ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილი ლობისტური ფირმები მანაფორტის საქმეში


დოკუმენტები და პრესაში გამოქვეყნებული მასალები ვაშინგტონის ლობისტური ფირმების განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებენ

ორმა ამერიკულმა ფირმამ, რომელიც პოლ მანაფორტის საბრალდებო დოკუმენტშია ნახსენები, განაცხადა, რომ მანაფორტის საქმიანობის დეტალებთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს. რამდენად გულწრფელნი არიან ისინი?

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ძნელი დასაჯერებელია, ამერიკულ ფირმებს არაფერი სცოდნოდათ უკრაინის ყოფილი მმართველი პარტიისა და ბრიუსელში განთავსებული იმ არაკომერციული ორგანიზაციის კავშირებზე, რომელმაც ისინი დაიქირავა.

საუბარია ორგანიზაციაზე სახელწოდებით "თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრი", რომელიც ბრიუსელში 2012-14 წლებში საქმიანობდა და ევროპის კავშირის ქვეყნებში ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიის" ინტერესებს ატარებდა. ამერიკული ფირმები აღნიშნულ ორგანიზაციას პოლ მანაფორტმა დააკავშირა.

"[ფირმებს] საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია კარგად უნდა შეესწავლათ. მათ უნდა სცოდნოდათ, ვინ იყო მათი ახალი კლიენტი," ამბობს ჯინ ბარდი ვაშინგტონური საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაცია "არნალ გოლდენ გრეგორიდან."

ზემოთხსენებული ფირმები ბრალდებაში მოხსენიებულია, როგორც კომპანია A და კომპანია B. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ამ პირობითი სახელების მიღმა კომპანიები "მერკური ფაბლიქ ეფეარს" და "პოდესტა გრუფი" იმალებიან. "ისინი უნდა დაინტერესებულიყვნენ, ვინ იყო [მათი დამქირავებელი] ორგანიზაციის მენეჯმენტში, აგრეთვე ვინ აფინანსებდა მას," ამბობს ბარდი.

მანაფორტი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას 2016 წელს სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ორშაბათს, შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ მას არა ერთი ბრალი წაუყენა, მათ შორის ის, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის, კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრო-რუსული "რეგიონების პარტიის" ლობისტად, კანონის დარღვევით, რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

ბრალდებაში მანაფორტის ეს საქმიანობა აღწერილია, როგორც ფართო სქემის ნაწილი. მანაფორტის გარდა, ბრალი წაუყენეს მის საქმიან პარტნიორ რიკ გეიტსს. ბრალდებულებს ედავებიან, რომ ისინი ცდილობდნენ, შეერთებულ შტატებში იმ პარტიის ინტერესები გაეტარებინათ, რომელიც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ უკრაინას რუსეთისაკენ მიაქანებდა.

"მერკური ფაბლიქ ეფეარს" და "პოდესტა გრუფი" უარყოფენ, რომ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის სასარგებლოდ განზრახ მუშაობდნენ. ისინი განცხადებაში ამბობენ, რომ ეგონათ, "თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრი" პრო-ევროპული ორგანიზაცია იყო, რომელიც ამერიკისათვის უკრაინის უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.

"პოდესტა გრუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა კიმბერლი ფრიტსმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ ორმა ლობისტურმა ფირმამ "თანამედროვე უკრაინის ევროპულ ცენტრთან" კონტრაქტი მხოლოდ მას შემდეგ გააფორმა, რაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ წერილობით დაადასტურა, რომ მათი საქმიანობა არც პირდაპირ და არც ირიბად არ იმართებოდა უცხო ქვეყნის მთავრობის, ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ. "თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრის" ყოფილმა დირექტორმა ინა კირშმა ეს ინფორმაცია დაადასტურა: "პოდესტა გრუფი" და "მერკური ფაბლიქ ეფეარსი" დავარწმუნეთ, რომ რეგიონების პარტიის, უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტისაგან ფული არასდროს მიგვიღია და რომ ჩვენ კერძო შემოწირულობებით ვარსებობდით."

კირშმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მის ორგანიზაციას ამერიკული ფირმებისათვის ფული არ გადაუხდია. მართლაც, ბრალდების თანახმად, კომპანიებმა A-მ და B-მ 2 მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურება მანაფორტის კიევური კომპანიის ოფშორული ანგარიშიდან მიიღეს.

მაგრამ საკმარისი იყო, ლობისტურ ფირმებს მანაფორტის სახელი გუგლში ჩაეწერათ, რომ მაშინვე მიმხვდარიყვნენ, თუ ვის სასარგებლოდ მუშაობდა ის. "ნიუ იორკ თაიმსი" ჯერ კიდევ 2007 წელს წერდა, რომ მანაფორტი "კულისებში მოქმედი იმპრესარიო" იყო, რომელმაც [მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ] იანუკოვიჩს ხელი მოჰკიდა და უკრაინის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად აქცია.

2012 წლის მარტში ახალი ამბების ყველაზე გავლენიანმა უკრაინულმა ვებ-გვერდმა "უკრაინსკა პრავდამ" "თანამედროვე უკრაინის ევროპული ცენტრის" შესახებ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ორგანიზაციას თავმჯდომარეობდა ლეონიდ კოჟარა, "რეგიონების პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2012 წლის მიწურულს იანუკოვიჩმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში კოჟარამ უარყო, რომ ხსენებულ ორგანიზაციას ოდესმე ხელმძღვანელობდა, თუმცა დაადასტურა, რომ ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოში უხელფასოდ მუშაობდა.

ბრალდების თანახმად, მანაფორტი და გეიტსი შეერთებულ შტატებში 12 ორგანიზაციას, კვიპროსში აგრეთვე 12 ორგანიზაციას და უცხოურ ქვეყნებში კიდევ სამ ორგანიზაციას აკონტროლებდნენ, რომელთა ოფშორულ ანგარიშებზე, საერთო ჯამში, 75 მილიონმა დოლარმა გაიარა. მანაფორტს 18 მილიონი დოლარის, გეიტსს კი სამი მილიონი დოლარის გათეთრება ედება ბრალად.

"პოდესტა გრუფის" დამფუძნებელი ტონი პოდესტა დემოკრატიული პარტიის ძველი შემწირველია. მან თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ტონი პოდესტას ძმა, ჯონ პოდესტა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარეა. ძმებმა პოდესტა გრუფი 1988 წელს დააფუძნეს. ჯონს ამ ორგანიზაციასთან 1990-იანი წლების შემდეგ არ უთანამშრომლია.

"პოდესტა გრუფს" კონტრაქტები აქვს აზერბაიჯანისა და საუდის არაბეთის მთავრობებთან, აგრეთვე წარსულში რუსეთის უმსხვილეს ბანკ, "სბერბანკთანაც" თანამშრომლობდა. ტონი პოდესტასათვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა ის და მეორე ლობისტური ფირმა "მერკურის" წარმომადგენლები ჩვენებების მისაცემად სასამართლოში დაიბარეს.

მასალა ეფუძნება "ამერიკის ხმის" უკრაინული რედაქციის წევრის ტატიანა ვოროჟკოს ჟურნალისტურ გამოძიებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG