავს ჯოზეფ ლონდესი.

ლოს ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ლასკინის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის დეკანი, ფრანკ გილიამი, ასევე, თვლის, რომ გუბერნატორმა დებატები კარგად წარმართა, თუმცა არც იმდენად კარგად, რომ ამით იგი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში დაწინაურდეს.

„რომნის, ალბათ, ჰქონდა ძლიერი დარტყმები, მაგრამ ეს პრეზიდენტს საფრთხის წინაშე არ აყენებს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ნოკაუტი არ იყო,” - განმარტავს ფრანკ გილიამი.

ოპონენტებს შორის ეს პირველი დებატები იყო. პრეზიდენტი ობამა და გუბერნატორი რომნი ერთმანეთს კიდევ ორჯერ შეხვდებიან. 16 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შეეხება, ხოლო ფინალური დებატები, რომელიც 22 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ საგარეო პოლიტიკას დაეთმობა.

ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე, კონგრესმენი პოლ რაიანი, დებატებში 11 ოქტომბერს შეხვდებიან ერთმანეთს.

პრეზიდენტი ობამა და ბატონი რომნი იშვიათად თუ შეხვედრიან ერთმანეთს. მათ თითქმის არანაირი პირადი ურთიერთობა არ აკავშირებთ. ოთხშაბათის დებატებამდე, მათ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ უკანასკნელი თითქმის ხუთი წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG