ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმისთვის ბრძოლა გრძელდება


ჯანდაცვის რეფორმისთვის ბრძოლა გრძელდება
ჯანდაცვის რეფორმისთვის ბრძოლა გრძელდება

თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ქვეყნის ჯანდაცვის რეფორმის კანონს. თუმცა პოლიტიკური და ლეგალური დაპირისპირებების ესკალაცია ჯერ კიდევ არ განელებულა - გვატყობინებს ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მელონი ვაშინგტონიდან.

ამერიკელი დემოკრატები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ პრეზიდენტის ჯანდაცვის კანონის გარშემო და მოემზადნენ ტაქტიკური უკანდახევისთვის ამ კვირაში ფლორიდაში გამართულ ლეგალურ ბრძოლაში.

ორშაბათს ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვით კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან მასში ერთ-ერთი წესდება ამერიკის მოქალაქეებს ავალდებულებს შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევა. ეს უკვე მეორე ფედრეალური სასამართლოა, რომელიც განკარგავს ახალი კანონის საწინააღმდეგოდ. კიდევ ორმა სხვა ფედერალურმა მოსამართლემ მიბაძა მათ მაგალითს.

ოთხშაბათს სენატის დემოკრატებმა სპეციალური მოსმენა მოაწყვეს, რათა განეხილათ ჯანდაცვის კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. საბოლოო გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოდან ელიან.

დემოკრატი პატრიკ ლეჰი ვერმონტის შტატიდან სენატის იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა:

" მათ სურთ მიაღწიონ სასამართლოებში იმას, რასაც ვერ მიაღწიეს კონგრესში. ეს საკითხი ხომ ერთ წელიწადზე მეტ ხანს განიხილებოდა”.

რესპუბლიკელებს კი თითქოს ფრთა შეესხათ ფლორიდის სასამართლო განკარგულების წარმატებით და მათ მტკიცედ გადაწყვიტეს განაახლონ ბრძოლა ჯანდაცვის კანონის ანულირებისთვის.

ჯონ ბარასო რესპუბლიკელი სენატორია ვაიომინგის შტატიდან:

„ამერიკელები ქვეყნის ყველა კუთხიდან მოუწოდებენ პრეზიდენტ ობამას და ვაშინგტონს ხელი არ ახლოს მოქალაქეთა ჯანდაცვას“.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელიც ამჟამად რესპუბლიკელთა კონტროლის ქვეშ იმყოფება, გასულ თვეს კანონის ანულირებას მისცა ხმა. თუმცა რეალური ანულირებისთვის რესპუბლიკელებს შედარებით ნაკლები შანსი აქვთ, რადგან სენატში დემოკრატები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მცირე უმრავლესობას.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის - რენდი ბარნეტის - პროგნოზის მიხედვით, უზენაესი სასამართლო კანონს საბოლოოდ მაინც არაკონსტიტუციურად სცნობს და არ გაუკეთებს რატიფიცირებას. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში სუვერენიტეტი თვით ადამიანის ბუნებაში, მის მოქალაქეობრივ ღირსებაშია. რიგითი ამერიკელი ვერ შეეგუება იმას, რომ კონგრესი მის დაუკითხავად ეცდება მიითვისოს შეუზღუდავი ძალაუფლება.

თუმცა სხვა ექსპერტები მას არ ეთანხმებიან. ასე არ ფიქრობს მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ფრიდი. იგი სრულებით არ არის დარწმუნებული, რომ ჯანდაცვის რეფორმა უზადო პოლისია, მაგრამ აბსოლუტური თავდაჯერებით აცხადებს, რომ კანონი კონსტიტუციურია.

პრეზიდენტმა ობამამ ახლახანს კიდევ ერთხელ დაიცვა კანონი ყოველწლიური საპრეზიდენტო ეროვნული მიმართვის დროს. თუმცა ასევე აღნიშნა კანონში ორპარტიული თანამშრომლობის შედეგად მიღწეული ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაც.

“მინდა აქ შეკრებილთ მივმართო: მოდით, განმეორებითი ორთაბრძოლის ნაცვლად, რომელიც უკვე ორი წელია მიმდინარეობს, შევასწოროთ ის, რაც დახვეწას მოითხოვს და წინ წავიდეთ“.

პოლიტიკური ფონი ამერიკის ახალი ჯანდაცვის კანონის მიღმა საკმაოდ რთული და არაერთმნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა რეფორმის კანონად გაფორმებას ჯერ კიდევ შარშან მოაწერა ხელი, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო აქტმა კონგრესში ხმის უმრავლესობა მხოლოდ დემოკრატების ხარჯზე მიიღო.

ანალიტიკოსი ჩარლ კუკის თქმით, ჯანდაცვის რეფორმის კანონთან დაკავშირებით ასევე დიდი უთანხმოება აღინიშნება რიგით მოქალაქეთა შორის. სტატისტიკური მონაცემებით უმეტეს შემთხვევაში აზრი თანაბრადაა გაყოფილი ორივე მხრის სასარგებლოდ. ჯერჯერობით არ გვაქვს კონსენსუსის საფუძველი, რათა კანონი შევინარჩუნოთ. თუმცა ასევე არ არის ბაზისი მისი გადაგდებისთვის - განაცხადა მან. უკანასკნელი Press-GFK ის გამოკითხვით, მოსახლეობის 41 პროცენტი ჯანდაცვის კანონის წინააღმდეგია, მაშინ როცა 40 პროცენტი მას მხარს უჭერს.

საბოლოოდ, ლეგალური წინააღმდეგობები გაგრძელდება მანამ, სანამ კანონი გზას არ გაიკვლევს ჯერ ფედერალურ სასამართლო სისტემაში და შემდეგ კიდევ უფრო მაღლა - უზენაეს სასამართლოში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და სავარაუდოდ კიდევ ერთი ან ორი წელი გასტანს.

XS
SM
MD
LG