ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა


პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა
პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ რუსეთის ხელისუფლებას ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დეტალების გამოძიება სთხოვა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კროულის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა, მაგრამ მკვლელების ვინაობა ჯერაც უცნობია.

მოსკოვში სამასზე მეტმა ადამიანმა პატივი მიაგო ჟურნალისტის ხსოვნას. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია-პოლიტკოვსკაიას მკვლელები ციხეში უნდა იჯდნენ.

“ამერიკის ხმამ“ რუს ოპოზიციონერებს კომენტარი ჩამოართვა. ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი რუსეთში ოპოზიციურ მოძრაობა “დრუგაია როსიას“ ხელმძღვანელობს. იგი თვლის, რომ სანამ პუტინია ხელისუფლებაში, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გამოუძიებელი დარჩება

“ ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვას, პოლ ხლებნიკოვის და სხვა მრავალი ჟურნალისტის მკვლელობა სანამ პუტინის დიქტატურაა რუსეთში, არ გაიხსნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მკვლელობის დამკვეთის დადგენა. შემსრულებლის დასჯით სიტუაცია არ შეიცვლება. თქვენ ხომ ხვდებით, რომ სანამ მკვლელობის დამკვეთის პატრონი ხელისუფლების სათავეშია, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გაუხსნელი დარჩება“

რუსი ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი თვლის, რომ ანა პოლიტკოვსკაიას ვლადიმერ პუტინი პირად მტრად აღიქვამდა

“პოლიტკოვსკაია პუტინის რეჟიმის მტერია, რაში აწყობს მტრის მკვლელობის გამოძიება? ვფიქრობ, მკვლელები არ იქნებიან დასჯილები. რუსეთში პუტინის დიქტატურაა, რეჟიმისგან განსხვავებული აზრის მატარებელ პიროვნებას პუტინი საკუთარ მტრად თვლის. არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. თქვენ თუ გგონიათ მედვედევია პრეზიდენტი ძალიან ცდებით. მედვედევი ბლოგერია და პუტინის მარიონეტი თოჯინა. აქ სხვა გაგებით ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ მკვლელობა ხელისუფლების დაკვეთილია“

ლია ახედჯაკოვა რუსეთის დამსახურებული მსახიობია. მისი აზრით, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მკვლელობის გახსნაში

“იცით, მკვლელს იპოვიან, მაგრამ დამკვეთის ვინაობა ჩვენთვის უცნობი დარჩება. მე ძალიან მაშფოთებს რაც დღეს რუსეთში ხდება. აბსოლუტური განუკითხაობა და მორალური ტერორი. სამწუხაროდ, სანამ დღევანდელი ხელისუფლებაა სათავეში, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გაუხსნელი დარჩება. ყველაფერი უნდა შეიცვალოს. მიხეილ ხოდორკოვსკი პოლიტპატიმარია, ის უდანაშაულოდ ზის ციხეში. რუსული პოლიტიკური წყობის შეცვლა ხოდორკოვსკიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ საშინელ დროს გვიწევს ცხოვრება. ვფიქრობ, მკვლელობის დამკვეთის ვინაობა არასოდეს გვეცოდინება, ეს ჩვენ ხელისუფლებას არ აწყობს“

“პოლიტიკური მკვლელობა“ - ეს ფრაზა ყველაზე ხშირად ისმოდა მიტინგზე. “მემორიალის“ ხელმძღვანელმა ოლეგ ორლოვმა განაცხადა, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ჟურნალისტების დაშინების მცდელობას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით - ტერაქტს.

XS
SM
MD
LG