ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტის ზონაში სიღარიბის წინააღმდეგ იბრძვიან


კონფლიქტის ზონაში, შიდა ქართლში სოციალური ვითარება მძიმე რჩება. ის რამდენიმე კომპონენტი, რაც ამ მდგომარეობას გამოასწორებდა, კვლავაც გამოწვევად რჩება. ასეთია მაგალითად სარწყავი და სასმელი წყლის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, რაც 2008 წლის ომის შემდგომ ვერაფრით გაუმჯობესდა. ომმა ორი მაგისტრალური სარწყავი წყლის არხის ოკუპაციაც გამოიწვია, რის შედეგადაც აგრარული მეურნეობით მცხოვრები სოფლები, რომელთა შემოსავალი საკუთარი ძალებით მოწეული მოსავლის რეალიზაციაზე იყო დამოკიდებული, ფაქტობრივად ჰაერში გამოეკიდნენ. ხელისუფლება ვითარების გამოსწორებას ომის შემდგომ უკვე მერვე წელია ცდილობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შედეგიანად.

ამერიკის ხმასთან გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა ლია ჩლაჩიძემ ისაუბრა, რომელიც თავადაც კონფლიქტის ზონის სოფელ ერგნეთის მაცხოვრებელია: „სასმელი წყლის სისტემა ერგნეთში, მაგალითად, გამოცვალეს და გაუმჯობესდა. ყოველ მეორე დღესაა წყალი ახლა და მთელი დღის განმავლობაში მოდის. გარდა, ამისა, ღვთის მადლით, ჩვენი მხარის ოთხი სოფელი შევიდა მთის კანონის თანახმად, მთიან ზონაში, რომელსაც სერიოზული შეღავათები ექნება ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით... იქნება საგადასახადო შემცირება მომავალი წლიდან, პენსიები გაიზრდება, მასწავლებლებს 20 პროცენტიანი დანამატი ექნებათ, ასევე ექიმებს და ექთნებს.“

ამერიკის ხმასთან საუბრისას გორის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი მიშა ჩიტაძე ამბობს: „კონფლიქტის ზონის ხალხი დაზარალებულია იმით, რომ შეეზღუდათ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რადგან რაზეც იყვნენ აწყობილი: ვთქვათ, შეშა მოეპოვებინათ, ეს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა. განსაკუთრებით სარწყავი წყალია დეფიციტური, რომლის სათავე ნგებობები მეორე მხარეს მოხვდა. შესაბამისად, სოციალური სიტუაცია, ამ რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით გაუარესებული იყო, მაგრამ ახლა თითქოს ჩანს, რომ მოქმედებებს აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან. ტირიფონ–სალთვისის არხების ნაწილის აღდგენით და გაწმენდით, მთლიანად, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შედარებით გამოსწორდა ვითარება. გაზიფიკაცია მთლიანად დასრულებულია და ძალიან კარგია, რადგან ისეთ სოფლებში შევიდა ბუნებრივი აირი, ჩვეულებრივი ვითარება რომ ყოფილიყო, ვერც იფიქრებდნენ, რომ ეს მოხდებოდა, მაგალითად სოფელი სარიბარიც გამოდგება, რომელიც სულ რამდენიმე ოჯახს ითვლის.“

ამერიკის ხმა კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანთკარის გამგებელს მერაბ მახარაშვილსაც ესაუბრა: „ჩვენი მხარე ურწყავია, საერთოდ, ჭის საკითხიც ვერ მოგვარდა. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ხალხს სარწყავი წყალი არ აქვს. ეს პრობლემაა ზარდიაანთკარში, კოშკაში, გუგუტიანთკარში, მერეთის 70 პროცენტში. ყველაზე მთავარი რაიონებში სარწყავი წყლისა და გზის არსებობაა. სარწყავი წყლის გარეშე ნერგს ვერ ახარებ. ტრაქტორით დადიან, რომელსაც დიდი ავზი აქვს მიბმული და ასე უსხამენ ხეებს წყალს. დღეში ათჯერ მაინც უწევთ გზის გაკეთება წყლის მისატანად. ძალიან წვალობენ, თან სასაზღვრო სოფლებია, ელექტროსადენებიც არ მიდის იქ ბოლომდე."

შეჯამებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა 2008 წლის შემდგომ გაუარესებულია. ამ ეტაპზე მხოლოდ გაზიფიცირების პროგრამებია მიყვანილი მეტ–ნაკლებად ბოლომდე. რაც შეეხება სასმელი და სარწყავი წლის საკითხს, ეს კვლავ გამოწვევად რჩება.

XS
SM
MD
LG