ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი აზრი


ობამას უპირატესობა ქალების მხარდაჭერამ განაპირობა

ბარაკ ობამასა და მიტ რომნის სატელევიზიო დებატების წინ, შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ახალი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ობამა 4%-ით უსწრებს თავის მეტოქეს.

ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვის მიხედვით, ობამას და რომნის ამომრჩეველთა 49 და 45 პროცენტი უჭერს მხარს, შესაბამისად. გამოკითხვის ორგანიზატორის, პიტერ ბრაუნის განცხადებით, ობამას უპირატესობა ქალების მხარდაჭერამ განაპირობა.

მისი თქმით: „ობამას პოპულარობა სუსტი სქესის წარმომადგენლებში 18%-ით მეტია, ვიდრე მისი რესპუბლიკელი მეტოქისა. რომნის კი მამაკაცებში 10%-იანი უპირატესობა აქვს. როგორც ჩანს პრეზიდენტი ამერიკელ ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.“

როგორც პიტერ ბრაუნი ამბობს: „ყველასთვის ნათელია, რომ პრეზიდენტი ლიდერობს და ამ დებატებისგან არაფერს ელის, მას უბრალოდ სტატუსკვოს შენარჩუნება სურს. რომნისთვის კი, ამ დებატებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას ამომრჩეველთა გადაბირება აქვს მიზნად დასახული.“

ანალიტიკოსების თქმით, დებატებში აგრესიულობის გამოჩენა გარკვეულ რისკს შეიცავს. როგორც ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ალან ლიჰტმანი ამბობს: „ეს სარისკო საქმეა. 2004 წელს, ჯონ კერიმ ყველა დებატი მოუგო ჯორჯ ბუშს, მაგრამ არჩევნები მაინც წააგო. ამიტომ ჩემი პირადი აზრია, რომ რომნი, დებატების შედეგების მიუხედავად, არჩევნებს წააგებს, რადგან ხალხი, ძირითადად, მაინც კმაყოფილია პრეზიდენტ ობამას მმართველობით და მას კიდევ ოთხი წლით აირჩევს პრეზიდენტად.“

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტი ობამა ისეთ მნიშვნელოვან შტატებში ლიდერობს, როგორებიცაა ოჰაიო და ფლორიდა, თუმცა, 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ჯერჯერობით გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება.
XS
SM
MD
LG