ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დერეკ შოვინის ვერდიქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან


აქცია ნიუ-იორკის უბან ბრუკლინში, მას შემდეგ, რაც მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, სასამართლოზე ვერდიქტი გამოცხადდა

ბრიტანეთიდან პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც შეუერთდა ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკვე 3 კვირის მანძილზე მიმდინარე გახმაურებული სასამართლო პროცესის ვერდიქტს დადებითად გამოეხმაურნენ. სამშაბათს, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების სამივე ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს.

"აღშფოთებული ვიყავი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით და მივესალმები ვერდიქტს. ამ საღამოს ჩემი ფიქრები ჯორჯ ფლოიდის ოჯახთან და მეგობრებთანაა" - დაწერა "ტვიტერზე" ბრიტანეთის პრემიერმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფლოიდის ოჯახს დაურეკა და სატელეფონო საუბარში სისტემურ რასიზმს უწოდა "ლაქა ჩვენი ერის სულზე". "დღევანდელი ვერდიქტი წინ გადადგმული ნაბიჯია", თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება - თქვა პრეზიდენტმა. ამის მიუხედავად, "ეს შეიძლება იყოს სამართლის გზაზე წინ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი".

პრეზიდენტის ერისადმი მიმართვას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც შეუერთდა. მან სენატს მოუწოდა დაამტკიცოს ჯორჯ ფლოიდის სამართლის და საპოლიციო კონტროლის კანონპროექტი.

"ეს იყო ვერდიქტი ერთი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელიც ერთი შემთხვევის ინდივიდუალურ ფაქტებს ეფუძნებოდა" - დაწერა "ტვიტერზე" ტეხასის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორინმა. "ვერდიქტი ჩემთვის მისაღებია. არ არის საჭირო განზოგადება და ძალოვნების ავად მოხსენიება. პოლიციის ოფიცერთა უმეტესი ნაწილი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება უზრუნველყოს".

განაჩენს სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტიც მიესალმა. მისი თქმით, დადგა დრო, "დავეხმაროთ გართულებული ურთიერთობის გამოსწორებაში", რომელიც წესრიგის დამცველებს და შავკანიან, თუ სხვა უმცირესობებს შორის არსებობს. მისი თქმით, მართალია ამ შედეგმა "სასამართლო სისტემის პატიოსნების რწმენა უნდა დაგვიბრუნოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გაცილებით მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს, რომ ერთმა ცუდმა ვაშლმა არ მისცეს სახე ყველა ოფიცერს, რომელთა დიდი უმრავლესობა ყოველდღიურად პოლიციის ფორმას ღირსებით და ხალხის სამსახურის სურვილით იცვამს".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG