არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის პოსტზე გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ოსტინი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში ხელმძღვანელობდა.
ოსტინი, თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, პირველი შავკანიანი თავდაცვის მდივანი იქნება. მისი კანდიდატურის დაყენება ბევრისთვის გასაკვირი გადაწყვეტილება იყო, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ ბაიდენი ამ პოსტზე მიშელ ფლურნოის წარადგენდა. ფლურნოი ობამას ადმინისტრაციის დროს პენტაგონის მაღალჩინოსანი იყო და დამტკიცების შემთხვევაში ის პირველი ქალი თავდაცვის მდივანი იქნებოდა.
ოსტინი პენსიაში 2016 წელს გავიდა. იმისთვის, რომ თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნოს, მას კონგრესის ნებართვა დასჭირდება. კანონის თანახმად, ადამიანის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის სამხედრო სამსახურიდან მინიმუმ 7 წლის წინ წავიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კონგრესის მიერ გამონაკლისის წესით ნებართვა სჭრდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ოსტინი მეორე თავდაცვის მდივანი იქნება, რომელსაც ეს ნებართვა დასჭირდება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის უფროსად გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი დანიშნა.
Facebook Forum