ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში დანაშაულის კლების ტენდენცია შენარჩუნდა


საქართველოს პოლიცია

უმთავრეს პრობლემად პოლიტიზირებული პოლიციის სისტემა რჩება

საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენცია 2010 წელსაც შენარჩუნდა - ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

2010 წელს საქართველოში 34 739 დანაშაული მოხდა, აქედან 17 101 საქმე გაიხსნა. შედარებისთვის - 2009 წელს, საქართველოში 35 949 დანაშაულიდან, 17 659-ის გახსნა მოხერხდა; 2008 წელს - 44 644-დან 20 934 საქმის; 2007 წელს დანაშაულის რაოდენობა 57 746 იყო, გახსნის მაჩვენებელი კი 20 746.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე რთული 2006 წელი იყო - მაშინ 62 283 დანაშაული მოხდა და მხოლოდ 18 207 საქმე გაიხსნა. თუ ბოლო ოთხი წლის მაჩვენებელს ავიღებთ, დანაშაულის რაოდენობა 27 544 -ით არის შემცირებული, გახსნილმა საქმეებმა კი მთელი 20 პროცენტით მოიმატა. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ გასული წელი იყო გარდამტეხი კრიმინალის დონის შემცირების თვალსაზრისით, ჩვენი მაჩვენებელი უკვე უახლოვდება გერმანიის მაჩვენებელს და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბევრი ქვეყნის, მათ შორის დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებზე.“

ანალოგიური შედეგები იუსტიციის სამინისტრომაც, გამოაქვეყნა, რომელმაც შარშან საქართველოს ისტორიაში პირველად დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. 3000 ინტერვიუერიდან 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ყოველთვის უსაფრთხოების განცდა აქვს. ასე განცდა არ აქვს მხოლოდ 28 პროცენტს.

72 პროცენტმა თქვა, რომ საქართველოში დანაშაულის რიცხვა იკლო, საპირისპირო აზრზეა 16 პროცენტი. დანაშაულის შემცირების მიზეზად 58 პროცენტმა პოლიციის მუშაობის გაუმჯობესება, 34 პროცენტმა კი კანონიერი ქურდების დაპატიმრება მიიჩნია.

იუსტიციის სამინისტროს კვლევის მიხედვით, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბმა“ განახორციელა, საპატრულო პოლიციას გამოკითხულთა 81 პროცენტი ენდობა, სხვა პოლიციურ სტრუქტურებს - 68%, ხოლო პროკურატურას - 49 პროცენტი.

კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა - საქართველოს მოსახლეობა ძალზედ იშვიათად მიმართავ პოლიციას და შესაბამისად არ აფიქსირებს დანაშაულს. გამოკითხულთა, თითქმის 44 პროცენტმა განაცხადა რომ არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, 11 პროცენტს ასეთი თანამშრომლობა არაღირსეული საქციელი ჰგონია.

კვლევის საბოლოო ანალიზი ამ დარგის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა, ტილბურგის უნივერსიტეტის საერათაშორისო ვიქტიმილოგიის ინსტიტუტის International Crime Victim Survey პროფესორმა იან ვან დაიკმა (Jan van Dijk) დაწერა.

ოთარ კახიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ამბობს

„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი ანალოგიურ ევროპულ მაჩვენებლებთან არის მკვეთრად უფრო დაბალი. ამავე დროს გამოჩნდა, რომ მოსახლეობას არა აქვს დანაშაულის შიში.

გამოკითხულთა უმრავლესობა ცალსახად აღნიშნავს, რომ დანაშაული შემცირდა. ანუ მოახლეობის აღქმა, არის ადექვატური რეალობის. ამავე დროს, მოსახლეობა ღიად აფიქსირებს რომ ქურდული სამყაროს გავლენა მკვეთრად შემცირდა.

გამოკითხულთა 86 პროცენტმა აღნიშნა, რომ კანონიერ ქურდებს აღარა აქვთ ავტორიტეტი და ეს სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ეფექტურობაზე მიანიშნებს.“

ბოლო ექვსი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა წარმატება და წარუმატებლობა 42 წლის ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდება. მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჯერ უშიშრების საბჭოს, შემდეგ კი უშიშროების სამინიტროს პირველი პირი იყო. მას შემდეგ, რაც 2004 წლის დეკემბერში უშიშროება შინაგან საქმეთა სამინისტროს შეერწყა, მერაბიშვილი ახალი გაერთიანებული სამინიტროს პირველი მინისტრი გახდა.

მთავარი ბრალდება, რომელსაც მერაბიშვილის უწყებას უყენებენ, სამინისტროს პოლიტიზებულობაა. დღეს ოპონენტთა შორისაა, მერაბიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, პროფესორი ლევან იზორია. იგი 2004-2006 წლებში პოლიციის აკადემიის რექტორი იყო და თანამდებობა მინისტრთან დაპირისპირების გამო დატოვა.

„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ნახევრად ავტოკრატიულ სახელმწიფოში. ჩატარებული რეფორმები, ჩევნ შეგვიძლია თამამად ე.წ ნახევრად რეფორმებად მოვიხსენიოთ. რეფორმა პოლიციაში მოგეხსენებათ დაიწყო პატრულის ჩამოყალიბებით, ეს დაკავშირებული იყო კორუფციასთან ბროძალასთან - გვაქვს წარმატებები;

ეს დაკავშირებული იყო პოლიციელთა სახელფასო უზრუნველყოფასთან - ამ თვალსაზრისითაც გარკვეული წარმატებებია, მათ შორის, პოლიციელთა ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება. მაგრამ, მთავარი, რაზეც უნდა იყოს სისტემა დამყარებული არ გაკეთებულა, სწორედ ამიტომ ვეძახი ამ ყველაფერს ნახევრად ჩატარებულ რეფორმებს,

კერძოდ, არ მომხდარა ამ სისტემის დეპოლიტიზება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, მმართველი ჯგუფის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს საპოლიციო ძალები თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ხალხის დასაშინებლად და გარკვეული აქცენტების გადასატანად.

მთელი ეს კომპლექსი გამიზნულია იმისათვის, რომ მოხდეს, აქტიური ელექტორატის დაშინება, თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი გამოსვლები დემონსტრაციებზე...კერძოდ, საუბარია სპეციალურ ოპერატიულ სამსახურებზე, თუ ხელისუფლება ამ სამსახურებს დეპოლიტიზებულს გახდის ანუ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან დამოუკიდებელს გახდის, მაშინ ხელისფლება ვერ განახორციელებს შანტაჟს; ვერ მოახდენს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას; ვერ მოახდენს არჩევნების და მედია საშუალებების მანიპულირებას;.

.ანუ, პრაქტიკულად, ის ავტოკრატიული სისტემა მოირყევა, რომელზეც დღეს დგას ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ, რეფორმების ფარგლები მთავრდება იქ, სადაც პოლიტიკური ხელისფლების დაკარგვის საფრთხე იწყება.“

ყველაზე ღიად პოლიციის პოლიტიზებულობა 2009 წლის 6 მაისის ოპოზიციური დემონსტარციის დროს გამოჩნდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი და სხვა პოლიციელები „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ.

ინტერნეტში ასევე ნახავთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომელთა ქეიფის ფარულად გადაღებულ კადრებს, სადაც პოლიციელები პრეზიდენტზე დაწერილ სიმღერას „მიშა მაგარიას“ მღერიან და ოპოზიციას აგინებენ. არცერთი ასეთი შემთხვევა გამოძიებული არ არის.

პოლიციის შესახებ კანონი ამბობს, რომ „პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა,რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.“

XS
SM
MD
LG