ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრეზიდენტმა სადავო კანონპროექტებს ვეტო დაადო


პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდა განაცხადა, რომ სასამართლოს რეფორმის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ ორ სადავო კანონს ვეტოს დაადებს. დაგეგმილი ცვლილებები გასულ კვირას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტის მიზეზი გახდა.

პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილება ორშაბათს სატელევიზიო ეთერით გაავრცელა.

"გადავწყვიტე, რომ მიღებული კანონპროექტები - უზენაესი სასამართლოს რეფორმისა და იუსტიციის ეროვნული საბჭოს შესახებ - პარლამენტში დავაბრუნო, რაც ნიშნავს, რომ ამ კანონების ამოქმედების წინააღმდეგ ვეტოს გამოვიყენებ," განაცხადა პრეზიდენტმა.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტს მოსახლეობის ნაწილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის სახიფათოდ მიიჩნევს. ცვლილებების პაკეტი ასევე მოიცავდა მესამე კანონს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოების რეორგანიზაციას გულისხმობს. პრეზიდენტი ამ კანონპროექტის დაბლოკვას არ გეგმავს და აპირებს მას ხელი მოაწეროს.

კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას შეეხება, მას მთლიანად მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ აქცევს. მისი პირდაპირი კონტროლის საშუალება ექნება იუსტიციის მინისტრს, რომელიც ასევე გენერალური პროკურორიცაა და რომელსაც მოსამართლეთა დანიშვნის უფლება ექნება. პრეზიდენტი გენერალური პროკურორისთვის ამგვარი ძალაუფლების მინიჭების წინააღმდეგია.

მისი გადაწყვეტილება პირველი ღია დაპირისპირება იყო იაროსლავ კაჩინსკისთან, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერია და ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერადაც მიიჩნევა. თუმცა, მას ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.

პრეზიდენტ ანჯეი დუდას თქმით, პოლონეთს ნამდვილად ძალიან სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა, მაგრამ მას არ მიაჩნია, რომ შემოთავაზებული კანონები მოქალაქეებს სამართლიანობისა და დაცულობის გარანტიას მისცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG