ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარინჯისფერი – საშიში ფერი ქურთუკებისთვის


პოეტი ზვიად რატიანი
პოეტი ზვიად რატიანი

"ეგრე სადაა:
რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,
და რაც ჩემში – თითქმის არასდროს."

ეს ამონარიდი ზვიად რატიანის ლექსიდანაა, პოეტის ნარინჯისფერი ქურთუკით, რომელიც პოლიციამ თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავა, დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავების ოფიციალური ვერსია საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის შეჩერებას ეხება, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

„რატიანი წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო–მასალა. თუმცა, ამ ეტაპზე, არ მიგვაჩნია სწორად საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი,“ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

რამდენად ხშირად ხდება პოლიციის მხრიდან ზედმეტი ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, ხმაურდება თუ არა მსგავსი შემთხვევები – ეს კითხვები რატიანის ამბავმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. „ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს: „პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები მაღალია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მექანიზმები, რაც უნდა არსებობდეს და რეალურად იძიებდეს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე ახდენდეს რეაგირებას დისციპლინური გადაცდომების დროს, ეს ორგანოები არ არის დამოუკიდებელი, ხშირ შემთხვევაში კი არაეფექტურია. შსს–ს წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს პროკურატურა ზერელედ ეკიდება და ნორმალურ გამოძიებას არ აწარმოებს. რაც შეეხება შსს გენერალურ ინსპექციას, ეს არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, წარმოადგენს შიდა კონტროლის მექანიზმს, მაგრამ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ინსტიტუციის შიგნითაც საკმაოდ დაბალია, ვინაიდან გამობმულია პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრზე.“

რაც შეეხება იმას, რამდენად ხშირია პოლიციელთა მხრიდან ძალადობა, ამის თაობაზე გიორგი ტუღუში ამბობს: „პოლიციის მხრიდან ადამიანების წამება და არაადამიაური მოპყრობა სისტემურ ხასიათს არ ატარებს არანაირად, თუმცა იყო შემთხვევები გადამეტებული ძალის გამოყენების, არასათანადო მოპყრობის. არაერთი ბრალდება ისმოდა იმის შესახებ, რომ განხორციელდა ძალადობა დაკავების შემდგომ, გადამეტებული ძალის გამოყენება დაკავების მომენტში და მას შემდეგ, რაც უკვე კონტროლის ქვეშ მოხვდა ადამიანი, იყო ბრალდებები ტრანსპორტირების დროს შეურაცხყოფის მიყენებაზე. ჩვენ გვახსოვს ასევე საეჭვო გარემოებები, როდესაც ადამიანმა თავი მოიკლა და წერილი დატოვა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდა პოლიციელი, გვახსოვს, მიქაუტაძის ფაქტი, არსებობს კვლევები, რომელიც მოწმობს, რომ გამოძიების შედეგები არ დგება.“

ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე რატიანის შემთხვევიდან გამომდინარე პოლიციის მხრიდან ზედმეტი ძალის გამოყენების თაობაზე ამბობს: „მხოლოდ რატიანის მიმართ არ ფიქსირდება მსგავსი დანაშაული პოლიციის მხრიდან. ეს საქმე, უბრალოდ უფრო მეტად გახმაურდა. იყო სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანები აღმოჩნდნენ პოლიციის ზეწოლის ქვეშ. უბრალოდ, ეს მაგალითი კარგად აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც არსებობს შსს–ში და ეს შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლაშიც არ იყო უარყოფილი.“

ის ვიდეოკადრები, რის ჩვენებაც საჯაროდ იუხერხულა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამონტაჟებული სახით აჩვენა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მწერლების, პოეტების, მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივლა.

საჩივრის შეტანას ქარტიის საბჭოს სხდომა მოჰყვა, რომელიც საღამოს 6 საათზე დაინიშნა. "ამერიკის ხმამ" საჩივრის ერთ–ერთი ავტორი და ხელმომწერი, ზვიად რატიანის მეგობარი, მწერალთა კავშირის წარმომადგენელი, მთარგმნელი, რედაქტორი ნინო ბექიშვილი ჩაწერა: „ზვიადი 3-4 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და დაექვემდებარებული არაადამიანურ მოპყრობას. ამ ფაქტის გარდა, პოლიციელების მხრიდან ძალადობის არაერთი შემთხვევაა, რომელსაც არ მიეცა ფართო რეზონანსი, რადგან ადამიანებმა არ იჩივლეს და გადაიხადეს ჯარიმა. ან იჩივლეს, მაგრამ რეზონანსი არ მიეცა, რადგან მათ ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავდათ. ჩვენი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებამ, როდესაც მათ გაასაჯაროვეს კადრები. ამის თაობაზე ჩვენ ქარტიის საბჭოში ვდაობთ.“

ვახუშტი მენაბდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რატიანის დაკავების ვიდეო ჩანაწერის გავრცელებას ასევე უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი „არ ემსახურებოდა არაფერს, გარდა თავად რატიანის დისკრედიტაციისა.“

პოეტს ნარინჯისფერი ქურთუკით - ზვიად რატიანს - ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედება. დროებით დაკავების იზოლატორიდან ის ამჟამად თავისუფალია. მას ხელთ აქვს სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა, სადაც მითითებულია მისი დაზიანებები. მომავალ პროცესებზე მის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG